„ეს ჩემი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის კეთდება“ – ადამიანი, რომელიც თბილისის გენერალურ გეგმაზე მუშაობს
პროფესიით არქიტექტორია, თუმცა კინორეჟისორობაზე ოცნებობდა. უნდოდა, მამის კვალს გაჰყოლოდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ… 16 წლისამ არქიტექტორის ფაკულტეტზე ჩააბარა. დღეს არქიტექტურის დოქტორია და თავისი ცხოვრება ურბანისტიკის სფეროს დაუკავშირა. მერიის სტრუქტურაში 21 წლის განმავლობაში სხვადასხვა სამსახურში იმუშავა.
ეკოლოგიის თემატიკაზე თბილისის გარემოს დაცვის კომიტეტში დაახლოებით ათი წელი მუშაობდა, არქიტექტურის სამსახურში ურბანული ეკოლოგიის განყოფილების უფროსი იყო, ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურში კოორდინაციას უწევდა ენერგოეფექტურობის საკითხების განვითარებას თბილისში, იყო თბილისის განვითარების განყოფილების უფროსი…
სწორედ მერიაში მისი მუშაობის პერიოდში მოაწერა თბილისმა ხელი უმნიშვნელოვანეს ევროპულ ინიციატივას „მერების შეთანხმებას“, იყო მერიაში განხორციელებული მრავალი კვლევისა და პროექტის სათავეებთან – „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი მამუკა სალუქვაძე „პერსონაში“.
– რატომ არ გაჰყევით მამის, ცნობილი კინოდოკუმენტალისტის მიხეილ სალუქვაძის პროფესიას – კინორეჟისორობას, არა მგონია, გულგრილი ყოფილიყავით…
– დღემდე მტკივნეული თემაა. ვაპირებდი კინოსარეჟისოროზე ჩაბარებას, თუმცა იმ წელს არ იყო მიღება თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე და იძულებული გავხდი, წელი რომ არ დამეკარგა, მოვმზადებულიყავი და სხვა ფაკულტეტზე ჩამებარებინა. ეს სხვა ფაკულტეტი აუცილებლად შემოქმედებითი ხასიათის უნდა ყოფილიყო და ამგვარად აღმოვჩნდი მაშინდელი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. ეს სპეციალობა რაღაც უფრო ახლოს იყო ჩემთან, ეტყობა, ასე უნდა მომხდარიყო…
დღესაც რომ მკითხოთ, რას ისურვებდიო, ალბათ ყველაზე მეტად მაინც კინორეჟისორობას.
დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ ცუდი კინორეჟისორი არ ვიქნებოდი. თუმცა, მას მერე აღარ მიცდია სპეციალობის შეცვლა.
მომავალი არქიტექტორები ინსტიტუტში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდნენ და მეც, 16 წლის პირველკურსელს მეტი რა მინდოდა, გატაცებით ჩავერთე ფაკულტეტის ცხოვრებაში.
აქვე შევიძინე მეგობრები, რომლებიც დღესაც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი არიან და რომლებთანაც არასდროს გამიწყვეტია კონტაქტი.
– იქნებ უფრო დაწვრილებით გვიამბოთ გარემოზე, მშობლებზე…
– დედა დიასახლისია და მთელი თავისი ცხოვრება ჩვენ, ჩემ ძმას და მე შემოგვწირა…. ჩვენს განათლებას, აღზრდას. რაც შეეხება მამას, რომელიც გარდაცვლილი მყავს, მეტად საინტერესო პიროვნება იყო. პროფესიით კინოდრამატურგი და კინორეჟისორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, წლების განმავლობაში, დოკუმენტური ფილმების სტუდია „მემატიანეს“ დირექტორი. მამა 70-მდე ფილმის სცენარისტი ან კინორეჟისორი იყო.
ძალიან საინტერესო დოკუმენტური ფილმები აქვს გადაღებული… მათ შორის თავის დროზე, საკავშირო დონეზე მეტად პოპულარული ფილმი „დღე და საუკუნე“. მისი თაობის ხალხს ეს კარგად ახსოვს.
ეს პრაქტიკულად პირველი შემთხვევა იყო მსოფლიოში, როდესაც კინოდოკუმენტალისტმა ნულიდან (იმ დროს ასე იყო) მეათე კლასამდე გადაიღო ერთი და იგივე კლასის ცხოვრება. თავიდან ეს იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმები, რომლებიც შემდეგ ერთ სრულმეტრაჟიან ფილმში გაერთიანდა.
ეს მართლაც, უნიკალური ფილმი იყო, სადაც თვალს ვადევნებთ ბავშვების მოზარდებად, ინდივიდებად, პიროვნებებად ჩამოყალიბების პროცესს, მსოფლმხედველობისა და დამოკიდებულებების ფორმირებას და ა. შ.
კიდევ ერთი დოკუმენტური ფილმი მინდა გამოვყო – „დავით გურამიშვილი“. ვფიქრობ, ძალიან ძლიერი ფილმი გამოვიდა და ჩემთვის ძალიან კარგად გასახსენებელია.
– რა დაგამახსოვრდათ?
– ბაკურციხეში ზაფხულის ბანაკში ვიყავით წასულები სკოლიდან, როდესაც მამაჩემმა გადამღებ ჯგუფთან ერთად გამომიარა და კინოექსპედიციაში მამოგზაურა ლამისყანიდან უკრაინულ ქალაქ მირგოროდამდე, მთელი ჩრდილო კავკასიის გავლით.
ეს გურამიშვილის დატყვევებისა და შემდგომ, მისი ტყვეობიდან გაქცევის მარშრუტია. დაუვიწყარი მოგზაურობა იყო. სწორედ ამ მოგზაურობისას, დაღესტნის ერთ-ერთ დასახლება ბუინაკსკში, საძმო სასაფლაოზე, პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად ვნახე მეორე მსოფლიო ომის დროს, ქერჩში დაჭრილი და ბუინაკსკის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაცვლილი ბაბუის საფლავი.
სხვათა შორის, დაღესტანში დიდხანს ვეძებდით სოფელს, რომელიც თავისი არქიტექტურით დატყვევებული გურამიშვილის ადგილსამყოფელს მიმსგავსებული იქნებოდა. ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში ძლივს ვიპოვნეთ სპეციფიკური არქიტექტურის, ისტორიული ბანიანი სახლები, სადაც გადავიღეთ კიდეც საჭირო კადრები.
უკრაინელებს ძალიან დიდი სიყვარული აქვთ დავით გურამიშვილის მიმართ. მირგოროდში მისი დიდი მუზეუმია. იმ სოფელშიც ვიყავით, სადაც იგი თავის უკრაინელ ცოლთან ერთად ცხოვრობდა და სადაც ეპოქალური ნაწარმოები: „დავითიანი“ შექმნა. მოკლედ, ეს ჩამრჩა მეხსიერებაში ბავშვობის ამ მოგზაურობიდან. ამ ბუმბერაზი ადამიანის მნიშვნელობა მაშინ შევიგრძენი, როცა პირდაპირ შევეხე მის ცხოვრებას და მოღვაწეობას.
– ახლა უშუალოდ თქვენს დღევანდელ საქმიანობას შევეხოთ. ფაქტობრივად საქართველოში პირველი ორგანიზაცია დააარსეთ, რომლის მუშაობაც უშუალოდ კონცენტრირებულია სივრცით მოწყობაზე, ქალაქგეგმარებასა და ქალაქგანვითარებაზე, „სითი ინსტიტუტი – საქართველო“ (City Institute Georgia)… და რომელმაც 2015 წელს გაიმარჯვა დიდ საერთაშორისო კონკურსში…
– მრავალი წლის გამოცდილებამ, რომელიც თბილისის ურბანული განვითარების საკითხებზე მუშაობის პერიოდში დამიგროვდა, ნათლად დამანახა ამგვარი ორგანიზაციის შექმნის აუცილებლობა. არ შემეძლო ქვეყნის სასიკეთოდ არ გამომეყენებინა ჩემი და ჩემი პარტნიორის, დოქტორ არჩილ ბარბაქიძის მრავალწლიანი კონტაქტების წყალობით ჩამოყალიბებული პარტნიორული ურთიერთობები, გერმანელ და ფრანგ ქალაქმგეგმარებლებლებთან და სივრცითი მოწყობის სპეციალისტებთან. თანამედროვე მიდგომები, თანამედროვე ხედვები, ადამიანზე, მოქალაქეზე, საზოგადოებაზე მორგებული სივრცითი მოწყობისა და ქალაქგანვითარების მეთოდები ნაცვლად დახავსებული, სტანდარტული, დრომოჭმული, არქაული მიდგომებისა ამ სფეროებში…
ეს იყო ჩემი გადაწყვეტილების ძირითადი მიზანი და ამოცანა. როგორც აღმოჩნდა, ეს სწორი გათვლა იყო და თბილისის მერიის მიერ ობიექტურად ჩატარებული კონკურსის პირობებში, შედეგმაც არ დააყოვნა. დიდი საერთაშორისო კონკურსი თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე სწორედ ჩვენმა ორგანიზაციამ და მისმა უცხოელმა და ქართველმა პარტნიორებმა მოვიგეთ. მე, როგორც „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი და დამფუძნებელი, ახლა, ძირითადად, მენეჯმენტით ვარ დაკავებული, მთავარია, ეს პროექტი ბოლომდე მივიყვანოთ და დავძლიოთ ყველა ის სერიოზული ბარიერი და ხელისშემშლელი ფაქტორი, რომელიც მუშაობის პროცესში გვხვდება.
მე თავის დროზე განვაცხადე, რომ პირადად ჩემთვის, ეს გენგეგმა კონკრეტულად ჩემი შვილებისთვის და, ზოგადად, ჩვენი მომავალი თაობებისთვის კეთდება. ხოლო ის, რასაც ადამიანი შვილებს უძღვნის, არ შეიძლება ზერელედ, უგულოდ ან დანაშაულებრივი კომპრომისების გზით იყოს გაკეთებული. სწორედ ასეთი მიზანი დავისახე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ იგივე მიზანი აქვს თითოეულ იმ სპეციალისტს, რომელიც ჩართულია ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის შემუშავებაში…
– კონკურსში გაიმარჯვა თქვენმა ხედვამ, ანუ როგორ უნდა განვითარდეს სხვადასხვა მიმართულებით ქალაქი…
– პრაქტიკულად, არანაირი სახეცვლილება არ განუცდია გამარჯვებული ხედვის იმ ძირითად პრინციპებს, რომლებიც ჩვენ კონკურსის ეტაპზე წარვადგინეთ. დღეს უკვე დამკვეთს, ქალაქის მერიასა და საკრებულოს, შესათანხმებლად წარდგენილი აქვთ ჩვენ მიერ შემუშავებული, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფცია. კონცეფცია სამ ძირითად საფუძველს შეიცავს, რომელზეც უნდა დაშენდეს მთლიანი პროექტი. ესენია: კომპაქტური, მწვანე და კარგად შეკავშირებული ქალაქის თემები. ამ საკითხებზე აღარ დავკონკრეტდები, რადგან ბევრად უფრო სრული ინფორმაციის მიღება ყველა დაინტერესებულს შეუძლია საიტის City.Kvira.ge-ს, ან ჩემი საავტორო გადაცემის მეშვეობით.
– გადაცემა „ყურადღების ცენტრში“ მამუკა სალუქვაძესთან ერთად – როგორ გრძნობთ თავს ახალ ამპლუაში, ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ხართ…
– ვფიქრობ, ქალაქების განვითარების თემატიკაზე მიძღვნილი გადაცემების მწვავე დეფიციტი საკმაოდ თვალსაჩინოა ჩვენს მედიასივრცეში. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, ინიციატორი ვყოფილიყავი ამგვარი სახის გადაცემისა, რომელიც საშუალებას მისცემდა მაყურებელს, მიეღო ახალი, აქტუალური, განსხვავებული კუთხით წარმოჩენელი და რაც მთავარია, ობიექტური ინფორმაცია ქვეყანაში და ჩვენს ქალაქებში, სივრცითი მოწყობისა და ქალაქგანვითარების კუთხით მიმდინარე პროცესების შესახებ.
არ დაგიმალავთ და მინდოდა, მაყურებელს კარგად გაეგო იმ სამუშაოების მნიშვნელობაც და შინაარსიც, რასაც თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმასთან დაკავშირებით ვახორციელებთ. ათეულობით სპეციალისტია ჩართული ამ საქმიანობაში სხვადასხვა მიმართულებით და მათი ექსპერტული მოსაზრებები და შეხედულებები, აგრეთვე მეტად საინტერესო უნდა იყოს თბილისელებისთვის.
– სპორტულ ცხოვრებას თუ მისდევთ?
– იყო დრო, როდესაც არცთუ ისე ცუდად ვთამაშობდი მაგიდის ჩოგბურთს, ჭადრაკს. თავად მეცინება, მაგრამ მაგიდასთან დაკავშირებულ სპორტულ სახეობებში არა მიშავდა. ისე კი, ბავშვობაში ყველას გვითამაშია ფეხბურთი, ძალიან კარგი ეზო გვქონდა, დიღმის მასივში ვცხოვრობდი და ეზოები ვეჯიბრებოდით ერთმანეთს ფეხბურთში… გვქონდა ჩვენი გუნდი, სადაც დამცველი ვიყავი, საერთოდ მერე ისე ჩამოყალიბდა, რომ ბევრი რამის დაცვის გამოცდილება მივიღე. ვიცავდი არქეოლოგიურ ძეგლებს არქეოლოგიურ ექსპედიციაში, გარემოს დაცვის კომიტეტში ვიცავდი ბუნებას, ვიცავდი საბაღე-საპარკო ხელოვნების ძეგლებს ძეგლთა დაცვის სამმართველოში, ახლა თბილისის დაცვის ფუნქციაც დაემატა ამას, თუმცა ეს სპორტს არ უკავშირდება… ისე კი, მე უფრო გულშემატკივარი ვარ რაგბის, ფეხბურთის, კალათბურთის და ა.შ. ანუ ვუყურებ, ვგულშემატკივრობ, ჩვენების შემყურე, ძირითადად, ვნერვიულობ…
– თქვენი მოსახელე მამუკა სალუქვაძე უნიჭიერესი პოეტი იყო, რომელიც ადრე გარდაიცვალა…
– მამუკას არ ვიცნობდი, ვიცი, რომ მამაჩემთან მუშაობდა სტუდიაში. მახსოვს მამამისი ანზორ სალუქვაძე, მწერალი, კინოსცენარისტი, რომელიც ხშირად ყოფილა ჩვენი ოჯახის სტუმარი. მამუკა ინოლა გურგულიას შვილი იყო. ძალიან ბევრი მსმენია მამუკას შესახებ და არ დაგიმალავთ, მოზარდობის პერიოდში, როცა დიღომში ვცხოვრობდი, კურიოზიც მომხდარა… ერთხელ ძველმა მეზობელმა დარეკა, მე მიკითხა და აღფრთოვანებულმა მახარა, შენი ლექსები წავიკითხე გაზეთშიო…
არ არის დასამალი, მოზარდობის პერიოდში მეც წამცდენია ხელი კალმისკენ და რაღაც ლექსისმაგვარი მომიხლაფორთებია, მაგრამ ეს ჩემი სახლის იქით ნამდვილად არ გასულა და ამიტომ ჩემი შეცბუნებული და გაოგნებული მდგომარეობა ახლაც მახსოვს. ბუნებრივია, მცირე გამოძიების შემდგომ ყველაფერი გაირკვა და აღმოვაჩინე, რომ არსებობდა სხვა მამუკა სალუქვაძეც, ნიჭიერი პოეტი, ნიჭიერი ადამიანი. ძალიან დასანანია, რომ ასე ახალგაზრდა წავიდა ჩვენგან.
– ორი შვილი გყავთ…
– დიახ, მყავს ორი ქალიშვილი, 24 წლის გვანცა და 17 წლის ნია. უფროსმა წითელ დიპლომზე დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა. უმცროსი აბიტურიენტია, ოქროს მედლის კანდიდატი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი მამა ვარ, ღმერთმა რომ ასეთი შვილები მარგუნა. ბუნებრივია, მხოლოდ კარგად სწავლას არ მინდა გავუსვა ხაზი…
ისინი ჩამოყალიბებული პიროვნებები, დამოუკიდებლად მოაზროვნე და ძალიან წესიერი ადამიანები არიან. მე ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, მათ უფროს მეგობრად მივიჩნევ თავს და ისინიც თავისუფლად არიან ჩემთან, მიზიარებენ თავიანთ შეხედულებებს, აზრებს…მგონი, იდეალური მამაშვილური ურთიერთობა გვაქვს.
– როგორც თბილისელ ადამიანს, რაზე გწყდებათ გული…
– ძალიან სამწუხაროა, მაგრამ დრომ, მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ და ალბათ კიდევ მრავალმა ფაქტორმა, პრაქტიკულად ერთმანეთი დაგვაკარგვინა. ნათესავები, მეგობრები, დედმამიშვილებიც კი, სულ უფრო იშვიათად ვხვდებით ერთმანეთს და ყველა ჩვენგანი რაღაც მუდმივი პრობლემების გადაწყვეტაში ვართ ჩაფლულები.
დღეს თანამშრომლებით იწყება და მთავრდება დღე, სხვებისთვის ძალიან იშვიათად, დრო რომ გამოვნახოთ.
მახსოვს პერიოდი, როცა ან ჩვენთან სახლში იშლებოდა სუფრა და ან ჩვენ მივდიოდით სტუმრად მეგობრებთან, ნათესავებთან. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. დღეს, ვინმე რომ გადმოიპატიჟო სახლში, ერთი თვით ადრე, საოჯახო ბიუჯეტი ძალიან კარგად უნდა დაგეგმო.
კარგად მახსოვს ღიღინით და სიმღერით ღამის საათებში, თბილისის ქუჩაში მიმავალი ადამიანები, ახლა კი ნაცრისფერ ქალაქად ვიქეცით. თბილისი რომ ნაცრისფერ ქალაქად იქცეოდა და მრავალფერადოვნება დაეკარგებოდა, ალბათ ძნელი წარმოსადგენი იყო თავის დროზე, თუმცა იმდენი უბედურება და გაჭირვება გამოვიარეთ, რომ აქამდეც მივედით.
ღიმილი დავკარგეთ… ჩვენი შემხედვარე, მგონი, უცხოელი ტურისტებიც აღარ იღიმებიან ჩვენს ქუჩებში. ყველანი განერვიულებულები, დაძაბულები, პირქუშები გავხდით. ღიმილის დაბრუნება უნდა მოვახერხოთ… ყველა ჩვენებურად უნდა შევეცადოთ, ყველამ ძალიან უნდა მოვინდომოთ… მჯერა, ეს ასეც იქნება…
ესაუბრა თამარ შაიშმელაშვილი