„ლამაზი, იდუმალი და მოლოდინში მყოფი მეჩვენა უპატრონოდ დარჩენილი ჩვენი მიწა-წყალი“…

ხატვა და ლექსი ბავშვობიდან უყვარდა. ფოტოები კი პირველად სვანეთში ძმის ფოტოაპარატით გადაიღო. იმდენად მოეწონა, მიხვდა, რომ ეს მისი საქმე იყო… მას შემდეგ საქართველოს იღებს…
ფოტოგამოფენის, „დასაბრუნებელი ტერიტორიების“ იდეა კი ზაფხულში დაიბადა. 4 წლის განმავლობაში აგროვებდა მასალებს,  დიდი რისკის ფასად ოკუპირებულ ტერიტორიებზეც მოახერხა გადასვლა. მისი მიზანია  წიგნის – „გამთლიანებული საქართველოს“ გამოცემა, რომელსაც მსოფლიო გაიცნობს და გაიგებს სიმართლეს საქართველოზე და მის დაკარგულ ტერიტორიებზე… – ვაჩე რაინდელის პერსონა.

15608400_1163780607041444_829796394_o

 – ბავშვობაში მიყვარდა განმარტოება, ბუნებაში სიარული,  ჩემ გარშემო ყველაფერს ვაკვირდებოდი, მიყვარდა ფოთლების შრიალის მოსმენა, ჩიტების გალობა, ფიქრი…  ბევრი რამ მახსოვს, თუნდაც ის, როგორ ვაკეთებდით პატარები ტყეში ქოხებს, მშვილდ-ისრებს.
მიყვარდა ზღაპრების კითხვა გმირებზე, თუმცა მინდოდა უფრო რეალური ამბები წამეკითხა იმ ადამიანებზე და, აქედან გამომდინარე, დავიწყე სათავგადასავლო წიგნების კითხვა.
დავიბადე უბრალო ოჯახში. მამა მხატვარი იყო, დედა მზრუნველი, ცოტა მკაცრიც.
მიყვარდა ხატვა, ლექსების კითხვა – ძირითადად, ბუნებას და პორტრეტებს ვხატავდი შავი ფანქრით.
პირველი ლექსი დაახლოებით 10 წლის ასაკში დავწერე.
სტუდენტობა
– ვსწავლობდი იმჟამინდელ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის განათლების ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე.
 პირველი ფოტოები…
– ბავშვობაში ერთ-ერთ გამოფენაზე მოვხვდი, ძალიან მომეწონა ფირით გადაღებული ფოტოები და გავიფიქრე, მეც მქონოდა აპარატი, რომ ცხოვრებისეული სიუჟეტები დამეფიქსირებინა.
პირველად ფოტოების გადაღება სვანეთში დავიწყე, ჩემი ძმის ფოტოაპარატი ჩამივარდა ხელში და პირველი ალბომი შევქმენი, რომელმაც გაზიარების შემდეგ მეგობრების მოწონება დაიმსახურა. 15608379_1163781167041388_739085947_o
ეს საქმე მომეწონა, ბევრი რამ სხვანაირად დავინახე, აღვიქვი, გავაანალიზე. რაც მთავარია, ჩემეული იყო, რაღაც მსგავსი და სიამოვნებით ვაგრძელებ სხვადასხვა კუთხის გადაღებას საქართველოს მაშტაბით.
– ილია ჭკადუა, იგივე ვაჩე რაინდელი… რაინდელი ალბათ რაინდთან ასოცირდება… ვაჩე?
– გარკვეული დოზით, ალბათ, კი… ეს ფსევდონიმი „რაინდელი“ ჩემში გაუცნობიერად დაიბადა, მეც არ ვიცი… ბოლომდე დღესაც ვერ ვხსნი. ვაჩე კი… „დიდი ღამიდან“ პერსონაჟი გეცოდინებათ… ჯალალედინმა თვალები რომ დასთხარა…
პერსონალური ფოტოგამოფენადასაბრუნებელი ტერიტორიები
– დასაბრუნებელი ტერიტორიების გადაღების იდეა  ამა წლის ზაფხულში დაიბადა, რადგან დღევანდელი საქართველოს ყველა კუთხის, საზღვრებს შიდა ტერიტორიების საკმარისი მასალა დამიგროვდა და გამიჩნდა სურვილი, ოკუპირებული და დაკარგული ტერიტორიები – აფხაზეთი, სამაჩაბლო, ლაზეთი, ტაო, ლორე, ჰერეთი გადამეღო.
