„ჟვანიას სისხლის შხეფები სახეზე და ტანსაცმელზე გია ბარამიძესა და ირაკლი ოქრუაშვილს შეესხათ“
თავდაცვის ყოფილი მინისტრის თენგიზ კიტოვანის განცხადებით, ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი ელექტროშიკის მეთოდის გამოყენებით მოკლეს. როგორც თენგიზ კიტოვანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, ზურაბ ჟვანია შავნაბადაზე დაგეგმილ სხდომაზე მოკლეს.
„შავნაბადაზე, სადაც სპეციალური სამხედრო ბაზაა, სხდომა იყო. სხდომაზე ჟვანია და სააკაშვილი შელაპარაკდნენ. სააკაშვილს ნარკოტიკები ჰქონდა მიღებული, ვერ მოზომა და საკმაოდ მძიმე საფერფლე, რომელიც მაგიდაზე იდო, თავში ჩაარტყა. ჟვანიას სისხლის შხეფები სახეზე და ტანსაცმელზე შეესხათ გია ბარამიძესა და ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც დღეს იმალება, მაგრამ სინამდვილეში იქ იჯდა. სხვათა შორის, ზურაბ ჟვანიას გადარჩენა შეიძლებოდა, მაგრამ იქ მყოფები მიხვდნენ, რომ ცოცხალი ჟვანია მათ პრობლემებს შეუქმინდათ. ამ ყველაფერს მოჰყვებოდა ძალიან დიდი სკანდალი და გადაწყდა, მისი მოკვლა. ზურაბ ჟვანია მიხეილ სააკაშვილმა ელექტროშოკირების გამოყენებით მოაკვლევინა! ერთი ელექტროშოკერი ჟვანიას ჩასთხარეს და სიჩქარეში ქვედა ტუჩი დაუზიანეს. აი, ნაჭდევი რომ აქვს ჟვანიას ქვედა ტუჩზე, სწორედ ელექტროშოკერის წვერმა გამოიწვია ეს დაზიანება. იქვე დაცვას გამოართვეს ეს ელექტროშოკერები და რამდენიმე მიაბჯინეს თავზე. მსგავსი რამ იწვევს სიკვდილს“,- აღნიშნავს თენგიზ კიტოვანი.
მისივე თქმით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირველმა პირებმა დანაშაულის მოტივისათვის სპეციალური გეგმა შეიმუშავეს.
„ამის შემდეგ დაიწყეს თათბირი, რა გაეკეთებინათ და როგორ მოქცეულიყვნენ. ამ თათბირში მონაწილეობა მიიღეს ვანო მერაბიშვილმა და ზურაბ ადეიშვილმა. ფაქტია, გადაწყვიტეს ზურაბ ჟვანიას კომპრომეტირება უბინძურესი მეთოდებით, გვამები შეიტანეს საბურთალოს ქუჩაზე და თავიდან დადგეს სცენა – შიშველი ჟვანია და უსუპოვი ჩააწვინეს ერთ ლოგინში! მერე შეცვალეს გადაწყვეტილება, გვამებს ჩააცვეს და დაყარეს ოთახში. რაულ უსუპოვი სადაც მოკლეს, იქ უსუპოვის ცალი ფეხსაცმელი დაეკარგათ, ისე ჩქარობდნენ. სად მოკლეს რაულ უსუპოვი, არ ვიცი, მაგრამ უსუპოვიც ელექტროშოკერით არის მოკლული“, – აცხადებს თენგიზ კიტოვანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.