„გვერდით იდეალური ადამიანი მყავს“ – თათა ჯაშის წარმატების საიდუმლო
ცეკვა ბავშვობიდან უყვარდა. 8 წლის იყო, დედამ გამოცდაზე რომ წაიყვანა. 9 წლის ასაკში უკვე სერიოზული ჯილდოს მფლობელი გახდა. შემდეგ იყო გერმანია, სადაც წარმატებას წარმატება მოჰყვა. ქართველი ბალერინის ცეკვამ თავად ანგელა მერკელი მოხიბლა… ამბობს, რომ მისი წარმატების საიდუმლო მხოლოდ თავდაუზოგავი შრომაა. ამიტომაც იყო, რომ ტრავმის შემდეგ ისევ შეძლო და ცეკვას დაუბრუნდა და დღეს კვლავ იმ საქმეს ემსახურება, რაც ძალიან უყვარს. – თათა ჯაშის პერსონა.
– საბედნიეროდ, გავიზარდე თბილ, მოსიყვარულე ოჯახში. დედა პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა, მეც მის გზას გავყევი. მამა ეკონომისტი. ჩემი დაიკო კი იურისტია სამოქალაქო სამართლის განხრით. ანსამბლ „როკვის“ სოლისტი იყო. მაგრამ ვინაიდან ჩვენს ოჯახში განათლებას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, დროის უქონლობის გამო, არჩია ცეკვისთვის თავი დაენებებინა.
– 9 წლის ასაკში „ჭაბუკიანი–ბალანჩინის” პრიზი გადმოგეცათ… ელოდით ასეთ წარმატებას?
– მაშინ იმდენად პატარა ვიყავი, სიმართლე გითხრათ, ვერც გავაცნობიერე, რამხელა პატივი მხვდა წილად. დიპლომი თვით განუმეორებელმა ბალერინამ, ვერა წიგნაძემ გადმომცა. ეს ალბათ პირველი დიდი ბიძგი იყო ჩემს საბალეტო კარიერაში.
– სკოლა თბილისში დაამთავრეთ და გერმანიაში გაემგზავრეთ… უკვე წარმატებული ბალერინა იყავით… რა მოგცათ იქ გატარებულმა წლებმა?
– გერმანიაში, კერძოდ, ბერლინში 5 წელი დავყავი. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, დატვირთული, სტრესული და ასევე სასიამოვნო პერიოდი. როგორც მოცეკვავემ, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ბალეტის გარდა ვეზიარე მოდერნის და „კონტემპის“ ხელოვნებას, ასევე იმპროვიზაციის არსს. პიროვნულადაც, გერმანიიდან ბევრად უფრო ძლიერი და ჩამოყალიბებული დავბრუნდი.
– ყველამ იცის ანგელა მერკელთან ურთიერთობის შესახებ… გერმანელებს ბალეტით ალბათ ვერავინ გააკვირვებს. მაინც რით მოიხიბლა?
– დაზუსტებით ვერ გეტყვით, რამ მოხიბლა ანგელა მერკელი ჩემს შესრულებაში. ბალეტის მხრივ გერმანია საკმაოდ კონკურენტუნარიანია. მით უმეტეს, როცა პატარა ქვეყნიდან ხარ ჩასული, სამწუხაროდ, თავის დამკვიდრება უფრო რთულია. ამიტომ მეც სასიამოვნოდ გაოცებული ვიყავი, როცა მისი მოწონება დავიმსახურე.
– რა არის თათა ჯაშის – ბალერინის წარმატების საიდუმლო?
– საიდუმლო არ არის, ეს უფრო ბალეტში არსებული რეალობაა. ძალიან ბევრი შრომაა საჭირო. შრომა მაშინაც, როცა სხვები ეცემიან და შენც გრძნობ, რომ დანებების ზღვარზე ხარ. სწორედ მაგ დროს ვლინდება, ვინ არის ნამდვილი პროფესიონალი. არტისტული და ტექნიკურად სრულყოფილი ბევრია, მთავარია, იმდენი მოთმინება და ფიზიკური ძალა გქონდეს, რომ ეს ყველაფერი სწორად გამოიყენო.
– ბავშვობაში ბალერინობაზე ყველას გვიოცნებია… საბოლოო გადაწყვეტილება, ბალერინა რომ გამოსულიყავით, დეიდამ – ლიკა ყაზბეგმა ხომ არ განაპირობა?
– არა, დეიდა, მგონი, უფრო მოდელის ამპლუაში მხედავდა. ძალიან რთულია, ბავშვი ამ დიდი შრომისთვის გაიმეტო. მაგრამ მე ცეკვა ბავშვობიდან მიყვარდა და ბალეტზეც ასე მოვხვდი, ზოგადად, ჭაბუკიანში 10-11 წლის ასაკიდან იღებდნენ ბავშვებს, მე 8 წლის ვიყავი, დედამ გამოცდაზე გამიყვანა, ასე რომ, ვგიჟდებოდი ცეკვაზე, ჩემი შესაძლებლობები აინტერესებდა ბატონ გოგი ალექსიძეს, რომელიც კომისიის თავმჯდომარე იყო, მოვეწონე და ჩავირიცხე, ბრწყინვალე პედაგოგის, ნატალია დიღმელაშვილის კლასში.
– რომელია საყვარელი ცეკვა? რომელი ცეკვა არ მოგბეზრდებათ მთელი ცხოვრება?
– ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ცეკვაა „მომაკვდავი გედის ვარიაცია“, სწორედ ეს შევასრულე პირველად ბერლინის სამთავრობო ღონისძიებაზე სასახლე ბელევიუში. არის რიგი ბალეტებისა, რომლებსაც მუდამ სიამოვნებით შევასრულებდი. ზოგადად, სცენაზე დგომა არ მომბეზრდება ალბათ არასდროს.
– ამბავი, რომელსაც კურიოზად მიიჩნევთ…
– არ ვიცი, ეს კურიოზია თუ სასაცილო რეალობა, მაგრამ ორწლინახევრის რომ ვიყავი, მაშინ მითქვამს, „ბალელინა“ უნდა გამოვიდე-მეთქი, მაგ დროს კი ვიზუალურად ისეთი მრგვალი ვიყავი, მამა ძიუდოზე ფიქრობდა ჩემს მიყვანას!!! ეგონა, მის გზას გავაგრძელებდი.
– ცეკვასთან 4-წლიანი განშორების შემდეგ ისევ დაუბრუნდით საცეკვაო არენას…
– როცა ვარჯიშს დავუბრუნდი, არ მქონია იმის ამბიცია, ცეკვას დავბრუნებოდი. ეს იმდენად არარეალურად მესახებოდა, ვფიქრობდი, რომ ჰობის დონეზე გავაგრძელებდი მსუბუქად ვარჯიშს. მაგრამ ამ პროცესმა ძალიან ჩამითრია და ხელახლა გამახსენა ყველა ჩემი შესრულებული როლი. შეიძლება ითქვას, თავიდან მოვიწამლე ამ სფეროს სიყვარულით.
ვერ გეტყვით, რომ მარტივი გზა გავიარე, რადგან უნდა გამეაზრებინა ის ფაქტი, რომ წარსულში სოლისტი, ამხელა პაუზის მერე ეგრევე სოლისტი ვერ გავხდებოდი, ბევრი უკვე განვლილი საფეხური ახლიდან უნდა გადამელახა. ასევე სხეულის თითქმის ყველა კუნთის აუტანელი ტკივილი უნდა დამეძლია, რადგან ამდენი ხნის მერე ჩემი ორგანიზმი ახლიდან ეგუებოდა ბალეტს. თუმცა თამამად ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს ახლიდან დასაძლევი, დღეს კვლავ ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მიყვარს.
– ქართული საბალერინო სკოლის პრობლემები…
– არა მარტო ქართული, ალბათ ყველა ბალეტის მოცეკვავე ბავშვს აქვს ისეთი პრობლემები, როგორიცაა დროის მუდმივი უქონლობა. ბავშვობაში, როცა ყველა ეზოში ჩადიოდა სათამაშოდ (ჩემს დროს ტექნიკაზე დამოკიდებული ბავშვები ჯერ კიდევ არ ვიყავით), მე ან თეატრის დარბაზში ვიყავი, ან იმდენად დაღლილი, რომ გართობის თავი აღარ მქონდა. მახსოვს, ხანდახან სკოლის გაკვეთილებს დედა მიკითხავდა, რადგან დაღლილობისგან თვალები მეხუჭებოდა.
– სიმღერა და კინო… ამ მხრივ სიახლე რა გაქვთ? სად მუშაობთ ახლა?
– სიმღერა ჩემი ჰობია, რომლის გამოვლენასაც მხოლოდ კარაოკე ბარში თუ ვბედავ… კინოს რაც შეეხება, რამდენიმე ფილმში და კლიპში მივიღე მონაწილეობა, ამ ეტაპზეც მაქვს შემოთავაზება, რომელიც ჯერ განხილვის პროცესშია. ყოველდღიური სამსახური კი ოპერისა და ბალეტის თეატრია, ჩემი მეორე სახლი.
– მოდელიც ხართ…
– არაერთ ფოტოსესიასა და რეკლამაში ვმონაწილეობდი. პოდიუმზეც გამოვსულვარ, მაგრამ მაგის გამო თავს მოდელად მაინც არ ვთვლი.
– თქვენი გატაცებაა ხატვა და მუზეუმებში სიარული… ყველაზე მეტად რომელი მხატვრის ნამუშევრები გიყვართ?
– ხატვა ყოველთვის მიტაცებდა. როცა ვერ ვცეკვავდი, იმ პერიოდში სწორედ ხატვა დამეხმარა სცენის მონატრებისა და დეპრესიის დაძლევაში.
მუზეუმებს რაც შეეხება, როცა ბერლინში უნივერსიტეტს ვამთავრებდი, დიპლომის დაცვა მხატვრობას და ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მხატვრის, რემბრანდტის შემოქმედებას დავუთმე. ალბათ ლოგიკურიცაა, რომ ძალიან მიტაცებს მუზეუმებში საათობით ხეტიალი და ცნობილი მხატვრების შემოქმედებით ტკბობა. შარშან მხვდა წილად ბედნიერება, პეტერბურგში, ერმიტაჟში რემბრანდტის რამდენიმე ძალიან ცნობილი ტილო მეხილა. ვერ გადმოგცემთ, ეს რამხელა ემოცია იყო.
– თბილისი… როგორი გინდათ, რომ იყოს?
– თბილისი ჩემი სამშობლოს დედაქალაქია, რომელიც ძალიან მიყვარს. ბევრისგან გამიგია, როცა ეკითხებიან, თუ სად ისურვებდნენ ცხოვრებას, ისინი ათას ქვეყანას ჩამოთვლიან, საქართველო კი ავიწყდებათ. მე, პირადად, ვცხოვრობ სწორედ იქ, სადაც მინდა, რომ ვცხოვრობდე. რა თქმა უნდა, იდეალური პირობები არ გვაქვს, მაგრამ თავად თუ არ შევეცადეთ, მცირე წვლილი მაინც შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქის განვითარებაში, სხვა ვინ მიხედავს?
– პროექტში „შენ შეგიძლია ცეკვა“ წარმატებით გამოდიხართ…
– განწყობა ფანტასტიკური მაქვს, რადგან პროექტია ძალიან საინტერესო. რაც ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია, პროექტზე მომუშავე „სტაფი“ არის ძალიან მეგობრული და ყველანაირად ცდილობენ, კონკურსანტების გამხნევებას და ჩვენს გვერდში დგომას. ალბათ დამეთანხმებით, დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა გარემოში გიწევს მუშაობა. ხოლო კონკურსანტებთან კი უკვე საკმაოდ მეგობრული დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა. მათთან ერთად, ყოველი რეპეტიცია ძალიან სახალისო და სასიამოვნოა.
– გყავთ თუ არა რჩეული მამაკაცი და რატომ არ გიყვართ პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი?
– არ მიყვარს პირადი ცხოვრებით, ზოგადად, პირადი საკითხებით აპელირება, მინდა საზოგადოებამ ჩემი ხელოვნებით დამიმახსოვროს. თუმცა გეტყვით, რომ გვერდით იდეალური ადამიანი მყავს.
– რომელი ოცნების ასრულება გინდათ?
– ბევრი ბავშვური ოცნება მახსენდება, რომლის ახდენაც სიამოვნებას მომანიჭებდა, თუმცა რეალურად, უფრო პრაგმატული ადამიანი ვარ და ვცდილობ, ჩემი ოცნებები, ჩემივე მონდომებით რეალიზებული იყოს.
– მეგობრობა…
– ოჯახის მერე, მეგობრობა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან სწორედ ოჯახი და მეგობრები მაძლევენ ძალას ჩემი ცხოვრების ბევრ რთულ და ბედნიერ ეტაპზე.
ესაუბრა თამარ შაიშმელაშვილი