"თუ სააკაშვილმა შეინარჩუნა გარკვეული გონიერება, უნდა ჩამოვიდეს"

  სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებაში უჩვეულო არაფერია და მსგავსი რამ ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში ხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, არავინ დგას კანონზე მაღლა და მისი გუნდი არ აშენებს ისეთ სახელმწიფოს, სადაც იქნებიან პრივილეგირებული და ხელშეუხებელი ადამიანები.
“მან ყველა კითხვას უნდა გასცეს ამომწურავი პასუხები. თუნდაც გაფანტოს ეჭვები, დაეხმაროს გამოძიებას, სწორად წარმართოს აღნიშნული პროცესი. თუ მას აქვს შენარჩუნებული გარკვეული გონიერება, უნდა ჩამოვიდეს. ის უბრალოდ ვალდებულია, ჩამოვიდეს, ვინაიდან ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო 9 წლის განმავლობაში და ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეულ მთავრობას, პროკურატურას ვგულისხმობ, აქვს კითხვები. მეორე საკითხია, ჩამოვა თუ არ ჩამოვა, მაგრამ, ჩემი აზრით, უნდა ჩამოვიდეს, თუ ჯერ კიდევ აქვს საღი აზრი შენარჩუნებული”, – განაცხადა ღარიბაშვილმა. პრემიერის თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი არ ჩამოვა, პროკურატურა კანონის შესაბამისად იმოქმედებს და მასზე ძებნა გამოცხადდება.
“თუ არ ჩამოვიდა, მასზე კანონის შესაბამისად ძებნა გამოცხადდება. ის დღეს არის ჩვეულებრივი მოქალაქე. პროკურატურას აქვს მასთან ძალიან მძიმე საქმეებზე კითხვები. კეთილი ინებოს, ჩამობრძანდეს და გასცეს პასუხი. ეს არის ჩემი ძალიან მარტივი პასუხი”, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები