სპეცოპერაცია თბილისში – შსს-მ დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 5 პირი: 1970 წელს დაბადებული ზ. ა., 1982 წელს დაბადებული დ. ც., 1987 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ჯ.ბ., 1970 წელს დაბადებული მ. ჩ. და 1969 წელს დაბადებული შ.მ., გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, 1986 წელს დაბადებულ ი.ხ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ავტომანქანაში ჩასვეს და მისი ნების წინააღმდეგ, თბილისში, დიღმის მასივში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მიიყვანეს, სადაც თანხის გამოძალვის მიზნით ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. აღნიშნულმა პირებმა უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილ მოქალაქეს წაართვეს პირადი ნივთები, მათ შორის, ერთ-ერთი ბანკის პლასტიკური ბარათი, რომლიდანაც მოხსნეს მასზე არსებული თანხა. ბრალდებულებმა, ასევე, იძულების წესით ი.ხ. თავის საცხოვრებელ სახლში მიიყვანეს, სადაც დაზარალებულის მეუღლეს 3500 ლარი გამოსძალეს.

აღნიშნულის შემდეგ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი მამაკაცი დამატებით 15 000 ათასი ლარის გადახდის პირობის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად გამოძალვისა და და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობის გამოყენების მუქარით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები