სოზარ სუბარი: „ხალხის ძალას“ არაერთხელ გვაქვს მოყოლილი, რომ ღარიბაშვილის კაბინეტში კელი დეგნანის მხრიდან პირდაპირ იყო მოთხოვნა ომზე
„ხალხის ძალას“ არაერთხელ გვაქვს მოყოლილი, რომ იქ [კაბინეტში] პირდაპირ იყო მოთხოვნა ომზე, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ბატონმა შალვა პაპუაშვილმა ორიოდე დღის წინ გამოაქვეყნა ძალიან ვრცელი ტექსტი, სადაც დეტალურად აღწერა რა ხდებოდა მის კაბინეტში, როდესაც აშშ-ის ელჩი ქალბატონი კელი დეგნანი იყო მისული და პირდაპირ ითხოვდა სანქციებთან შეერთებას. მან თქვა, რომ როდესაც შემდეგ პრემიერთან იყო შეხვედრა, დეგნანის მხრიდან გაცილებით მეტი ზეწოლა იყო. ბუნებრივია, არ დააზუსტა რაზე იყო საუბარი ღარიბაშვილის კაბინეტში.
„ხალხის ძალას“ არაერთხელ გვაქვს მოყოლილი, რომ იქ [კაბინეტში] პირდაპირ იყო მოთხოვნა ომზე. კი მაგრამ, ჩვენ ხომ არ ვართ ისეთი სახელმწიფო, რომელიც დიდხანს შეძლებს წინააღმდეგობის გაწევასო. მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მერე თქვენ ტყეში გახვალთ პარტიზანებად და ნატოს საზღვარი კი გაქვთ და იარაღს იქიდან მოგაწვდითო – ამ დეტალებზე იყო საუბარი. კარგად ესმის მგონი ქართველ მაყურებელს, რამდენად დამღუპველი იქნებოდა ეს ქვეყნისთვის.
სამი წელი შესრულდება ივნისში როდესაც სამმა ადამიანმა დავტოვეთ „ქართული ოცნება“ და დავიწყეთ ამ ყველაფერზე ლაპარაკი – მიხეილ ყაველაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მე. შემდეგ გურამ მაჭარაშვილი შემოგვიერთდა და სხვა თანაგუნდელები. ჩვენ გვიყურებდნენ როგორც გიჟებს, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ გაიგო სიმართლე, დაგვიჭირა მხარი, რაც გამოიხატა არჩევნებში და ამით გადარჩა ქვეყანა“, – აღნიშნა სუბარმა.