დიმიტრი ქუმსიშვილის პრიორიტეტები – რას გეგმავს ეკონომიკის ახალი მინისტრი

საქართველოს ეკონომიკის ახლად დანიშნულმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პრემიერ- მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი განცხადებით, ქვეყნის სტაბილური ეკონომიკური განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესია აღებული ეკონომიკური კურსის უწყვეტობა.
„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, ვიცე-პრემიერს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის. ყველასთვის ცნობილია, რომ ქვეყნის სტაბილური ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია აღებული ეკონომიკური კურსის უწყვეტობა“, – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყველა ის პროექტი და რეფორმა, რომელიც პრემიერმა და გიორგი კვირიკაშვილმა წამოიწყეს, გაგრძელდება და წარმატებით დასრულდება.
„მე ახლა ვგრძნობ კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას, რათა ყველა ის რეფორმა და პროექტი, რომელიც წამოწყებულია ბატონი ირაკლი ღარიბაშვილისა და გიორგი კვირიკაშვილის მიერ, იყოს წარმატებული, გაგრძელდეს და წარმატებით დასრულდეს. კერძო სექტორის წახალისება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, პირდაპირი უცხოური ინვერსტიციების მოზიდვა, ტურიზმის სფეროს განვითარება, ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქციის მომსახურებისა და წარმოებაში საქართველოს პოტენციალის ამაღლება, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში განსახორციელებელი რეფორმების გატარება, საპენსიო რეფორმა, ქვეყნის ინტერნეტიზაცია, სახელმწიფო ქონების ეფექტური მართვა – სწორედ ეს არის ის პრიორიტეტები, რომელთა განხორციელებაზე მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო პრემიერ-მინისტრისა და გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ყველა ეს პრიორიტეტი და ქვეყნისათვის მრავალი სხვა მნიშვნელოვანი რეფორმა თუ პროექტი გაგრძელდება უწყვეტად, დიდი მადლობა“, – განაცხადა ქუმსიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები