„მოსკოველი ქალბატონი 10 წლის შვილთან ერთად სასწრაფოდ თბილისში გამოემგზავრა, რათა ჩემს გამოფენას დასწრებოდა“…
„ნადია ბებო – ღიღილოსფერი თვალებით… ზუსტად ასეთი ბებო მყავს“, „ეს პაპაჩემის ჩოჩორია, კუკურა და ზედ ჩემი ძმაა შემომჯდარი“… „ბავშვობაში ასეთი მეგონა ანგელოზი“… „ამ ნახატებში ყველა ვიპოვე – ბებოც, ბაბუც, დედაც, შვილებიც, თავიც… ყველას გვხატავ, ლამაზებსა და თბილებს“… „ყველაზე თბილი და საოცარი მხატვარი ნინო ჩაკვეტაძე“, – ასე უყვართ და ეფერებიან მის სამყაროს. და ეს მხატვარი დღეს რუბრიკა „პერსონის“ სტუმარია.
– ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ ნახატებში ასახულია თქვენი ბავშვობის მოგონებები, რომლებიც გენატრებათ…
– ჩემი ბავშვობა, შეიძლება ითქვას, უღრუბლო იყო, მყავდა მოსიყვარულე დედა, მამა, ძმა, ბებია-ბაბუები, ნათესავები და მეგობრები. იყო სიმშვიდე და სიყვარული, თუმცა ამ ყველაფერს ახლდა ბავშვური განცდებიც.
– საიდან, რომელი სამყაროდან მოდიან თქვენი მოხუცები და ბავშვები? ბავშვები, ერთი შეხედვით, ბავშვები არიან, ვიზუალურად, მაგრამ უფრო დიდი ადამიანების სევდით…
– ვერ ვიტყვი, რომ ჩემი მოხუცები და ბავშვები განსაკუთრებულები არიან, მათ მე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად აღვიქვამ. ამიტომაც არის, რომ ბევრი ადამიანი ამ პერსონაჟებში საკუთარ ბავშვობას, ან თავიანთ ბებიებს და ბაბუებს პოულობს.
ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ჩემს ნახატებში ბავშვებს დიდი ადამიანების სევდა აქვთ, ეს ბავშვური სევდაა, პატარებმაც იციან დარდი და განცდა. ზოგისთვის ბავშვი მარტო სიცილთან და მხიარულებასთან ასოცირდება, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ასე, გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა, დარწმუნებული ვარ, ბევრი განცდები გქონდათ.
– „მე, ბებიის შეკერილ კაბაში, როცა ვიყავი 5-ის“ – ასე ჰქვია ერთ ნახატს. ნინო ჩაკვეტაძის ოცნება ბებიის შეკერილ კაბაში…
– ამ სურათის დახატვა ფოტომ შთამაგონა, რომელიც 5 წლის ასაკში გადამიღეს. ზუსტად ასეთი კაბა მაცვია ფოტოზეც, რომელიც ჩემმა ბებიამ შემიკერა. ბავშვობაში ერთი ბებია მიქსოვდა, მეორე ბებო მიკერავდა. დღემდე მახსოვს მომენტები, როდესაც ბებია კერვის დროს კაბას მაზომებდა. კაბის სიგრძეს აუცილებლად მარაგით შემოუკეცავდა, რათა დაგრძელების საშუალება ყოფილიყო, ბავშვები ხომ მალე ვიზრდებოდით…
– „ჩემს წარმოსახვაში ეს ჩემი დედულეთის სახლია ლეჩხუმში, როცა უტკბილესი ბებია–ბაბუა გარდაიცვალნენ, სოფლად ძველებურად აღარ მიგვიხაროდა, არადა ფუძის ანგელოზი, ჩვენი ანცობისა და ჟრიამულის თვითმხილველი, დადარდიანებული, დაჟინებით გველოდა თურმე“…
„ამ ნახატმა ძველი ფოტოსურათი გამახსენა, რომელზეც ჩემს ძმებთან ერთად ვარ გადაღებული. ვარცხნილობაც იგივე მაქვს, ჩემი პატარა ძმა კი ჩიტის მოლოდინშია“…
„ცხოვრება უფრო მშვიდი და ტკბილი ხდება, როდესაც თქვენს ნახატებს ვუყურებ“… თქვენი ნახატები ძალიან თბილია და ყველა თავის ბავშვობას ხედავს… ამას ეს გამოხმაურებებიც მოწმობს ფეისბუქით. როგორ ახერხებთ, რომ ადამიანებმა საკუთარი თავი იპოვონ თქვენს სამყაროში? ანუ, რომ იყოთ გულწრფელი და… ძალიან ნათელი და სუფთა სამყარო მოგქონდეთ?
– ვერ ვიტყვი, რომ ამისთვის განსაკუთრებული ხერხები მჭირდება, ვხატავ იმას, რაც მსიამოვნებს, ჩემთვის ამის კეთება ძალიან ბუნებრივია, ალბათ ამიტომაც გამოდის გულწრფელი ნახატები.
– თქვენი მშობლები, ბებიები და ბაბუები…
– მყავს ძალიან კარგი მშობლები, დედა მზია კაპანაძე პედაგოგია, მამა ოთარ ჩაკვეტაძე მშენებელი-ინჟინერი. მყავდა უსაყვარლესი ბებიები და ბაბუები, ამიტომაც მენატრებიან ასე და ხშირად ჩემს ნახატებშიც ჩნდებიან.
– აი, ხომ უძირო სევდაა განფენილი ყველგან, მაინც უჩინრად პეპელები დაფრინავენ და გაზაფხული რიალებს… ეს თქვენეული ხელწერაა… მხოლოდ ნინო ჩაკვეტაძისეული…
– რთულია საკუთარი ნახატების შეფასება, ვფიქრობ, მიუხედავად სევდიანი თვალებისა, იმედი მაინც ჩვენთანაა.
– დათუნიები, ბუები, ჩოჩრები… თუ არ ვცდები, ბუებს ხშირად ხატავთ… დათუნიებსაც...
– მიყვარს მათი ხატვა უბრალო მიზეზის გამო, ისინი ხომ ძალიან საყვარლები არიან.
– რატომ არის აქცენტი თვალებზე გადატანილი…
-„თვალები სულის სარკეა“, – ნათქვამია, ვფიქრობ, მართალია, თვალებში ჩანს ადამიანის ხასიათი, მისი კეთილი თუ ბოროტი ზრახვები. თვალები ყოველთვის სიმართლეს იტყვიან.
– ანგელოზები… როგორები არიან ნინო ჩაკვეტაძის ანგელოზები?
– ჩემი ანგელოზები არიან გულწრფელები, სუფთა, ნათელი თვალებით… მათში სიკეთე, სიყვარული და იმედი სუნთქავს.
– ამბავი, რაც თქვენს მხატვრობას უკავშირდება…
– ჩემი ცხოვრება მთლიანად მხატვრობას უკავშირდება, ბევრ საინტერესო ამბავსაც შევსწრებივარ, თუმცა ამ წამს გამახსენდა მოსკოველი ქალბატონი, რომელმაც ჩემი ნახატების ნახვის შემდეგ, სასწრაფოდ აიღო ბილეთი და 10 წლის შვილთან ერთად თბილისში გამოემგზავრა, რათა ჩემს გამოფენას დასწრებოდა. ასეთი ფაქტები ძალას მმატებს და ხატვის სურვილსაც მიძლიერებს.
– „გურამ პეტრიაშვილის „პატარა ქალაქის ზღაპრები“... ამ ნახატებმა ბავშვობა გამახსენა, მსგავსი ნახატებით იყო დასურათებული მაშინდელი საბავშვო წიგნები და ჟურნალები“! – ვკითხულობ ერთ კომენტარს თქვენ მიერ დასურათებული გურამ პეტრიაშვილის წიგნის გარეკანის ნახატზე...
– ამ წიგნის გაფორმება თვითონ გურამ პეტრიაშვილმა შემომთავაზა, სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან ძალიან მიყვარს მისი ზღაპრები. ვფიქრობ, კარგი წიგნი გამოვიდა. ასევე გაფორმებული მაქვს რამდინემი საბავშვო წიგნი. ამ საქმიანობას დღემდე ვაგრძელებ, ამჟამად ვაფორმებ ანე-კატარინე ვესტლის „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანას“ მეხუთე წიგნს.
– გალერეა „ნოჩა“ – სამომავლო გეგმები…
– ნოჩა ჩემი სახელის და გვარის შერწყმაა, ჩემმა მეუღლემ მოიფიქრა დიდი ხნის წინ, ნახატებზეც ხელს ასე ვაწერ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ გალერეისთვის „ნოჩა“ დაგვერქმია.
დეკემბრის დასაწყისში მე და ჩემს მეგობარ ბუბა არაბულს გამოფენა გვაქვს ლიტვის ქალაქ კაუნასში.
– ფერები… ძალიან სადა, ფაქიზი და მშვიდია.…
– მიყვარს ბუნებრივი, არამყვირალა ფერები, განსაკუთრებით მწვანე ფერის გარკვეული ტონალობები.
– ოცნება, რომელიც აუხდენელი დაგრჩათ?
– იმედია, ოცნებები აუხდენელი არ დამრჩება, წინ ჯერ კიდევ მთელი ცხოვრებაა.
– ოჯახი, მეუღლე, შვილები… როგორ უთავსებს ნინო ჩაკვეტაძე ერთმანეთს მხატვრობას და ოჯახს?
– რადგან ჩემი სამუშაო ადგილი ჩემს ბინაშია, ოჯახური საქმეების და მხატვრობის შეთავსება არ მიჭირს. შემიძლია რაღაც დროით ხატვა შევწყვიტო და სხვა საქმეს მივხედო. ასე რომ, ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში გვაქვს.
თამარ შაიშმელაშვილი