პრემიერ-მინისტრი: კვირიკაშვილი ქვეყანას მეტ წარმატებას მოუტანს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გამოცდილება ქვეყანას ისეთი საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში დაეხმარება, რომელიც კიდევ უფრო მჭიდრო კავშირში იქნება ქვეყნის ეკონომიკურ პრიორიტეტებთან. როგორც პრემიერმა საკადრო გადაადგილებებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კვირიკაშვილი ძალიან წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება და იგი ქვეყანას მეტ წარმატებას მოუტანს.
პრემიერის თქმით, კვირიკაშვილი კვლავ მთავრობის ვიცე-პრემიერი იქნება.
„მიმაჩნია, რომ კვირიკაშვილი იქნება ძალიან წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი. მისი ცოდნა და გამოცდილება დაგვეხმარება ისეთი საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში, რომელიც კიდევ უფრო მჭიდრო კავშირში იქნება ჩვენს ეკონომიკურ პრიორიტეტებთან და ჩვენს ქვეყანას მეტ წარმატებას მოუტანს როგორც საგარეო მიმართულებით, ასევე ეკონომიკურ-პოლიტიკის გაძლიერებით. კვირიკაშვილმა მიიღო ძალიან სერიოზული განათლება აშშ-ში და მას დაუგროვდა იმხელა გამოცდილება, რაც აუცილებელი არის ამ პოსტისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობა კონცენტრირებულია ისეთ ეკონომიკურ გარემოზე, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს და სარგებელი მოაქვს საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის.
„სწორედ ეს მიზანი განსაზღვრავს ჩვენს საგარეო პოლიტიკას და შიდა ეკონომიკურ დღის წესრიგს. ამ ორი სფეროს კონსოლიდაცია ამ ეტაპზე არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – დასძინა მან.