„მინდა ჩემს ქალაქს სული დაუბრუნონ“ – ვის ჩუქნის თამარ ლომიძე თავის „ყაყაჩოებს“  

მისი სახლიდან სამების ტაძრის დიდებული ხედი იშლება. ძველ თბილისში  ულამაზესი გალერეის მასპინძელია და სტუმრებს, ძირითადად, ტურისტებს  ქართულ კულტურას აზიარებს.  „ნორ-გე“ ნორვეგიელ მეუღლესთან ერთად შექმნა. სახელწოდებაც ნორვეგია-საქართველოს აღნიშნავს. ამბობს, რომ  სულსა და გულს დებენ ამ ყველაფერში, ყოველი ტურის სცენარი იწერება და რეჟისორებიც და მსახიობებიც თავადვე არიან.
ამ გალერეაში შემოქმედებითი სული ტრიალებს და დრო ისე გადის, ვერც გრძნობს… პოეზია და ფერწერა – ორივე ავსებს და თანაბრად სჭირდება, რომ იარსებოს. „ წლების მატება ვერ შეცვლის იმას, რაც შენი სულის ნაწილია. – პოეტისა და მხატვრის თამარ ლომიძის პერსონა.

1977299_228372120685449_1092671340_n

– საკმარისია, ერთი დღე გავიდეს და ვინმეს ლექსი არ წავიკითხო, ან ვინმეს ფერწერას არ გავეცნო, ის დღე  ჩემთვის დაკარგულია. სხვადასხვა საქმის გადამკიდეს, სამწუხაროდ, ბევრი ასეთი ,,დაკარგული“ დღე მაქვს… შეიძლება გავიდეს ერთი კვირა, ერთი თვე, ვერაფერი შევქმნა თავად (მაქვს ასეთი პერიოდები, განსაკუთრებით, ტურისტული სეზონის დროს), მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმ დროს არ ვხატავ ან არ ვწერ. იმდენი ემოცია მიგროვდება, სხეული მებზარება… სულისთვის საზრდო კი იმდენია ჩვენს ქვეყანაში, სად წაიღო, არ იცი. პოეზია და ფერწერა ჩემთვის ჰაერი და წყალია, ვერცერთის გარეშე ვერ ვიარსებებ. ორივე თანაბრად მჭირდება, რომ ვიარსებო.
– ჩვენი პირველი ინტერვიუს მერე ძველ თბილისში საკუთარი გალერეა გახსენით… შეიძლება ითქვას, რომ ერთი ულამაზესი პეიზაჟი თქვენი სახლიდან გადასახედია… როგორია  განწყობა გალერეაში?
ეს გალერეა ჩემი სამოთხეა. ვერ წარმომიდგენია, სად შეიძლება გავატარო დღის უმეტესი ნაწილი ისე, რომ არ დავიღალო, არ მომბეზრდეს… აქ დრო ისე გადის მუშაობაში, ვერ ვგრძნობ. ეს კედლები, ხედები ჩემთვის და ჩემი შემოქმედებისთვის სიმყუდროვის, თავისუფლად სუნთქვის, ფიქრის, სილამაზესთან ზიარების გარანტიაა. სული მევსება ამ ყველაფრით. ძველ თბილისში ცხოვრება ყოველთვის იყო ჩემი ოცნება, მაგრამ უფალი თუ ამხელა საჩუქარს გაიმეტებდა ჩემთვის, ვერ წარმომედგინა. სეზონის დროს გალერეაში უამრავი ტურისტი შემოდის. მოსწონთ აქაურობა, ნამუშევრებს იძენენ, აღფრთოვანებულები მიდიან. შთაბეჭდილებების წიგნი სავსეა საოცარი სიტყვებით. რასაკვირველია, ძალიან მიხარია.
– გალერეას ყოველ წელს უამრავი უცხოელი ტურისტი აკითხავს… მათ ძალიან მოსწონთ ეს ადგილი და თამარ ლომიძის ნახატებიც… 11698959_807685542679043_4991996534060274073_o