გამოფენაზე აფხაზეთსა და შიდა ქართლში გადაღებული ფოტოები, ასევე ტრაპიზონის, ტაოკლარჯეთის, ლორესა და ჰერეთის ფოტომასალები გამოიფინა...
– სულ  წარმოდგენილი იყო 62 ნამუშევარი. დასაბრუნებელ ტერიტორიებში იგულისხმება გადაღებული ციხესიმაგრეები, ეკლესია-მონასტრები, ადგილობრივი მაცხოვრებლები, სოფლები, ხიდები, ქალაქები და გამორჩეული პეიზაჟები, ის ნიშნულები და რეალობა, რაც ქართული ხელით შეიქმნა, სადაც ქართული სული ტრიალებს…15608823_1163779537041551_791805532_o
 4 წელია აგროვებდით ამ მასალებს და მოგზაურობდით. ბუნებრივია, შთაბეჭდილებებიც  დაგიგროვდათ
– დღემდე შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ, დღესაც ვფიქრობ და განვიცდი ნანახს. ყოველ წუთს მოდის და მოდის მეტი ემოცია, როცა ვიხსენებ ჩვენს კუთხეებში გატარებულ ყოველ წუთს და წამს, აფხაზეთში გადამწვარ სახლებს, სადაც ერთ დროს ოჯახები ხარობდნენ, ახლა კი მხოლოდ კედლებიღაა დარჩენილი…
გაგრაში შავი ზღვის სურნელს, სულში რომ შემოდის და სხეულს რომ იზიდავს, მოფარფატე თოლიას, რომელსაც რამდენიმე წამი მივდევდი ზღვის ჰორიზონტზე  და არაფერი მახსოვდა, გარდა უსაზღვრო სიამოვნებისა, რომ მე და თოლია, თითქოს ორივე ზღვის ჰორიზონტზე დაკარგვას ვლამობდით…
რიწის ტბის თავზე, მთებიდან წამოსული ნისლების ლიანდაგს, რომელიც თითქოს ერთგულად ეფინება  ტბას გარშემო და ინახავს, ან დარაჯობს და… უფლის ხელით შექმნილ მთათა წრიულში შემოდგომის ლეგენდები ფერად- ფერად, უთვალავ მოციმციმე წყვილ თვალად იხატებიან.
სამაჩაბლოელი მოხუცის მზერა, რომლის გამოხედვაში ერთიანად ჩანდა უსასრულო ტკივილი და სიბრძნე. ის, თითქოს გხედავდა და თითქოს არა, იმიტაციას ქმნიდა, რომ მას მესამე, უხილავი თვალი ჰქონდა, რომელიც მთელ დედამიწას უყურებდა.
ლაზეთის უძველესი მონასტრის ჩამოფხეკილი ფრესკები და კლდეში აშენებული უზარმაზარი მონასტერი, სოცრად შერწყმული ულამაზეს ბუნებას და ტკივილიანი დაფანტული წლები, იმედად რომ ერთ დღესაც მოვა მისი წარსულის გამგრძელებელი და ფეხზე წამოაყენებს.
ტაოელი ბებოს მზერა და სითბო, ტკივილი და იმედი, – ერთიანად არეკლილი მის თვალებში… თუმც წელში მოხრილი, მაგრამ ჩვენი დანახვისას წელში გაიმართა. 15608475_1163778710374967_1300417065_o
მხარგრძელების აშენებული ეკლესია ლორეში, – ნახევრად წელში გამტყდარი და ფერგაცლილი, რომელსაც გვერდს უმშვენებდა ცარიელი, ფოთოლდაცვენილი ხე… თითქოს  სრული უიმედობა სუფევდა, როგორც ეულად მდგარი, ამაყი მონუმენტი.
ჰერელი ბავშვის საოცარი გამოხედვა…
როგორ შესძელით თუნდაც აფხაზეთში გადასვლა, რომელიც რისკს უკავშირდებოდა? როგორი დაგხვდათ საქართველოს მოწყვეტილი ჩვენი ულამაზესი მხარე?
– აფხაზეთში გადასასვლელად გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვემზადებოდი.
როდესაც გაჩნდა იდეა, გამეკეთებინა გამოფენა – „დასაბრუნებელი ტერიტორიები“ და იდეა ასევე წიგნის გამოცემისა საქართველოზე, ამან მომცა ძალა, რომ ეს რისკიანი ნაბიჯი გადამედგა.
ერთი რამ ვიცი, ეს საკუთარ თავზე გამოვცადე, როცა რაღაც ძალიან გინდა და დრო გადის, სურვილი კი არ გინელდება, აუცილებლად ხდება, ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც და საჭირო ადამიანების თანადგომით, მოვახერხე აფხაზეთში გადასვლა.
იქაურობა ზედმეტად ჩაწყნარებული, უმოძრაო და მიუსაფარი დამხვდა, ხალხი გარინდული, თითქოს ადგილობრივები გაპარულიყვნენ  და მათ ნიადაგზე რაღაც სხვა, მჭამელ ცხოველს მოეკიდა ფეხი.
თუმცა ლამაზი, იდუმალი და მოლოდინში მყოფი მეჩვენა, უპატრონოდ დარჩენილი ჩვენი მიწა-წყალი.  15609421_1163780993708072_851184740_o
 აფხაზეთში, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში .. სარეაბილიტაციო სამუშაობის შედეგად, ძეგლის ავთენტურობა სრულიად დაირღვა. ბედიის ტაძარში კი ბაგრატ მესამის ფრესკაც განადგურებულია
რა მდგომარეობაში დაგხვდათ ქართული ძეგლები?
– ქართულ ტაძრებში ძალიან სავალალო მდგომარეობაა, ბიჭვინთის საკათედრო ტაძარი საკონცერტო დარბაზად არის ქცეული, ტაძარში, მაღლა, გუმბათზე ერთადერთი მაცხოვრის ფრესკაღაა შემონახული, რომელიც თითქოს შეშფოთებული თვალებით იყურება.
ბედიის ტაძარში არანაირი ფრესკა აღარ არის, კედლები სრულიად ჩამოფხეკილია და საერთოდ აღარ ჩანს ფრესკის კვალი.
ტაძარი უმოწყალოდ არის მიტოვებული. სამწუხაროდ, იქ მხოლოდ მწყემსები თუ შედიან და უმშვენიერეს ეზოში საქონელს აძოვებენ.
თითოული ტაძარი მოითხოვს რესტავრაციას. აღმაშფოთებელია ისიც, რომ ტაოში ხახულის მონასტერი ამჟამად მეჩეთად არის ქცეული და, ლაზეთშიც ასევე მოლა აღავლენს გალობას.
 რომელი ძეგლები გადაიღეთ შიდა ქართლში, სამაჩაბლოში?
– სამაჩაბლოში გადავიღე ორკაპას ციხესიმაგრე, ახმაჯში – სათვალთვალო კოშკი, ასევე – დედაღვთისმშობლის სალოცავი. 15609329_1163779970374841_1099971849_o
სამწუხაროდ, სამაჩაბლოში გაცილებით რთული აღმოჩნდა ძეგლებთან ახლოს მისვლა და გადაღება. მდგომარეობა სავალალოა, რადგან ძველი კულტურულ ძეგლებს სასწაროფო რესტავრაცია სჭირდებათ.
 არ შეიძლება, ამ მოგზაურობას საინტერესო თავგადასავლები არ ახლდეს…
– ეს მოგზაურობა მთლიანად საინტერესო,  თავგადასავლებით და შემეცნებით სავსე იყო. სწრაფად მიწევდა სიარული და სამწუხარო რეალობა იყო ის, რომ ეს დრო წამებს ჰგავდა, რათა უფრო მეტად შემეგრძნო ქართული ადგილების არსი და ისტორია.
