გიორგი კვირიკაშვილი: ძალიან დიდი პატივია, წარმოვადგენდე საქართველოს უცხოეთში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც საგარეო უწყების ახალმა ხელმძღვანელმა განაცხადა, უმთავრესი პრიორიტეტი ევროატლანტიკური ინტეგრაცია იქნება, ასევე განსაკუთრებული აქცენტი ეკონომიკურ ურთიერთობებზე გაკეთდება.
„პრემიერ-მინისტრო, დიდ მადლობას მოგახსენებთ ამ უდიდესი ნდობისთვის. ძალიან დიდი პატივია, წარმოვადგენდე საქართველოს უცხოეთში და მაქსიმალურად შევეცდები, რომ ყველაზე საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ ერთობლივად ჩვენი ქვეყანა. რა თქმა უნდა, პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც საქართველომ აირჩია, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია იქნება, უმთავრესი პრიორიტეტი და განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ასევე ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რათა ის ბრწყინვალე პოლიტიკური ურთიერთობები, რომელიც საქართველოს დასავლეთთან გააჩნია, ტრანსფორმირებული იქნას ასეთივე დონის ეკონომიკურ ურთიერთობებში. ეს იქნება პირველი პრიორიტეტი, თუმცა ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება მსოფლიოში პროდასავლური მიმართულების გარდა და ეს არის, რა თქმა უნდა, აღმოსავლეთთან ურთიერთობები. ეს არის ახალი მოვლენები ევრაზიის კონტინენტზე და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ყველა ამ საინტერესო მოვლენის მაქსიმალური ტრანსფორმაცია მოხდეს საქართველოსთვის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით. დიდი მადლობა ნდობისათვის“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ახალი მინისტრები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი უკვე ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალა. ღარიბაშვილმა ეკონომიკის ახალ მინისტრად თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაასახელა. დღევანდელი ცვლილებების გამო, პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება საჭირო არ არის.