შსს-მ კიბერდანაშაულისთვის სამი პირი დააკავა ( ვიდეო)

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და ქუთაისში, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1978 წელს დაბადებული დ.ფ., 1987 წელს დაბადებული ვ. კ., 1970 წელს დაბადებული კ. დ. დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ათეულობით მოქალაქის პირად და საბანკო მონაცემებს მოტყუებით დაეუფლნენ. ისინი, აღნიშნული მონაცემების გამოყენებით, ინტერნეტ ბანკში მოქალაქეთა პირად ანგარიშებზე არსებულ თანხებს უკანონოდ ეუფლებოდნენ, ასევე, სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან მოქალაქეთა სახელით სესხს იღებდნენ და ამ თანხებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდნენ. სულ, ჯამში, მოქალაქეთა კუთვნილი ანგარიშებიდან მითვისებულია 3362 ლარი, ხოლი სესხის სახით გამოტანილია 40 770 ლარი.
სამართალდამცველებმა, დ.ფ-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული 19 სიმ-ბარათი და სიმ ბარათის მოსათავსებელი პლასტიკური ბარათი, 1 პორტატიული კომპიუტერი, ინტერნეტმოდემი, 2 მობილური ტელეფონი და ჩანაწერებიანი ბლოკნოტი ამოიღეს. პოლიციამ, დ.ფ.-ს პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული 2 მობილური ტელეფონი და მასში მოთავსებული სიმ-ბარათები ამოიღო. ვ.კ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად კი ამოღებულია ასევე დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ერთი მობილური ტელეფონი და 2 სიმ-ბარათი.
ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების დადგენა-დაკავების მიზნით მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის, ქურდობის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის, კომპიუტერული მონაცემების უნებართვოდ შეცვლის ფაქტებზე მიმდინარეობს.
https://www.facebook.com/miaofgeo/videos/902986829803317/

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები