„ბარბაროსობას, რომელიც კომუნისტებს ბრალდებოდათ, დღეს ქართველები აგრძელებენ…“

„ოთხი წლის ვიყავი, საკუთარი პროექტით სახლი რომ ავაშენე. ბაბუაჩემი რემონტს აკეთებდა. მასალა მას ვთხოვე. ოჯახობანას ვთამაშობდით მე, ჩემი ძმა და მეზობელი გოგონა. გვქონდა დაგეგმარებული სახლი  სასტუმრო ოთახით, საძინებლით, სამზარეულოთი, სადაც ტორტებს ვაცხობდით და ამბრაზურა – ტყვიამფრქვევი მედო, კარისკენ მიმართული. ეს იყო 1964 წელს. ეტყობა თავიდანვე მქონდა მონაცემები.“ – არქიტექტორი ზურაბ ნიკოლაიშვილი.

– ბავშვობის შემდეგ დიდი დროა, როდის გადაწყვიტეთ, რომ არქიტექტორი გახდებოდით?
– დეიდაჩემი მხატვარია, ფერმწერი და მთელი ბავშვობა სახელოსნოში გავატარე. აგრეთვე, აღმომაჩნდა მათემატიკის და ხაზვის ნიჭიც. მეცხრე კლასში გადავწყვიტე, რომ არქიტექტორი გავხდებოდი.
სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე. ახლა თბილისში შენობები სულ მრგვალი ფორმის არის, მე კი ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში ვქმნიდი ასეთ პროექტებს. კურსელები იცინოდნენ, სახაზავს არ იყენებს, ისე ხაზავსო. პედაგოგებიც ხელს მიწყობდნენ.
– პირველი პროექტი რომელი გააკეთეთ?10888274_785663491482705_1666217961_n
– აკადემიაში მოგვცეს დავალება, სამსადარბაზოიანი ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი უნდა გაგვეკეთებინა. ჩემს მოქანდაკე მეგობარს ვთხოვე დახმარება მაკეტის გაკეთებაში. გამოვაქანდაკეთ შენობა, სადაც არცერთი კედელი სწორი არ იყო. პედაგოგების საბჭო რომ შეიკრიბა, მთელი დღე ფიქრობდნენ, კარგი იყო თუ ცუდი. საღამოს 8 საათზე დამიწერე ხუთიანი.
– , რამდენად მისაღები იყო ასეთი პროექტები საბჭოთა კავშირის დროს?
– სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გარკვეული თავისუფლებით სარგებლობდა საბჭოთა პერიოდშიც. ამით იყო გამორჩეული სამხატვრო აკადემია. ამიტომ, ვთვლი, რომ კარგ ადგილას აღმოვჩნიდი. ზუსტად იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავი. ჩემთვის შეზღუდვები და პირობითობები ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. ვერ ვეგუები. კომკავშირელიც კი არ ვყოფილვარ. ბაბუაჩემი მენშევიკი, ანტიკომუნისტი იყო და ასე გავიზარდე მეც.
– არასდროს მუშაობთ სახელმწიფო შეკვეთებზე…
– იმიტომ, რომ სახელმწიფოს იმედი არ მაქვს. ჩემს კოლეგებს სერიოზული პრობლემები აქვთ, ყველა ხელისუფლებაში მუდმივად ერთი და იგივე ხდება.
– ყველაზე საინტერესო პროექტი, რომელიც შექმენით…
– ჩემთვის ყველაზე საინტერესო პროექტი არ განხორციელებულა. შენდება ის, რაც მოსწონს კლიენტს. მას თავისი გემოვნება აქვს. ხელოვნება, საერთოდ, კომპრომისის ძებნაა. როდესაც დამკვეთთან ურთიერთობა გაქვს, გიწევს კომპრომისზე წასვლა – მასთან, საკუთარ თავთან, შემოქმედებასთან. არ არის ადვილი – იყოს შენი აზრიც და კლიენტისაც. ამას მხოლოდ ისეთი გენიოსები ახერხებდნენ, როგორიც იყო მიქელანჯელო, რომლის შემოქმედებაც რომის პაპისთვის იმ პერიოდში სრულიად მისაღები იყო. საქართველოში ეს პრობლემა უფრო მძიმედ დგას. როდესაც კლიენტი გკარნახობს, ასეთი დამოკიდებულება არის ხელოვნების მიმართ, რთულია ნამდვილ შემოქმედებაზე ილაპარაკო. შეიძლება ითქვას, რომ გაორებულია შემოქმედის ცხოვრება. ერთი არის ის, რითიც პურის ფულს შოულობ და მეორეა შენს სამყაროში, როგორც შემოქმედი, ფიქრობ და ემზადები მომავალი ნახტომისთვის.
– წლების განმავლობაში არაერთ კონკურსში მიიღეთ მონაწილეობა…10893489_785663494816038_1494295544_n
– ახალგაზრდობაში არ მეზარებოდა და ენთუზიაზმით ვმონაწილეობდი. ლაურეატიც გავხდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი რამ არ განხორციელდა. პირველი კონკურსი ცოტა უცნაური იყო. მესამე კურსზე ვიყავი. გამოგვიცხადეს, რომ გაგვეკეთებინა საქართველოს დიდების მემორიალი მცხეთაში. მე ვფიქრობ, მცხეთა თვითონ არის საქართველოს დიდების მემორიალი. ვეცადე, ნაკლები ზიანი მიმეყენებინა მთავარი მემორიალისთვის. პროექტი ძველი გალავნის იმიტაციას წარმოადგენდა. გალავანზე თემატურად გავაკეთე ბარელიეფები საქართველოს ისტორიიდან. გადმოსახედი მთის წვერზე იყო, საიდანაც ჩანდა სვეტიცხოველი, ჯვარი, დედათა მონასტერი და ა.შ. სამ ეტაპზე გავედი და აღარ განხორციელდა.
– თანამედროვე არქიტექტურა საქართველოში…
– სამწუხაროდ, სრული კატასტროფაა, რაც ბევრი რამით არის გამოწვეული. პირველ რიგში, სამოქალაქო საზოგადოების არ არსებობით. სამოქალაქო საზოგადოება ეს არის, ის, ვინც  სახავს მიზნებს და ითხოვს მათ შესრულებას შესაბამისი ორგანოებისგან. ახალი მშენებლობების შესახებ რომ გავიგე, ინტერნეტით გავავრცელე ინფორმაცია, კულტურის სამინისტროსთან აქცია მოგვეწყო. მხოლოდ სამი კაცი მოვიდა ჩემი ჩათვლით. ამის შემდეგ არ მიკვირს, რომ ვიღაც მოდის ხელისუფლებაში და ამბობს – მინდა ეს. ან დიდი ფულის მქონე ადამიანი – მინდა ეს აქ. საზოგადოებისგან რომ პასუხი არ არსებობს, ის ფიქრობს, რომ მართალია.
რეალურად ძველიც უნდა დარჩეს და ახალიც უნდა აშენდეს. ეს საკითხი ძალიან კარგად გაითავისა  ევროპამ, რომლისკენაც ჩვენ სიტყვიერად მივისწრაფით.
ხშირად მესმის, საქართველოში ბევრი არქიტექტორია. მე ვფიქრობ, ეს არქიტექტორებიც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საქართველო აშენდეს. პრაქტიკულად ყველაფერი თავიდან არის დასაწყები. მაგრამ ამას სჭირდება გონივრული დაგეგმარება და ფინანსები. ამისთვის საჭიროა, ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მუშაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება, მხოლოდ ამბიციური პროექტები. ისეთები, როგორიც არის: მხატვრის სახლი, „იმელის“ შენობის განადგურება, რაც დაუშვებელი იყო. პარლამენტი ქუთაისში, პრეზიდენტის სასახლე. ძალიან ბევრი ფული იხარჯება, რომლითაც მნიშვნელოვანი რაღაცების გაკეთება შეიძლება.
მე არ ვეთანხმები იმას, რომ ქუჩა გახადო ცალმხრივი და ამოთხარო ისტორიული არქიტექტურული ნაშთები. მიწაში არქეოლოგიური ძეგლი უფრო დიდხანს სძლებს. როდესაც გახსნი, ის ყველაზე სათუთი და ფაქიზი ხდება. მას მოვლა სჭირდება. სიყვარული ამაში უნდა გამოიხატოს. ევროპელები ყველა სიძველეს ეფერებიან. ფუნჯით დადიან. დიდი განსხვავებაა ჩვენსა და ევროპას შორის და დიდი გზა გვაქვს გასავლელი.
გარდა ამისა, თვითონ იუსტიციის სახლის შენობაა საინტერესო, მაგრამ ჩოგბურთის ცენტრი უკვე  კულტურული ფასეულობა იყო. რასთან არის იდენტობა, ავთენტობა, – ეს თუ არ გაიაზრა მთავრობამ და საზოგადოებამ, ის ბევრ რამეს, ბოლოს კი თავს დაკარგავს.
– არქეოლოგია…10881261_785663498149371_1685898963_n
– ჩემს მშობლებს  ქალაქგარეთ მოგზაურობები, ლაშქრობები უყვარდათ და ხშირად დავდიოდით. ჩვევად მექცა და მერე მთელი სტუდენტობა დავდიოდი ექსპედიციებში, ლაშქრობებში, უფრო გავაღრმავე და მთამსვლელი გავხდი. პერსპექტივა, რომ სპეციალისტებთან, დევი ბერძენიშვილთან, ოთარ ტატიშვილთან და გუგა აფაქიძესთან ერთად უნდა მემოგზაურა და დამეზვერა საველე პირობებში საქართველოს კუთხეეები, მომხიბლავი იყო ჩემთვის. ვათვალიერуბდით ყორღანულ, ძველი კულტურის, წინა და ადრე ქრისტიანული პერიოდის ნაშთებს. მახსოვს, ასპინძის რაიონში, უღრან ტყეში, საურმე გზა იყო, მოტოციკლეტით მივდიოდით და დავინახე სილუეტი. ასე ვიპოვეთ  ადრე ქრისტიანული პერიოდის სტელა, რომელიც ახლა ხელოვნების მუზეუმშია დაცული.
საინტერესო გათხრებს ვაწარმოებდით ჟინვალის წყალსაცავის ადგილას. ქალაქი ჟინვალი მთლიანად გავთხარეთ, ავზომეთ, დავაფიქსირეთ და მერე მთელ ქალაქს ბულდოზერებით გადაუარეს. გაანადგურეს ძალიან მნიშვნელოვანი უზარმაზარი ტერასული ქალაქი, რომელსაც ჰქონდა გალავანი, საკუთარი ციხე მთის წვერზე, აკლდამა, სავაჭრო ცენტრი, სასაფლაო, ქუჩები. ანუ, ის ბარბაროსობა, რომელიც მაშინ კომუნისტებს ბრალდებოდათ, დღეს ქართველები მათ გარეშე აგრძელებენ.
გუდამაყარში ცოტამ თუ იცის, რომ კიტოხის თავზე არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაგებობა – მახვილის ციხე, რომელიც გორის ციხეს არ ჩამოუვარდება. ჩემთვის საინტერესო სამყაროში ვიყავი. ბევრი რამ გავიგე, ჩემი ქვეყნის ძველ კულტურაზე. გავერკვიე არქეოლოგიურ ფენებში.
– ახლა რაზე მუშაობთ?
– ძირითადად, კერძო შეკვეთებზე ვმუშაობ: საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები. ახლა მოვიფიქრე თავისუფლების მოედნის სატრანსპორტო სქემა. ამ სქემის მიხედვით მოედანზე წრიალი არ ხდება და არ არის გადამკვეთი ხაზები. არის მხოლოდ ორი მიმართულება. გარდა ამისა, პუშკინის სკვერი იზრდება.
მეორე, არის სანაპიროზე გაკეთებული „ყანწები“, რომელიც 120 მილიონი დაჯდა. ისეთი კონსტრუქციაა, რომ მისი დაშლა და შემდეგ აწყობა შეუძლებელია. თუ დაიშლება, უნდა გადაიყაროს. შეიძლება არ გვსიამოვნებს, მაგრამ ის უკვე ისტორიაა და არ უნდა განადგურდეს. ფრანგები ასე იქცევიან, ბევრი რამ არ მოსწონთ, მაგრამ არ ანადგურებენ. მე მაქვს პროექტი, როგორ შეიძლება გახდეს ეს შენობა მრავალფუნქციური.

მზევინარ ხუციშვილი

10904127_785663484816039_98968294_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები