ტრამპმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ჩაერთო არალეგიტიმურ და უსაფუძვლო ქმედებებში ამერიკისა და ჩვენი ახლო მოკავშირის, ისრაელის მიმართ,- ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ აღმასრულებელ ბრძანებაშია აღნიშნული.

განკარგულებას ხელი ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფიციალური ვიზიტის დროს მოეწერა.

“ICC-მ, ლეგიტიმური საფუძვლის გარეშე, დაადგინა იურისდიქცია და დაიწყო წინასწარი გამოძიება შეერთებული შტატების პერსონალთან და მის ზოგიერთ მოკავშირესთან, მათ შორის ისრაელთან დაკავშირებით, კიდევ უფრო ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებამოსილება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრ იოავ გალანტის მიმართ უსაფუძვლო დაპატიმრების ორდერის გაცემით. ICC-ს არ აქვს იურისდიქცია შეერთებულ შტატებსა და ისრაელზე, რადგან არცერთი ქვეყანა არ არის რომის სტატუტის მხარე ან ICC-ის წევრი”,- ნათქვამია აღმასრულებელ ბრძანებაში.

ტრამპის თქმით, ICC არის უკიდურესი სასამართლო და უფლება აქვს ჩაერიოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ეროვნულ ხელისუფლებას არ შეუძლია ან არ აპირებს სისხლისსამართლებრივ დევნას.

ახალი ბრძანებით, ფინანსური და სავიზო შეზღუდვები დაუწესდებათ ადამიანებს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც დაეხმარებიან სასამართლოს აშშ-ის ან მისი მოკავშირეების მოქალაქეების საქმეების გამოძიებაში.

“შეერთებული შტატები დააკისრებს ხელშესახებ და მნიშვნელოვან შედეგებს ICC-ის სამართალდარღვევებზე პასუხისმგებელ პირებზე, რომელთაგან ზოგიერთი შეიძლება მოიცავდეს ქონებისა და აქტივების ბლოკირებას, ასევე შეერთებულ შტატებში ICC-ის ოფიციალური პირების, თანამშრომლების და აგენტების, ისევე როგორც მათი ოჯახის წევრების შესვლის შეჩერებას, რადგან მათი შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში საზიანო იქნება შეერთებული შტატების ინტერესებისთვის”,- წერია გავრცელებულ ბრძანებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები