„მთავარია, პაციენტი იყოს კმაყოფილი და პრობლემები არ შეექმნას…“
„ბავშვობიდან მინდოდა ექიმი გავმხდარიყავი. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან ვფიქრობდი ადამიანების დახმარებაზე და ამისთვის ყველაზე კარგი საშუალება ეს პროფესია იყო. სამედიცინო ინსტიტუტში სწავლის დროს ავირჩიე ქირურგია, რადგან ყველაზე მოქმედი პროფესიაა, მუშაობის პერიოდში კი პლასტიკური ქირურგია უფრო მომეწონა…“ – პლასტიკური ქირურგი, კლინიკა „მედის“ ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი ვახტანგ პეტრიაშვილი.
– პლასტიკური და ზოგადი ქირურგია…
– ქირურგიაში უფრო მეტია საფიქრალი, ზუსტად უნდა განსაზღვრო ოპერაციის დროს, რა და როგორ გააკეთო, გადაწყვეტილებაც მალე უნდა მიიღო, რადგან შენს ხელში ადამიანის სიცოცხლეა. ზოგადი ქირურგია ყველაზე რთულია და ამიტომ ყველაფერი კარგად უნდა იცოდე. ძალიან ბევრია სანერვიულო როგორც ოპერაციის დროს, ისე მის შემდეგ. მართალია გამოცდილებას ბევრი მოაქვს, მაგრამ თეორიის ცოდნა მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ამიტომ, სტუდენტობის პერიოდში ყველაფერს კარგად ვსწავლობდი.
მე ვთვლი, რომ პლასტიკური ქირურგია უფრო საინტერესოა. ზოგად ქირურგიაში არის გარკვეული სტანდარტებიც, პლასტიკურ ქირურგიაში სტანდარტი ნაკლებია და უფრო მეტია საფიქრალი. პლასტიკურ ქირურგიაში ფიქრობ, როგორ იქნება უკეთესი, ცხვირის შემთხვევაში, სად გამოაკლო ქსოვილები, სად დაამატო, როგორ უფრო ლამაზი იქნება. ცდილობ, მაქსიმალურად ისეთი გააკეთო, როგორიც პაციენტს უნდა. პლასტიკურ ქირურგიაში საქმე გარეგნულ სილამაზესთან გვაქვს, ზოგად ქირურგიაში კი – ადამიანის სიცოცხლესთან.
– პირველი და წარმატებული ოპერაცია…
– პირველი აპენდიციტის ოპერაცია 31-ე ქარხნის საავადმყოფოში გავაკეთე. მას , რა თქმა უნდა, ბევრი ოპერაცია მოჰყვა, მაგრამ ის მაინც გამორჩეულია. მახსოვს, ყველაფერი კარგად დასრულდა და ამაყი ვიყავი. პლასტიკურ ქირურგიაში, ალბათ, წარმატება კმაყოფილი პაციენტია, როგორც მას უნდა, ისე რომ გააკეთებ.
– წლების განმავლობაში სხვადასხვა კლინიკაში მუშაობდით…
– დიახ, მაგრამ ყველაზე დიდი გამოცდილება თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობამ მომცა, სადაც ათი წელი ვიმუშავე. მაშინ, ახალგაზრდა ვიყავი, ყველაფერი მაინტერესებდა. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, 90-იან წლებში ყველაფერი რომ დანგრეული იყო, თბილისის სამხედრო ჰოსპიტალი ყველაზე დიდი და მოწესრიგებული საავადმყოფო იყო.
– თავდაცვის სამინისტროს პროგრამა…
– თავდაცვის სამინისტროს პროგრამით ჯერ გერმანიაში ვიყავი, რომ ჩამოვედი, თავდაცვის სამინისტროში გავაგრძელე მუშაობა. 2008 წლის ომის დროს სამედიცინო ბატალიონში ვიყავი, როემლიც ტყვიავში იყო განლაგებული. ვიღებდით პირველად პაციენტებს და ვაგზავნიდით გორში. ის დღეები ფაქტობრივად არ გვეძინა. ვუწევდით პირველად დახმარებას და ვაკეთებდით ოპერაციებს კარვებში. ომში ექსტრემალური პირობებია, შეიძლება იმდენი დაჭრილი იყოს, არჩევანის გაკეთებაც მოგიწიოს, მსუბუქი დაჭრილი გადაარჩინო თუ მძიმე პაციენტს დაუთმო დრო. საბედნიეროდ, ჩვენ ასეთი გადაწყვეტილების მიღება არ დაგვჭირდა, მაგრამ, უმჯობესია ომი არ იყოს.
– გერმანია და საქართველო…
– საქართველოში, როგორც წესი, პაციენტი მარტო არ მოდის და ოჯახის ყველა წევრს უნდა აუხსნა, რა და როგორ გაკეთდება. გერმანიაში პაციენტები, ძირითადად, მარტო მოდიან და თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას. გერმანიის არაერთ კლინიკაში ვიყავი და ყველგან მაღალ დონეზეა ორგანიზებული ყველაფერი. ჩვენთან, სამწუხაროდ, ასე არ არის. უკეთესი იქნება, რომ გარკვეული სტანდარტი უკეთესად იყოს დაცული. ვფიქრობ, 90-იანი წლების პერიოდმა შეგვიცვალა სტანდარტი, რაც პაციენტის უნდობლობას იწვევს.
– კლინიკა „მედი“ და რას ურჩევდით ქართველ ქალბატონებს…
– ჩვენთან კეთდება ცხვირის, მკერდის ოპერაციები, საკმაოდ მოიმატა ქუთუთოების ოპერაციებმა. ბევრი პაციენტი გვყავს უცხოეთიდან, ძირითადად, რუსეთიდან. ალბათ, ლარის გაუფასურებამ გამოიწვია. მათთვის ხომ ფაქტობრივად გაიფდა ოპერაციები. კლინიკა „მედიში“ არის, ისეთივე კარგი მომსახურება, როგორც გერმანიის კლინიკებში. ჯერ კომპიუტერზე ვაკეთებთ მოდელირებას, შემდეგ უკვე ვცდილობთ, შედეგი მაქსიმალურად ის მივიღოთ, რაც პაციენტს უნდა. გარდა ამისა, კლინიკა „მედიში“ ოპერაციები განვადებით კეთდება, რაც პაციენტებისთვის ერთ-ერთი ხელსაყრელი პირობაა.
პირველ რიგში, აუცილებელია პაციენტმა კლინიკა შეარჩიოს. მოიძიოს ინფორმაცია კლინიკის შესახებ, ნახოს ექიმის ნამუშევრები, სხვადასხვა ოპერაციის დროს მიღებული შედეგი და გადაწყვიტოს, სად და რომელ ექიმთან უმჯობესია მისვლა.
დღეს კოსმეტოლოგიური საშუალებით ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი, მაგრამ თუ ოპერაცია გარდაუვალია, აარჩიონ კლინიკა და ექიმი. მოერიდონ სალონებში კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარებას, რადგან იქ არ ხდება, არც სტერელიზაციის და არც მასალის შემოწმება. მაშინ, როცა ყველა დიდი კლინიკა ამას ყურადღებას აქცევს, რადგან მთავარია, პაციენტი იყოს კმაყოფილი და არ შეექმნას პრობლემები. ნუ მოერიდებათ კითხვების დასმა. მე მიხარია, როცა პაციენტი კითხვებს სვამს და ბევრ ინფორმაციას ღებულობს.
ხშირია შემთხვევები, როცა ყელ-ყურის ექიმები ჯერ ძგიდის ოპერაციას აკეთებენ, სუნთქვის გამო, მერე ჩვენთან უშვებენ პაციენტებს. ამ დროს ხრტილი აღარ არსებობს, ძგიდი ამოღებულია და იმ შემთხვევაში, თუ ცხვირი დეფორმირებულია, ვერ ვასწორებთ. მინდა ვთხოვო ყელ-ყურის ექიმებს და პაციენტებს ამ შემთხვევებს ყურადღება მიაქციონ, რადგან ოპერაცია რთული, ძვირი ჯდება და შედეგსაც ნაკლებად ვიღებთ. მართალია, ადრე ასე კეთდებოდა, მაგრამ ახლა წინ წავიდა მედიცინა. სამწუხაროდ, პრობლემები პაციენტებს ექმნებათ. ძალიან ცოტაა კონფერენციები, სადაც შეიძლება ექიმები ერთმანეთს შეხვდნენ. ჩვენ პლასტიკური ქირურგებს გვიწევს ერთმანეთთან ურთიერთობა, მაგრამ ამ შეხვედრებს არ ესწრებიან ყელ-ყურის ექიმები.
მზევინარ ხუციშვილი