„…აქ, სწორედ ახლა, ვენაში“! – რა საიდუმლოს ინახავს პიანისტის დღიური?
„ბედნიერი დღე გათენდა. უმშვენიერესი ვენა… დიახ! დღეს ამ ქალაქში ჩამოვფრინდი, რათა თვით გენიის სახლ–მუზეუმში სოლო კონცერტი გავმართო. ახლა იმ წიგნაკში ვწერ, რომელიც მოცარტის სახელს ატარებს“... – პიანისტის დღიური კონცერტამდე ცოტა ხნით ადრე იწერება…
ჯერ მხოლოდ 16 წლისაა… და უკვე წარმატებული პიანისტია. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედში“ პროფესორ ალექსანდრე გარბერის კლასში სწავლობს. მრავალ ფესტივალსა და კონცერტზე გამოსულა, პიანისტთა რესპუბლიკურ და საერთაშორისო, მათ შორის შოპენისა და ბაბაჯანიანის სახელობის კონკურსებზეც გაუმარჯვია!..
წერს მუსიკალურ ნაწარმოებებსაც… ამბობს, რომ მუსიკა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. – სანდრო გეგეჭკორის პერსონა.
– ჩემი წლევანდელი კონცერტი ვენაში, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა, დაკავშირებულია ერევნის კონკურსთან სადაც მაესტრო სტეფან ვლადარმა მომისმინა და მიმიწვი სოლო კონცერტის გასამართად. ეს დიდი სიხარული იყო ჩემთვის და დავიწყე მომზადება.
მე და ჩემმა პროფესორმა სერიოზული მუშაობა დავიწყეთ, რომ წარმატებას მიგვეღწია, მაქსიმალურად ვშრომობდით და დღითიდღე ვიზრდებოდი, ახალ-ახალ ნაწარმოებებს ვსწავლობდი.
საათნახევრიანი პროგრამა ვისწავლე და 29 ოქტომბერს ჩემი სოლო კონცერტი „მოცარტჰაუსში“, იმ დარბაზში გაიმართა, სადაც თვით მოცარტი უკრავდა და წერდა. კონცერტს უამრავი ადამიანი დაესწრო. მათ შორის ტურისტებიც და ელჩებიც. სხვათა შორის, იმის გამო, რომ დარბაზი მთლიანად გაივსო და ადგილები აღარ იყო, ზოგი იატაკზეც კი დაჯდა მოსასმენად. კონცერტის დამთავრებისას ყველა უკლებლივ მოდიოდა და მილოცავდა…
– მართლაც, სასიხარულო და მოსალოცი ამბავია… ოჯახიდან თუ დაიწყო მუსიკის სიყვარული?..
– ჩემი მშობლები (დედისერთა ვარ… მამა 2010 წელს გარდაიცვალა) არ არიან მუსიკოსები, თუმცა, მათგან განსხვავებით, ბებომ ხარკოვისა და თბილისის კონსერვატორიები დაამთავრა. დიდი ხნის მანძილზე პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა და ხშირად ვიღებ მისგან რჩევა-დარიგებებს.
2006 წლიდან ვუკრავ, ერთად მიმიყვანეს მშობლებმა როგორც სკოლაში, ისე მუსიკაზე….
– ნაწარმოებებსაც წერთ…
– ვწერ როგორც საფორტეპიანო, ისე საორკესტრო კლასიკურ ნაწარმოებებს, მაქვს ჩემი „კალიგრაფია” და ჩემს მუსიკაში თანამედროვეობა არ ჟღერს. პირველი ნაწარმოები, სხვათა შორის, 2010 წელს დაიწერა.
– ანუ 10 წლის ასაკში…
– დიახ… „მუსიკალური მომენტი“ ერქვა. დავწერე ასევე „ჩანახატები“, ციკლი „ბუნება“, სადაც საქართველოს კუთხეებია გაერთიანებული და 1 საფორტეპიანო სონატა სამ ნაწილად.
„ჩანახატი“ საორკესტრო ახლახან შეიქმნა. ეს არის „ჩანახატი” სიმებიან-ხემიანი ორკესტრისთვის. პარტიტურა კამერეტას უკვე გადავეცი და რეპეტიციებიც დაიწყო. ეს „ჩანახატი”შესანიშნავ ქალბატონს, ინგა ჟღენტს მივუძღვენი. ჩვენი ახლობელია, დიდ პატივს ვცემ. გადავწყვიტე, რომ ეს ნაწარმოები მის სახელს ატარებდეს. როგორც კი შესრულდება, აუცილებლად ჩავწერთ და მას საჩუქრად გადავცემ.
– პირველი შემფასებელი ბებიაა… პირველი პედაგოგები ვინ იყვნენ?
– ჯერ ლუდა ნადირაძე და შემდეგ ვლადიმერ შერმაზანაშვილი. ახლა კი ალექსანდრე გარბერის კლასში ვსწავლობ.
– პირველი წარმატება…
– 2007 წელს საბავშვო კონკურსზე გავედი, რომელსაც ერქვა „საყმაწვილო დელფიადა” და გრან-პრი მაშინ პირველად ავიღე.
– მუსიკა შენი განუყოფელი ნაწილია…
– ალბათ რამოდენიმე წელიწადში, როცა დავიწყე დაკვრა, მაგრამ როცა ბატონ საშასთან მოვხვდი, მერე უკვე მივხვდი, რომ მუსიკა, მართლაც, ჩემი განუყოფელი ნაწილი იყო.
– კომპოზიტორი… ვის მუსიკას უკრავთ გამორჩეული სიყვარულით?
– ბევრის … მათ შორის მოცარტის, მაგრამ ყველამ იცის, რომ სერგეი რახმანინოვს ვაღმერთებ, იმიტომ რომ მისი მუსიკა გამოგზაურებს, მასში ჩემ თავს ვხედავ… ყველაფერს იმქვეყნიური ხედვით გაჩვენებს და ხედავ იმას, რაც ყველაზე ძალიან გინდა, რომ დაინახო…
– ჰობი?..
– ჩემი ჰობი მეგობრებთან ერთად დროის გატარებაა, ისინი მუდამ მისმენენ და სხვადასხვა რჩევას მაძლევენ, მაგალითად, დათო ხრიკული…
– კარგი მეგობარი ბევრს ნიშნავს…
– სანდრო ნებიერიძე, დათო ხრიკული და სანდრო გეგეჭკორი, ასევე გიორგი გიგაშვილი… ჩვენ ყველა ერთი თაობის წარმომადგენლები ვართ და ერთი სამეგობრო წრეა. მე, გიორგი და დათო „ნიჭიერთა ათწლედში“ ვართ. ერთ კლასში ვსწავლობთ, ხოლო სანდრო – კონსერვატორიასთან არსებულ მუსიკალურ სემინარიაში. მან ახლახან მოსკოვში დიდი კონკურსი GRAND PIANO COMPETITION მოიგო.
ჩემი მეგობრები ძალიან ნიჭიერები, ერთგულები, მეგობრულები არიან. ხშირად ვაკრიტიკებთ ერთმანეთს, და მუდამ ვუსმენთ გვერდიდან… იმიტომ რომ ჩვენს კრიტიკას კიდევ სხვა ფასი აქვს…
საერთოდ, ნიჭიერთა ათწლედში გამორჩეული და დიდი სამეგობრო წრეებია. მათ შორის ჩვენც ვართ. წინა წელს გვქონდა კარნავალი, სადაც ყველას გვეცვა სხვადასხვა კოსტიუმი, მე, მაგალითად, სანტა ვიყავი, გიორგი – დრაკულა. ძალიან სახალისო გამოვიდა ეს ყველაფერი. ყველანი ერთად, ერთ გარემოში ვიყავით და აღვნიშნავდით ახალ წელს!
– ოცნებები? ალბათ ყველანი დიდი მუსიკოსები გამოხვალთ…
– ეს ნამდვილად ჩვენი დიდი ოცნებაა. ვნახოთ, რა როგორ იქნება… ჩემი საყვარელი სიტყვებით გიპასუხებთ, რომელსაც ძალიან ხშირად ვამბობ – „ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს”!
– გამორჩეული სახსოვარი?
– ნივთს თუ გულისხმობთ, ეს არის ქვა, რომელიც ბეთჰოვენის საფლავიდან ჩამოვიტანე… ჩემი ოჯახის წევრები კი ყველაზე ძვირფასები არიან…
– ვენაში დღიურები დაწერე და უცებ ნაწარმოების დაწერის სურვილიც გაგიჩნდა… მოცარტის სახლ–მუზეუმში გამოსვლა შენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი იყო?
– ეს ჩემი ცხოვრების, მართლაც, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო. პირველ რიგში, დიდი გამოცდილება შემძინა, რაც მთავარია, ბევრი ახალი რამე მასწავლა… მოვინახულე ბეთჰოვენის, შუბერტის, ბრამსის, შტრაუსის, შონბერგის, გლუკისა თუ ფრანკის საფლავები… და, იცით, ამ ბუმბერაზებს რომ ვუყურებდი, ვხვდებოდი, თუ რა შექმნეს მათ და როგორ ჩაწერეს გონებით, ნიჭითა და კალმით ისტორიაში საკუთარი სახელი… ეს, მართლაც რომ, ღვთისგან ბოძებული ნიჭია.
რაც შეეხება დღიურს, ამონარიდს გაგაცნობთ:
„ბედნიერი დღე გათენდა. უმშვენიერესი ვენა… დიახ! დღეს ამ ქალაქში ჩამოვფრინდი, რათა თვით გენიის სახლ-მუზეუმში სოლო კონცერტი გავმართო. ახლა იმ წიგნაკში ვწერ, რომელიც მოცარტის სახელს ატარებს. კონცერტი იმ სახლში მექნება, სადაც მან მთელი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი წლები გაატარა და ამით ვამაყობ, არა იმიტომ, რომ მაქვს სოლო კონცერტი, არამედ იმიტომ, რომ მოცარტის კუთვნილ სახლში გაიმართება, სადაც მან შექმნა ლეგენდარული მუსიკა…
ძალიან მახარებს ის, რომ დარბაზში ახალთახალი Bosendorfer-ის ფირმის როიალი დგას, რომელიც, როგორც იტყვიან, „თვითონ უკრავს”. რასაც უბრძანებ, იმას გააკეთებს. სახლ-მუზეუმშიც ძალიან თბილი გარემოა. რეპეტიცია წარმატებით გავიარე და საკონცერტოდ მოვემზადე. ბედნიერი ვარ, რომ უამრავი ადამიანი შეიკრიბა იმისათვის, რომ ხარისხიან მუსიკას მოუსმინონ, ამიტომ უდიდესი პასუხისმგებლობა მეკისრება და ვეცდები, იმედები არ გავაცრუო.
მაქსიმალურად ვეცადე და საბოლოოდ ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. ძალიან გამახარა პუბლიკის ოვაციამ. მე „ბისზე“ დავუკარი. დიდი ამბავი იყო. კონცერტის შემდეგ ყველა მოდიოდა და მილოცავდა.
იმ დღესვე დავათვალიერე მოცარტის მუზეუმი. კომპოზიტორის კუთვნილი ნივთები ვნახე.
რაღაც ვიგრძენი მათი დათვალიერების დროს, მაგრამ იმ მომენტში ვერ მივხვდი, რა იყო ეს, თუმცა რაღაც წარმოუდგენელმა აზრმა გამიელვა გონებაში.
სურვილი გამიჩნდა, სიმბოლურად შემექმნა ნაწარმოები აქ, სწორედ ახლა, ვენაში“!
– 16 წლის ხართ. ძალიან ახალგაზრდა… წლებთან ერთად ახალი წარმატებებიც მოვა… სამომავლო გეგმები?
– ვემზადები ორი უსერიოზულესი და ურთულესი კონკურსისთვის, თბილისში რამდენიმე კონცერტი მექნება. ასე რომ, ვნახოთ… წინასწარ არ მიყვარს საუბარი.
ესაუბრა თამარ შაიშმელაშვილი