შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1965 წელს დაბადებული დალი ს. ნარკოდანაშაულისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალების 67 აბი ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, ბუპრენორფინს შეიცავს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა აღნიშნული ნარკოტიკი თურქეთში შეიძინა და საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.