სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებაში სამსახურებრივი შემოწმება დასრულდა

   სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სასჯელაღსრულების N6 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულებისთვის, ს.ქ-სა და რ.გ-სთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. სამსახურებრივი შემოწმება გენერალურმა ინსპექციამ მიმდინარე წლის 18 იანვარს, სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიღებისთანავე დაიწყო. რეკომენდაციაში მითითებული იყო, თითქოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორ მსჯავრდებულს, სასჯელაღსრულების N15 დაწესებულებიდან N6 დაწესებულებაში გადაყვანისას, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სამინისტროს ცნობით, სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში ს.ქ-სა და რ.გ-ს ჩამოერთვათ ახსნა-განმარტება, რომელშიც მათ კატეგორიულად უარყვეს მათთვის რაიმე სახის შეურაცხყოფის ფაქტი. მსჯავრდებულებმა განმარტეს, რომ არ სურდათ N15 ნახევრად ღია დაწესებულებიდან N6 დახურული ტიპის დაწესებულებაში გადასვლა, ამიტომ სახალხო დამცველის რწმუნებულებთან განაცხადეს, რომ ის დაზიანება, რომელიც მსჯავრდებულმა ს.ქ-ს წაქცევის შედეგად მიიღო, თითქოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიაყენეს. სამინისტრო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ დახურულ რეჟიმში მათი გადაყვანის გადაწყვეტილება მათ მიერ რეჟიმის სისტემატური დარღვევისა და სხვა მსჯავრდებულებთან დაპირისპირების საფრთხის გამო იქნა მიღებული. კერძოდ, 2013 წლის 12 სექტემბერს მსჯავრდებულმა ს.ქ-მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა #15 დაწესებულების მორიგე ექიმს, დ.ხ-ს. აღნიშნულზე ფაქტზე დაწყებულია წინასწარი გამოძიება. 2014 წლის 11 იანვარს მან კვლავ მიაყენა ექიმს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზეც გამოეცხადა საყვედური, 14 იანვარს კი მან და მისმა თანამესაკნემ რ.გ-მ დაწესებულების სოციალურ მუშაკს ა.ზ-ს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულ მსჯავრდებულებზე არ ახდენს გავლენას მათ მიმართ გამოყენებული დისციპლინული სახდელები, ამასთან, ისინი ბოროტად სარგებლობდნენ იმით, რომ განთავსებულნი იყვნენ სასჯელაღსრულების N15 დაწესებულების სამედიცინო ნაწილში და ითვლებოდნენ ავადმყოფებად. არ ემორჩილებოდნენ დაწესებულების სარეჟიმო მოთხოვნებს, იმუქრებოდნენ თვითდაზიანებებით და იყვნენ აგრესიულები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები