ყოფილი „მხედრიონელი“ თემურ ხაჩიშვილი თბილისშია
ყოფილი „მხედრიონელი“, შს ყოფილი მინისტრი თემურ ხაჩიშვილი მოსკოვიდან თბილისში ჩამოვიდა – ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „ვერსია“ ავრცელებს. „იმას, რომ კრემლი საქართველოში სათადარიგო სცენარს ამზადებს, კიდევ ერთი გარემოება მოწმობს. „ვერსიის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, რუსეთიდან საქართველოში შს ყოფილი მინისტრი თემურ ხაჩიშვილი დაბრუნდა და ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრის დეტალები უცნობია. თუ გავითვალისწინებთ, რომ თემურ ხაჩიშვილმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ პრორუსული პარტია „დათვები“ შექმნა და ყოველთვის კრემლთან ასოცირდებოდა, ხაჩიშვილის საიდუმლო ვიზიტი ანგარიშგასაწევი უნდა იყოს“, – წერს „ვერსია“. ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ ყირიმის მოვლენების შემდეგ კრემლი იერიშს საქართველოზე მიიტანს, საბაბი კი ქვეყანაში ანტირუსული კამპანიის გააქტიურება გახდება. „ვერსიის“ ინფორმაციით, კრემლის სათადარიგო სცენარი 17 მაისია. როგორც გაზეთი წერს, 17 მაისს მოსალოდნელი დიდი არეულობის ორგანიზატორი „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება. „17 მაისისთვის ემზადებიან. წყაროები ამბობენ, რომ ესეც რუსული გეგმის ნაწილია. უფრო კონკრეტულად, 17 მაისს, შარშანდელის მსგავსად, დიდი გაწევ – გამოწევა მოხდება, თუმცა ამჯერად საქმე შეიძლება იარაღამდეც მივიდეს, ანუ ძალოვან უწყებაში ჩანერგილი „ნაციონალები“ ან სხვა პროვოკატორები ლგბტ-ებსა და მრევლს შორის დაპირისპირების ინსპირირებას მოახდენენ, რის შემდეგაც მოვლენები პარლამენტში გადაინაცვლებს – საერთო მღელვარების ფონზე კოალიციაში შემავალი პერსონები, რომლებსაც ღია თუ ფარული რუსული ბეგრაუნდი აქვთ, ,,ოცნების’‘ უმრავლესობას იმ საბაბით დატოვებენ, რომ ახალმა ხელისუფლებამ წინას მიბაძა და საკუთარი ხალხი დაარბია“, – წერს გაზეთი „ვერსია“.