– ტურისტი, სანამ გალერეაში შემოდის, უპირველეს ყოვლისა, ინტერესდება სახლით. ჩვენი სახლი ხომ ძალიან ძველი, თითქმის 250 წლისაა, ნარიყალას ქვებით, კვერცხით აშენებული. კულტურული ძეგლია. აქედან ულამაზესი ხედები იშლება. შემოდის ტურისტი და გაოგნებული რჩება ამ სიძველით.
რემონტის დროს ჩვენ მაქსიმალურად გამოვაჩინეთ სიძველე. კედლებზე აღმოჩენილი ნახატები, ძველი კედრის „კარნიზები“, ძველი აგურები… ამ ყველაფერს ჰარმონიულად შეერწყა ჩვენი ჩანაფიქრი. – ქოლგის, კაბის ჭაღები, ჭრელი ფარდები, ტრავერტილით გაფორმებული აბაზანა… გუგა კოტეტიშვილთან ვთანამშრომლობდით, რჩევებს გვაძლევდა გუგა და მადლობელი ვარ მისი. ასეთი ხედი კი მხოლოდ აქედან იშლება ლეღვთახევზე. ჩანჩქერს რომ ხედავენ, აღტაცებულები რჩებიან. იღებენ ფოტოებს. ზოგი საათობით ზის და გვესაუბრება. წასვლა არ უნდა. რასაკვირველია, კარგია ეს კონტაქტებისთვის, ტურისტული საქმიანობისთვის. მოსწონთ ეს სიმყუდროვე, წყნარი მუსიკა და თბილი დამოკიდებულება. სასიამოვნო აურაა ნამდვილად.
მეუღლე  სვენ ვოგესთან ერთად ტურისტული კომპანია „კულტურული მოგზაურობა საქართველოში“ ჩამოაყალიბეთ და ნამდვილ საქართველოს აცნობთ უცხოელებს. ალბათ ახალი კარგი გეგმები გაქვთ  ტურისტების მოსაზიდად?422360_353298024699029_183985152_n
– სვენს ძალიან უყვარს ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ. 20 წლით უკან რომ დაბრუნდეს დრო, ყველაფერს ისევ ისე გავაკეთებდი, როგორც აქამდე ვაკეთებდიო, – ამბობს. ევროპელია, ხანდახან დიდი ძალისხმევა მჭირდება, რომ გადაწყვეტილება მივაღებინო, მაგრამ მთლიანობაში ყოველთვის ვითვალისწინებთ ერთმანეთის რჩევებს. ტურისტული კომპანიის და გალერეის დაფუძნება ჩემი იდეა იყო. სახელიც მე შევურჩიე ,,კულტურული მოგზაურობა საქართველოში“.
ჩვენ გვიყვარს ქართული კულტურა. ვსაქმიანობთ ამ სფეროში. სვენი შესანიშნავად მღერის ქართულ ხალხურ სიმღერებს და ტურისტებსაც სიყვარულით გადავცემთ, ვაცნობთ ამ ყველაფერს.
შეხვედრებს ვაწყობთ ქართული კულტურის წარმომადგენლებთან, სემინარებს ვატარებთ. არცერთი ტურისტი არ წასულა ჩვენგან ისე, რომ არ ეთქვას, მსგავსი ტური ჯერ არ გვქონიაო… გვიხარია და ვამაყობთ ამით. მართალია, ბევრი ჯგუფის მომსახურებას ვერ ვახერხებთ დროის სიმცირის (სეზონის დროსაა მხოლოდ) გამო, მაგრამ ის ცოტა იმდენად ხარისხიანია, რომ ვკმაყოფილდებით. ზოგი ისეთი აღფრთოვანებული წასულა, მეორედ და მესამედაც ჩამოსულა. ამ პატარა, დალოცვილ ქვეყანაში კი იმდენი რამაა სანახავი და გასაცნობი, მთელი სიცოცხლე არ გეყოფა. სეზონი გადის და დანარჩენ დროს სხვა საქმეს ვუთმობთ დროს. ვხატავთ, ვწერთ, ვმღერით, დავდივართ რეგიონებში, ახალ ტურებზე ვფიქრობთ.
– სვენის ნათლია გიორგი უშიკიშვილია. ქართულ-ნორვეგიული ანსამბლი „გიორგი“ ჩამოაყალიბა… 10434143_321957751334583_5748614261832792504_n
– ანსამბლი ამჯერად ოთხი წევრისგან შედგება. ირაკლი ჩოლოყაშვილი ახალი წევრია. მნიშვნელოვანი სიახლე ანსამბლს არ აქვს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ პერიოდულად კონცერტებს მართავს ნორვეგიაში. 2018 წელს ოსლოში გამოფენა მაქვს და იქ აუცილებლად იქნება ანსამბლი ,,გიორგი“. ასევე ჩემი შვილი ლუკაც, რომელიც მალე დაამშვენებს ანსამბლსაც და, საერთოდ, ჩვენს საქმიანობასაც.
– ლუკაც მღერის…  რა უყვარს სიმღერის გარდა?
– ლუკა შესანიშნავ ანსამბლში მღერის. ,,ერქვანი“ ერთ-ერთი საუკეთესო ანსამბლია საქართველოში. ისეთი პედაგოგი ჰყავთ, სხვანაირად არც შეიძლებოდა. ამას წინათ, საიუბილეო კონცერტი ჰქონდათ კონსერვატორიაში. გაოგნებულები დავრჩით. სასწაული კონცერტი იყო. ანსამბლი მრავალ კონკურსშია გამარჯვებული და დარწმუნებული ვარ, კიდევ მეტს მიაღწევს. ლუკას ძალიან უყვარს სიმღერა და ბედნიერია, როცა მამასთან ერთად მღერის.  არ ვიცი, რა საგანი უყვარს გამორჩეულად, ყველაფერს ერთნაირად სწავლობს. ენებს კი ნამდვილად ადვილად ითვისებს.
– ადრე მითხარით, რომ ჯერ შვილებია მთავარი და მერე  შემოქმედებაო… შვილებმა გაგიმართლეს…10845736_598438456969205_7862049345652207997_o
– მართალია. მე დედა ვარ და, რასაკვირველია, ეს უდიდესი პასუხიმგებლობაა. მაქსიმალურს ვაკეთებ შვილებისთვის, თუმცა მაინც არ ვარ კმაყოფილი. მუდამ მგონია, რომ ყურადღებას ვაკლებ. არ მინდა ჩემი შემოქმედება მათ თავზე მოვახვიო, მაგრამ რა ვქნა, მაინც მიწევს. როცა ნახატზე ან ლექსზე ვფიქრობ, საშინლად დაბნეული ვარ, უბრალოდ, აქ არ ვარ, ძალიან მიჭირს ასეთ დროს ყოფითი საქმეების მოგვარება. დიდი ძალისხმევის ფასად მიწევს მიწაზე ,,დანარცხება“, ნერვების მოთოკვა… ჩემი შვილები ჩემთვის ყველაფერია და მუდამ ვამაყობ მათი წარმატებებით.
უფროსმა ვაჟიშვილმა, შოთიკომ, წარჩინებით დაამთავრა ლიცეუმი, უნივერსიტეტი. წელს ამერიკაში, დარდენის უნივერსიტეტში ჩაირიცხა და იქ აგრძელებს ახლა სწავლას. მეუღლესთან, უსაყვარლეს და ულამაზეს ნინისთან ერთადაა და ბედნიერი ვარ მათი სიყვარულით.  მიზანდასახულები, ნიჭიერები არიან. რაც მთავარია, ყოველთვის უნდათ, სამშობლო ასახელონ. საქართველოს წინაშე უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობენ. 10498081_731752043559193_7941841329188585130_o
ჩემი ლუკაც კარგად სწავლობს. მასში ნორვეგიულ-ქართული სისხლი ჩქეფს და ეს ყოველთვის იგრძნობა. ძალიან კეთილი და ჭკვიანია, ვნახოთ, როგორ ივაჟკაცებს. ახლა მოზარდია და ხასიათების ცვალებადობა არაა გასაკვირი.  დარწმუნებული ვარ, უფროსი ძმა მისთვის საუკეთესო მაგალითია. მჯერა, რომ ლუკაც გამიმართლებს.
–  ცხოვრების დაგეგმვა არ გიყვართ… ორი წლის წინ 12 თვე დახატეთ და კალენდარი გამოეცით… ახლა რა ჩაიფიქრეთ?
– მიუხედავად იმისა, რომ ევროპელის გვერდით მიწევს ცხოვრება, ვინც ყოველთვის ყველაფერს გეგმავს, მე დაგეგმილი არაფერი მაქვს, თუ არ ჩავთვლით ჩვენს საერთო საქმეს. აზრი არ აქვს და იმიტომ. შეიძლება გავიღვიძო და სრულიად ახალ რაღაცაზე დავიწყო მუშაობა. ბევრი ახალი ნახატი და ლექსი მიმიტოვებია, ახალი დამიწყია, მერე მივბრუნებივარ, ზოგჯერ მომწონებია, თუ აღარ მომწონებია, გამიფუჭებია, გამინადგურებია. რა ვიცი, ეს შემოქმედებითი  ცხოვრებაა. რაღაცა თუ შემიჩნდა, იდეა ან აზრი, მომკლავს, სანამ ლექსად ან ნახატად არ ვაქცევ, სულ დამტრიალებს და მოსვენებას არ მაძლევს.
ახლა ძალიან მინდა უცნაური კალენდარი გამოვცე – ,,დაბადებიდან დაბადებამდე“. კალენდარი დაიწყოს მაისიდან და დამთავრდეს მაისში. ავარჩევ 13 ნახატს და გავაფორმებ ჩემი ნახატებით. ამაზე ფიქრი და მუშაობა უკვე დავიწყე.
– ბორჯომის რაიონში, მამაპაპისეულ სახლში გიყვართ ჩასვლა…1597117_882341028546827_3767666909111402285_o
– ამჯერად უამრავი დრო და სახსარი სწორედ სოფელში მამაპაპისეული სახლის აღდგენას ხმარდება. ვღებავ, ვაჭედებ, მუშებთან ერთად ვმსჯელობ, ვზომავ და ვწონი ყველაფერს. ინჟინერ-არქიტექტორ-დიზაინერობას ვუთმობ უამრავ დროს. ამდენი ბინის ცვლამ და რემონტმა გარკვეული გამოცდილებაც დამიგროვა. ძალიან მინდა ჩემი საყვარელი წინაპრების სახლი აღვადგინო, იქაც ისეთივე მყუდრო გარემო შევქმნა, როგორიც ჩვენთან, გალერეაში. ბოლოს და ბოლოს, მე და სვენი ხომ იქ ვაპირებთ სიბერეში ყოფნას… ვნახოთ, რას და როგორ შევძლებ.
– უფრო ხშირად რომელ საღებავს იყენებთ?
– ხატვით ერთდროულად ბევრ რამეს ვხატავ. უბედურება ისაა, მუდამ უკმაყოფილო ვარ საკუთარი საქმიანობით, ამიტომ არასდროს ვცდილობ, ზედმეტად თავზე მოვახვიო ვინმეს ჩემი შემოქმედება. სულ რაღაცას ვეძებ, არ მაკმაყოფილებს ერთი და იგივე ტექნიკა, მანერა, ერთი სტილი. მუდმივად უნდა მქონდეს ყველანაირი საღებავი, არასდროს ვიცი, როდის რისი ხატვის ხასიათზე ვიქნები და იმიტომ.
როცა რაღაც პერიოდის მანძილზე ზეთში ვხატავ, სიგიჟემდე მომენატრება ხოლმე აკვარელში მუშაობა (ეს ჩემი საყვარელი მასწავლებლის, ლალი ზამბახიძის დამსახურებაა. მან შემაყვარა აკვარელში ხატვა ასე ძალიან). ამ ბოლო ხანებში აკრილში მომეწონა ხატვა. მოკლედ, ყველაფერში მუშაობა მიყვარს, მთავარია, გამოვიდეს რამე.
– პოეზიაში?535818_416608568373124_618707012_n
– პოეზიაშიც ვერ ვიტან მარტო რითმიან ლექსებს. შეიძლება სათქმელი მაწუხებდეს და მინდა გავშალო თავისუფლად, რითმების გამო რატომ უნდა წავიდე სხვაგან… სხვა მიმართულებით ბევრჯერ წავუყვანივარ რითმას, ახლა ასე არაფრით მოვიქცევი. მირჩევნია, თავისუფლად ვწერო. ვის როგორ მოეწონება, არ ვიცი, მაგრამ, ასე მირჩევნია. ჟურნალ-გაზეთებში არ ვაქვეყნებ, ზოგადად არ ვარ ,,აქტიური პოეტი“… თუმცა 4 პოეტური კრებული კი მაქვს და რამდენიმე კონკურსშიც გავიმარჯვე, მაინც ვცდილობ, ნაკლებად გავმოვჩნდე… ხანდახან თუ მეგობრებს გავაცნობ ხოლმე სოციალური ქსელის მეშვეობით. უფრო ჩემთვის ვწერ, მეწერება და რაც მეწერება, იმას ფერები არ ყოფნის… რაც მეხატებ, იმას – სიტყვები…. ასე რომ, ორივე ითხოვს ყურადღებას.
– „შოთაობის“, „ხვარამზეობის“ კონკურსებში გაიმარჯვეთ და თანხა ქველმოქმედებას მოახმარეთ… ყველამ იცის, რომ თამარ ლომიძე ქველმოქმედი ხელოვანია…
სიკეთე და ქველმოქმედება არ უნდა გვიკვირდეს. ვისაც როგორ შეუძლია, ისე უნდა დაეხმაროს მოყვასს. როცა ვინმეს უჭირს და ვერ ვეხმარები, ერთიანად ვიშლები, არაფერი მიხარია, ძალიან განვიცდი. თუ ფულით ვერა, ნახატით მაინც მინდა დავეხმარო. უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, როცა მეტყვიან ხოლმე: „შენი ნახატი გაიყიდა და ერთ ოჯახს შეშა ვუყიდეთ, გათბებიან ზამთარში, ჯანმრთელობას ან სახლის აშენებას… მოხმარდაო. რა ვიცი, ამას ვერ ავხსნი, მიხარია ხოლმე. ამით არაფერი მაკლდება, თუ არ მემატება. უკეთესს დამახატვინებს ღმერთი. მთავარია, მასალა და ჯანმრთელობა მქონდეს. 737359_188348821309969_70185839_o
ოღონდ ერთ რამეს ვერ ვიტან, როცა ვიღაც ვალდებულად მთვლის და მხოლოდ მაშინ ვახსენდები, როცა ვჭირდები, ეს საშინლად მაღიზიანებს. უახლოეს მეგობარსაც არ ვაპატიებ ამას. მე ასე მწამს, პოეზიის კონკურსებში აღებული თანხა იმდენად დიდი საჩუქარია, უფლისგან გამოგზავნილი მგონია, ისევ ქველმოქმედებას მინდა მოვახმარო. „შოთაობაზე“ აღებული ერთ-ერთი პრემია ასპინძაში ,,რუსთველის სახლს“ მოხმარდება და ეს ძალიან მიხარია.
– პოეზიის უამრავი საღამო ტარდება თბილისში. მეხუთე პოეტური კრებულის გამოცემას ხომ არ აპირებთ?
დიდი აქტიურობით არასდროს გამოვირჩეოდი. არ მიყვარს ხშირი საღამოები, წარამარა წიგნების გამოცემა, გამოფენები. თუმცა მეგობრების შემოძახილს ხშირად გამოვუფხიზლებივარ და მათი დამსახურებით, მეც ავმოქმედებულვარ (უდიდესი მადლობა უნდა ვუთხრა მათ), მაგრამ ზოგადად, უნდა ვთქვა, რომ კარჩაკეტილი ხელოვანი ვარ. ამას ბევრი რამ განაპირობებს. არ მომწონს ხელოვანთა, განსაკუთრებით პოეტების დაჯგუფებები. ერთმანეთის ლანძღვა, პირში ქება, უაზრო დითირამბები, სიყალბე საღამოებზე. საერთოდ, საზოგადოებას გავურბივარ. 12239912_864027293711534_5510319219399167862_n
ზოგს იმხელა წარმოდგენა აქვს თავის თავზე, საკუთარ შემოქმედებაზე, გაოგნდები. არადა, არაფერია ღირებული. პიარი კი იცოცხლე, შესანიშნავად ეხერხებათ.
დღევანდელ საზოგადოებას საშინელი ამბიციები აწუხებს. იმ დროს, რა დროსაც პიარს უთმობენ, ჯობია, განვითარებას მოახმარონ, მაგრამ… ეს ყველაფერი ძალიან მთრგუნავს. ხალხი ვერ იტანს რჩევას, სამართლიან კრიტიკას, თუ რამ არ მოსწონთ ჩემში, ჩემს შემოქმედებაში, მირჩევნია, მითხრან, მიმითითონ, არაფერს მარგებს უაზრო ქება-დიდება. მე ასე ვფიქრობ,  ყალბი არაფერი მინდა. ახალი კრებულის გამოცემას ჯერ არ ვაპირებ. მინდა მეხეთე კრებულში მხოლოდ ახალი ლექსები შევიტანო. ამიტომ, მოვიცდი. ჯერჯერობით კალენდარზე ვიმუშავებ.
თბილისი… როგორს ისურვებდით?
– თბილისი ისეა დამახინჯებული, ისეთი საშინელი შენობები ჩადგეს და ისე დააუშნოვეს ეს საოცარი ქალაქი, გაოგნებული ვარ. რას ერჩოდნენ, ვერ გავიგე. აღარც ვიცი, ამას საერთოდ რამე თუ ეშველება. როსკიპ დედაკაცს დაამსგავსეს ეს ულამაზესი, უთბილესი ქალაქი. მინდა ჩემს ქალაქს სული დაუბრუნონ. ის სული დაუბრუნონ, ძველ უბნებში რომ დავდივარ და ნამცეც-ნამცეც ვაგროვებ ,,ჩამომჭკნარ ბებო-სახლებში“ და ურთიერთობებში… ძალიან განვიცდი თბილისის ,,გაუცხოებას“. მხოლოდ ღამით მომწონს და ახლა ვხატავ კიდეც ღამის თბილისს.
– ყველაზე დასამახსოვრებელი დღე…10887118_598963733583344_8124003009955360223_o
– უფლის წყალობით ბევრია ასეთი დღე და ვერც ერთს ვერ გამოვყოფ. ყველას თავისი მნიშვნელობა აქვს და იმიტომ. საოცარია შვილების დაბადების, საკუთარი ბედნიერების დღეები… ჩემი საყვარელი ბებიის სიკვდილის დღეს რა დამავიწყებს. მე ხომ მაშინ ყველაზე დიდი მეგობარი დავკარგე. რა დამავიწყებს 9 აპრილს, 8 აგვისტოს… 14 დეკემბერს, როცა ჩვენი გალერეა გაიხსნა და მუშაობას შეუდგა.
– ვინ არიან შენი გალერეა „ნორ-გეს“ სტუმრები?
– ჩვენს გალერეას ჰქვია ,,ნორ-გე“, ე. ი. ნორვეგია-საქართველო. მიზანი ამ ორი ქვეყნის კულტურული ურთიერთობებია, ფაქტობრივად, შეხვედრის ადგილია,  სადაც ერთმანეთს ვაცნობთ ჩვენს კულტურას. ჩვენთან ჩამოდიან ნორვეგიელი მსახიობები, რეჟისორები, ფოლკლორისტები, მომღერლები, მოცეკვავეები, გვაცნობენ თავიანთ შემოქმედებას, ვეხმარებით კონცერტების გამართვაში. ვუთარგმნით, თუ რამე სჭირდებათ. ვაცნობთ ჩვენსას და შთაბეჭდილებებით სავსეს ვუშვებთ. ჩვენი ტურისტული საქმიანობა არაა მხოლოდ ჩვეულებრივი ტურისტული საქმიანობა, აიყვანო გიდი, მოატარო ტაძრები, მუზეუმები, უამბო დაზეპირებული ტექსტი…12294865_1512249899103688_2369068779421830957_n
ჩვენ სულსა და გულს ვდებთ ამ ყველაფერში, ფაქტობრივად, ყოველი ტურის სცენარს ვწერთ და რეჟისორებიც და მსახიობებიც ვართ. ვმონაწილეობთ  მთელი ენთუზიაზმით. ეს ურთიერთობები ძალიან ნაყოფიერია, მათ კიდევ სხვები ჩამოჰყავთ და მუდმივად ველოდებით საინტერესო ადამიანებთან შეხვედრას.
– ოცნება?..
– ჩემი ოცნება ჩემი ქვეყნის კეთილდღეობა და ბედნიერი მომავალია. მინდა გარშემო რაც შეიძლება მრავალი დალხენილი ადამიანი მყავდეს, ბევრი დადებითი ემოცია მოდიოდეს ყველასგან. ბევრ რამეზე იოცნებებ ადამიანი, მაგრამ როცა სამშობლოს, შენს ხალხს უჭირს, რა უნდა გიხაროდეს?
– ნორვეგიაში ხელოვანი ხალხის სოფლებია შექმნილი… თქვენი სურვილია, რომ მიტოვებულ სოფლებში მწერლები დასახლდნენ… რას ურჩევდით მთავრობას?
– ძალიან მომწონს ,,ხელოვანთა სოფლები“… მართლაც რომ შესანიშნავია. მთავრობას მართლა ვურჩევდი, დააინტერესოს… ხელოვანი ხალხი, დაუბრუნდნენ მშობლიურ კუთხეს. წარმოიდგინეთ, რა ბედნიერება იქნებოდა: იქაურობასაც მიხედავდნენ, შემოსავალი თუ ექნებოდათ, უფრო განვითარდებოდა, ერთმანეთის სოფლებში ივლიდნენ, გაეცნობოდნენ ერთმანეთის შემოქმედებას, მოაწყობდნენ საღამოებს, გამოფენებს, თავს მოიწონებდნენ საკუთარი  მასპინძლობით. ყველა დაბრუნდებოდა, თუ მთავრობა დააინტერესებდა მათ.  11080692_756135107834087_4871505219551985191_o
– რუსთაველის და გალაკტიონის საიუბილეო წელია… თუ გრძნობთ ამ თარიღებს?
– მთავრობის მხრიდან ვერაფერი ვიგრძენი, დამთავრდა უკვე, მიიწურა წელი, ისევ ხალხი თუ ცდილობდა საკუთარი სახსრებით დიდი რუსთველისა და გალაკტიონის გახსენებას, პატივის მიგებას. საერთოდ, არ მესმის, რუსთაველი გყავდეს, მისი საიუბილეო წელი იყოს, სხვა, უკეთესი რა უნდა იზეიმო. როცა ასეთ რამეს ვხედავ, სერიოზული დეპრესია მემართება და არავისთან ურთიერთობა არ მინდება.…ვთვლი, რომ ქვეყანა, მისი კულტურული ცხოვრება უკან და უკან მიდის.
– რა არის დღევანდელი სახელოვნებო სივრცის უმთავრესი პრობლემა?
–  პრობლემაა ის, რომ უფრო ნაკლებ დროს ვუთმობთ განვითარებას, ვიდრე  საკუთარი შემოქმედების გამომზეურებას. ასეთი შეგრძნება მაქვს, საქართველოში ყველა მეორე ლექსს წერს და ხატავს, ყველას თავი გენიოსი ჰგონია იმიტომ, რომ საკუთარმა წრემ, ნათესაობამ უთხრა ასე. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ,,გენიოსთა“ ცვენაა საქართველოში-მეთქი, ვხუმრობ ხოლმე. არ ვიცი, ამას რა ეშველება. ალბათ დრომ უნდა უმკურნალოს, დაილექება, რაც დასალექია, ბოლოს და ბოლოს…
– ყაყაჩო…389_266435363470733_1229919326_n
– ყაყაჩო ჩემი საყვარელი ყვავილია, ერთადერთია, რისი დახატვაც არასდროს მბეზრდება. თუ ვინმეს ყაყაჩოებიან ნახატს ვჩუქნი, ე.ი. ძალიან მიყვარს და ამ საჩუქარში ყველაფერს ვდებ. სიყვარულის ჩუქებასავით გამომდის. ახალი ნამუშევრები, რასაკვირველია, მაქვს.

ესაუბრა თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

13528353_1132028573486007_5963780459182085898_o

14206043_1181521035203427_6955379961484946222_o

12309534_1012695965419269_8042283717642373676_o

12184972_999959556692910_7497552308730577773_o

394964_521055284583342_1251305967_n

13063124_1090926837596181_6558902793154147101_o

302770_311905375590398_658779463_n

 

321396_521055371250000_1096208408_n

148757_521055041250033_1789287713_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები