„…მარტო მე შემიწირა მუსიკამ“ – ქართველი პიანისტი, რომელსაც პოლონეთის კულტურის უმაღლესი წოდება მიანიჭეს

ოც წელზე მეტია, პოლონეთში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. ქალაქ სლუპსკის პედაგოგიურ აკადემიასა და მუსიკალურ სკოლაში მუშაობს. როგორც აკომპანიატორი, უკრავს ოპერის სოლისტებთან და ინსტრუმენტალისტებთან კონცერტებს.  უამრავ კონცერტზე გამოსულ. პოლონეთში აღიარება და დაფასება არ აკლია, მაგრამ ახლანდელმა ჯილდომ სხვა ყველა გადაფარა – პოლონეთის დამსახურებული მოღვაწის წოდება მიანიჭეს, – მედეა ბერიანიძის პერსონა.

15134264_1279152065439399_719473882_n – პოლონეთის კულტურის დამსახურებული – ასე ჰქვია ზუსტი თარგმანით ამ წოდებას. ჩემთვის და, საერთოდ, ალბათ ყველა ადამიანისათვის, რომელიც კულტურის სფეროში მოღვაწეობს, ეს ჯილდო დიდი პატივია. მაგალითად, აქ პოლონეთში არის ჯილდო მედალი, რომელსაც ანიჭებენ ყველას, ვისაც აქვს მუშაობის სტაჟი. 10 წლის სტაჟიანს – ბრინჯაოს, 20 წლის სტაჟიანს – ვერცხლისას და 30 წლის სტაჟის მქონესათვის არის ოქროს მედალი, თანაც პრეზიდენტი აწერს ხელს ბრძანებულებას.
ჩემი ჯილდო ამათგან იმით განსხვავდება, რომ აჯილდოებენ მხოლოდ იმ პიროვნებას, რომელმაც თავისი შრომის შედეგებით მაღალი და ხარისხიანი მაჩვენებელი აქვს.
ჩემს შემთხვევაში, გაითვალისწინეს ჩემი მოსწავლეებისა და სკოლადამთავრებულების დონე, მათი უმაღლესში ჩარიცხვის რაოდენობა. ჩემი, როგორც პიანისტის კონცერტების დონე, რეცენზიები და თანამშრომლობა სხვადასხვა დაწესებულებასთან, თეატრებთან, ოპერის მომღერლებთან, ინსტრუმენტალისტებთან, სხვადასხვა გალაკონცერტში, საიუბილეო და სადღესასწაულო საღამოებში მონაწილეობა, კონკურსებში ჟიურის წევრობა. ერთი სიტყვით, როგორც პედაგოგისა და შემოქმედის აქტიურობა.
მნიშვნელოვანი პუნქტია საზღვარგარეთის კონცერტები და უცხოელებთან თანამშრომლობა. მაგალითად, 2000 წელს მილანში ვოკალისტების საერთაშორისო კონკურსზე აკომპანიატორად ვიყავი გაგზავნილი სოლისტთან ერთად, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა. ერთობლივი პროექტი მქონდა გერმანელებთან. 7 კონცერტი დავუკარი ჯერ გერმანიასა და მერე პოლონეთში, შევასრულე  როსინის „პატარა მესა“, რომელიც ორიგინალში დაწერილია ფორტეპიანოსათვის, ფისჰარმონიისათვის, გუნდისა და სოლისტებისათვის. დირიჟორი და გუნდი  გერმანელები იყვნენ, მე და სოლისტები კი – პოლონელები (მე ქართველ-პოლონელი).
– ვინ გადმოგცათ პოლონეთის კულტურის დამსახურებული მოღვაწის ჯილდო?
15128741_1279392885415317_823816438_n
– ჯილდო (ორდენი) თავისი მოწმობით გადმომცა პოლონეთის კულტურის მინისტრის წარმომადგენელმა ჩემივე ქალაქში, სლუპსკში – ჩვენი მუსიკალური სკოლის იუბილეზე, 70 წლისთავის სადღესასწაულო საღამოზე, საზეიმო ვითარებაში გადმომეცა ეს ჯილდო.  მოპატიჟებული გვყავდნენ სტუმრები, – ვარშავიდან, სამინისტროებიდან, რექტორები, სკოლის დირექტორები და თვითმმართველობის მაღალჩინოსნები. სხვათა შორის, ძალიან გამიხარდა, რომ ასეთ ვითარებაში მივიღე და თან საყვარელ ქალაქში, სადაც ვცხოვრობ 1993 წლის იანვრიდან.
რამ განაპირობა თქვენი წასვლა პოლონეთში?
– მეუღლე პოლონელია. როცა დავქორწინდით, თბილისში გადავწყვიტეთ ცხოვრება და 8 წელი თბილისში ვცხოვრობდით. ჩემი შვილი ირაკლიც თბილისში დაიბადა, მაგრამ როცა დაიწყო საშინელი დრო საქართველოსათვის, 1993 წლის იანვარში გადავედით პოლონეთში საცხოვრებლად. მინდოდა შვილი ნორმალურ პირობებში გამეზარდა, სადაც შუქიც იყო და გათბობაც. სამსახური მაშინვე ვიშოვეთ. ბინაც სამსახურმა მოგვცა.
ეს იყო ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში და ახლა შემიძლია ვთქვა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. წუთითაც არ ვნანობ. ჩამოსვლისთანავე დავიწყე მუშაობა თბილისის პუშკინის სახელობის მსგავს პედაგოგიურ ინსტიტუტში, მუსიკის კათედრაზე პედაგოგად და აკომპანიატორად. დღემდე იქ ვმუშაობ და პარალელურად, 1998 წლიდან – მუსიკალურ სკოლაში.15086321_1279392878748651_1226477906_n
ძალიან დაკავებული ვარ. ძნელია ორ სამსახურში, ორ განაკვეთზე მუშაობა და დამატებითი საათებიც მაქვს, თანაც კონცერტები მქონდა, ადრე ხშირად ვუკრავდი, ახლა ცოტა მოვუკელი. მახარებენ ჩემი მოსწავლეები, იმათი დროა, მათ უნდა დაუკრან და განვითარდნენ, მე კი ყველანაირად ხელს შევუწყობ და ვეცდები პროფესიულად მაღალ დონეს მიაღწიონ. სახლშიც საქმეა გასაკეთებელი და დასვენებაც ხომ მჭირდება…
– ამ საპატიო ჯილდოს გარდა, მანამდეც მიგიღიათ ჯილდოები…
– 15 წლის წინ ჩემი ქალაქ სლუპსკის პრეზიდენტისგან მედალი, რომელიც სლუპსკის ,,რატუშის“  ქალაქის საბჭოს შენობის 100 წლისთავთან დაკავშირებით გამოიჭედა. თითქმის ყოველ წელს მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით სკოლის დირექტორისგან ვღებულობ ჯილდოს, რომელიც ფულადია. ისე კი, ყველაზე დიდი ჯილდოა, როცა ჩემი აღზრდილი მოსწავლეები წარმატებებს აღწევენ,  და ასეთები მყავს, რომლებიც ძალიან მეგობრობენ ჩემთან, არ მივიწყებენ და ერთმანეთს სულ ვეკონტაქტებით.
– აქაური, თბილისური წლები… მუსიკალური ოჯახი გქონდათ…
– დავიბადე თბილისში. დავამთავრე ჯერ მუსიკალური სკოლა, შემდეგ მე-3 სასწავლებელი, კონსერვატორია, მოსკოვში სტაჟირებაც გავიარე. ძალიან უყვარდათ ოჯახში მუსიკა. ჩემმა უფროსმა დამ, რომელიც ფილოლოგია, და უმცროსმა (ძალიან ცნობილი ექიმია), დაამთავრეს მუსიკალური სკოლები. მარტო მე შემიწირა მუსიკის სიყვარულმა. დედა მღეროდა ჩვენთან ერთად, არაჩვეულებრივი სმენა ჰქონდა. ვერ მოვატყუებდი ერთ ნოტშიც კი. მამა კი თვითნასწავლი იყო. ახალგაზრდობაში, როცა სტუმრები მოდიოდნენ, ხან პიანინოზე უკრავდა, ხანაც გიტარაზე. მთელი ოჯახი მღეროდა, უკრავდა… 15129704_1279152068772732_446727220_n
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ერთი რამ აღვნიშნო – მადლიერება ჩემი პედაგოგებისადმი. ახლა უკვე, რახან თვითონ პედაგოგი ვარ და ვიცი, რა შრომასთან და პროფესიონალიზმთან არის დაკავშირებული პედაგოგის, მასწავლებლის როლი – ყველაზე მეტად ვაფასებ მათ შრომას. არ დავიწყებ  მათ ჩამოთვლას, მაგრამ  მადლიერი ვარ  ყველასი და ყველა მახსოვს. ერთი პიროვნება უნდა გავიხსენო, რომელიც ალბათ დედური სიყვარულით მიყვარდა, ეს იყო საამაყო და უკეთილშობილესი, არაჩვეულებრივი და უერთგულესი ცირა კარგარეთელი. ვინატრებდი, ცოტათი მაინც ვგავდე დეიდა ცირას, როგორც ადამიანი და მასწავლებელი!
– ერთი ვაჟი გყავთ…
– ირაკლი მენეჯმენტის, რეკლამის სპეციალისტია. დაამთავრა გდანსკის უნივერსიტეტი.
– ხშირად გხედავთ ფოტოებზე ცხოველებთან ერთად…
– მიყვარს ცხოველები, ვაფრენ… ფოტოზე რომ ხედავთ, ის მაიმუნი, გიბრალტარზე რომ ვიყავი, ასე დამაჯდა მხარზე კამფეტების გულისათვის…
პოლონეთში პოპულარიზაციას უწევ ქართულ მუსიკას... 15134252_1279152078772731_1200479501_n
– ჩემი მოსწავლეები მუდმივად უკრავენ ბიძინა კვერნაძის, ალექსანდრე მაჭავარიანის, რეზო ლაღიძის, ოთარ თაქთაქიშვილის, მერი დავითაშვილის და ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებებს. 15 დეკემბერს მაქვს კონცერტი  ცნობილ ფლეიტისტთან ერთად და შევასრულებთ ოთარ თაქთაქიშვილის სონატას ფლეიტისა და ფორტეპიანოსათვის დაწერილს, –  სამივე ნაწილს.
უნდა ითქვას, რომ მრავალი ქართველი აკეთებს დიდ საქმეს უცხო ქვეყანაში და ამის შესახებ არავინ არაფერი იცის. სამწუხაროა, მაგრამ მთავარია, საქართველოში გამოკეთდეს მდგომარეობა, რომ ხალხმა ამოისუნთქოს და ნორმალური ცხოვრება შეძლოს.

 

ესაუბრა თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები