საქართველოს ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესტუმრება
4 სექტემბერს, საქართველოს ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბორგე ბრენდე ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
როგორც “კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორგე ბრენდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს თამარ ბერუჩაშვილს შეხვდება, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
უწყების ინფორმაციით, მინისტრები ასევე ხელს მოაწერენ შეთანხმებას “საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ”. აღნიშნული შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზის გაცემის პროცედურის გამარტივების თაობაზე ხელმოწერილი შეთანხმების რეკომენდაციის ნაწილია.
დოკუმენტი ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისათვის ნორვეგიის სამეფოს ტერიტორიაზე მიმოსვლისათვის ხელსაყრელი პირობების შემოღებას. იგი დაარეგულირებს სავიზო მოსაკრებლის ოდენობას, მრავალჯერადი ვიზის გაცემის, ვიზის განაცხადის განხილვისა და ვიზის გაცემასთან დაკავშირებულ სხვა პროცედურებს. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ- მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან და მონაწილეობას მიიღებს 2-4 სექტემბერს დაგეგმილი ამაბასადორიალის მუშაობაში. ვიზიტის ფარგლებში ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა საოკუპაციო ხაზს. მინისტრი ასევე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.