ლორეში დაგვიღამდა, გზადაგზა მგლებისა და ტურების ხმა საკმაოდ ახლო მანძილიდან გვესმოდა. მობილურის ფანქრის შუქზე ძალიან სწრაფი მანძილით მოვდიოდი… ჩემს მეგობარს შავ ბნელ ღამეში ბუ ღამურად მოეჩვენა და რეზინის მილი – გველად, რასაც როცა ვიხსენებთ, ყოველთვის ვხალისობთ.
სამაჩაბლოში იმდენად დადებითი და იუმორით სავსე ადამიანი გავიცანი, ალბათ არასდროს დამავიწყდება…
თქვენი პორტრეტები რომ ვნახე, წამიერად გურამ თიკანაძის ფოტოები გამახსენდაგანსაკუთრებით შთამბეჭდავია სამაჩაბლოელი კაცის პორტრეტი, ასევე ჰერელი გოგონარას ეტყოდით ამ ადამიანებს?15629016_1163782060374632_1290537092_o
– უღრმესი მადლობა ამ შედარებისთვის. ამ ადამიანებს კი ვეტყოდი, რომ მათი სამშობლო საქართველოა და ისინი არასდროს იქნებიან სტუმრები ქართულ მიწაზე.
 გამოფენასდასაბრუნებელი ტერიტორიებიერქვაის საქველმოქმედო იყო. გაყიდული სურათების საფასურით უნდა გამოიცეს ფოტოკრებული, რომლი იდეაც გამთლიანებული საქართველო იქნება. კრებული მსოფლიო ბიბლიოთეკებს დაეგზავნება
– ჩემი მიზანი, რომელიც ქვეყნის ინტერესს ემსახურება, არის წიგნის – „გამთლიანებული საქართველოს“ გამოცემა. ეს წიგნი მესიჯი იქნება მსოფლიოსადმი, რომ ეს ტერიტორიები, რაც წიგნში ფოტომასალებით მოთავსდება, საქართველოა!
რადგან აქ უძველესი საუკუნეებიდან  ქართველთა ხელით აგებული  ეკლესია-მონასტრები, ციხესიმაგრეები, ხიდები, სოფლები დღესაც კი საუბრობენ ქართულად.
ვფიქრობ, ეს ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ისტორიაში, ფაქტებით ვუჩვენოთ ყველას რეალობა და ვთხოვოთ მსოფლიოს, რომ ეს ტერიტორიები დაუბრუნდეს საქართველოს!
გვიამბეთ ამ პროექტზევინ დაინტერესდა ამ ფოტოალბომის გამოცემით?15658113_1163781687041336_1783742983_o
– სამწუხაროდ, ამ ეტაპზე რეალურად არავინ, არცერთი ორგანიზაცია და  კერძო პირი არ დაინტერესებულა.
პროექტი მოიცავს წიგნის, „გამთლიანებული საქართველოს“ გამოცემას, რომელიც მოიცავს არსებულ საზღვრებში მოქცეულ კუთხეებს და ასევე, დაკარგულ და ოკუპირებულ ტერიტორიებს, რომლებიც ერთ წიგნში უნდა გაერთიანდეს და გამოიცეს სამ ენაზე, რომ მსოფლიოს ყველა მოქალაქისათვის ადვილად გასაგები იყოს.
შემდეგ გაიგზავნოს ყველა ბიბლიოთეკაში, გაეგზავნოს უცხოეთში მცხოვრებ ემიგრანტებს და ყველა იმ პირს, რომელიც შეიძლება იყოს დაინტერესებული ჩვენი ქვეყნით, შეძლებისდაგვარად,  მაქსიმალურად ყველგან გავრცელდეს.
ამისათვის საჭიროა წიგნის ფინანსური მხარდაჭერა და გავრცელება.
მინდა წინასწარ დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საერო და მამულიშვილურ საქმეს გვერდში დაუდგება.

 

 ესაუბრა თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები