დავით უსუფაშვილმა აშშ-ში უცხოელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მიერ ორგანიზებულ პარლამენტის სპიკერების მე-4 მსოფლიო კონფერენციაში მონაწილეობს, ორმხრივი სამუშაო შეხვედრები გამართა კუბის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე- სპიკერთან, ანა მარია მაჩადოსთან, მალდივის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერთან, აბდულა მასეჰ მუჰამედთან და უგანდის პარლამენტის სპიკერთან, რებეკა კადაგასთან.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კუბის რესპუბლიკის პარლამენტის პრეზიდენტთან, ანა მარია მაჩადოსთან ორმხრივ შეხვედრაზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ „მსგავსი საპარლამენტო ფორუმები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ არსებული ურთიერთობების გაღრმავების, არამედ კოლეგებთან ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობის თვალსაზრისითაც” და კუბის რესპუბლიკის პარლამენტთან აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. თავის მხრივ, ანა მარია მაჩადომ აღნიშნა: „ჩემი აზრით, ჩვენ ადვილად ვიპოვნით საერთოს, რადგან საპარლამენტო პრიორიტეტების თვალსაზრისით ჩვენი ხედვა ემთხვევა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პატივი ვცეთ საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.”
ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის მზაობას შეეხო საუბარი ასევე დავით უსუფაშვილისა და მალდივის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერის, აბდულა მასეჰ მუჰამედის შეხვედრისას. მხარეებმა გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. აბდულა მასეჰ მუჰამედმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის გამოცდილება ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ ძალზედ მდიდარია, შესაბამისად, მალდივის რესპუბლიკის მთავრობა მზად არის ქართველ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, თავის მხრივ, ისაუბრა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 3 ივნისს მიღებული რეზოლუციის „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” მხარდაჭრის მნიშვნელობაზე.
ამავე რეზოლუციაზე იყო საუბარი დავით უსუფაშვილისა და უგანდის პარლამენტის სპიკერის, რებეკა კადაგასის ორმხრივ შეხვედრაზე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა რეზოლუციის საერთაშორისო ჰუმანიტარულ მნიშვნელობას.
მხარეებს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე უსაფრთხოების საკითხებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში, რომელთა მიზანია მშვიდობის დამყარება მსოფლიოში. მაგალითისთვის, მან ისაუბრა სამშვიდობო მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველი სამხედროების მონაწილეობის თაობაზე.
თავის მხრივ, უგანდის პარლამენტის სპიკერმა, რებეკა კადაგასმა ხაზი გაუსვა ვაჭრობის და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების თვალსაზრისით. მან ასევე დაინტერესება გამოთქვა საქართველოს იუსტიციის სახლის კონცეფციისა და სერვისების თაობაზე. რებეკა კადაგასმა აღნიშნა, რომ უგანდაში ეროვნული პირადობის მოწმობები სულ რამდენიმე თვის წინ იქნა შემოღებული. შესაბამისად, საქართველოს გამოცდილება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი იქნება აღნიშნული სისტემის დახვეწისა და გაუმჯობესებისთვის.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ორმხრივ შეხვედრებში მონაწილეობდა გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კახა იმნაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები