პრემიერ-მინისტრი: ჩვენ გამოკვეთილი ევროპული არჩევანი გვაქვს, რასაც დღეს სტაბილური განვითარება სჭირდება
ჩვენ გამოკვეთილი ევროპული არჩევანი და უკვე ძალიან სერიოზული შედეგები გვაქვს, რასაც დღეს სტაბილური განვითარება სჭირდება, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ევროპული არჩევანი კიდევ უფრო გაძლიერდება და გაგრძელდება.
„ჩვენ გვაქვს გამოკვეთილი ევროპული არჩევანი და ჩვენი ეს გზა, ეს მიმართულება, რა თქმა უნდა, გაძლიერდება და გაგრძელდება. ეს არის ჩვენი, ქართველი ხალხის არჩევანი. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე ლიდერი ვართ რეგიონში. უკვე ძალიან სერიოზული შედეგები გვაქვს, რასაც დღეს სტაბილური განვითარება სჭირდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ახალი მინისტრები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი უკვე ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალა. ღარიბაშვილმა ეკონომიკის ახალ მინისტრად თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაასახელა. დღევანდელი ცვლილებების გამო, პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება საჭირო არ არის.