პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძე და კიდევ შვიდი პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მგელიაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო.
დღევანდელ პროცესზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.
პროკურორი თქმით, დაკავებულების მხრიდან მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე კვლავ არსებობდა, დაცვის მხარე კი დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდნენ, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს 5 000, 10 000, 30 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას სთავაზობდნენ.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.