დავით უსუფაშვილი: საქართველოსა და უკრაინის პარლამენტებს შორის კონკრეტული გეგმა გვაქვს, რომლითაც შევძლებთ ერთმანეთთან თანადგომას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, დონეცკსა და ლუგანსკში განვითარებული მოვლენების ამსახველ ფოტოებში ჩანს ის, რაც საქართველოში სულ რამდენიმე წლის წინ მოხდა.
მისივე თქმით, ფოტოებზე ასახული ადამიანების თვალებში, ყველაფერთან ერთად, ჩანს საყვედური პოლიტიკოსების მიმართ, რომლებმაც მოსახლეობას, საზოგადოებებს უბედურება თავიდან ვერ ააცილეს. აღნიშნული განცხადებები დავით უსუფაშვილმა საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში გააკეთა, სადაც საქართველოს პარლამენტის ინიციატივით, ევროპის კვირეულის ფარგლებში, გაიხსნა ფოტოგამოფენა – “დონბასი: მშვიდობა და ომი. უკრაინელი ქალები: მშვიდობა და ომი”.
პროფესიონალი ფოტოგრაფების, ჟურნალისტების, სამხედროებისა და მოხალისეების გადაღებული 60 ფოტო დონეცკსა და ლუგანსკში განვითარებულ ყველაზე მძაფრ მოვლენებს ასახავს.
“ჩვენ დღეს შევიკრიბეთ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში, რომელიც დაარსდა იმისთვის, რომ არასდროს დაგვვიწყებოდა, რას ნიშნავს ოკუპაცია. ჩვენ აქ შევიკრიბეთ კიდევ იმისთვის, რომ გავცნობოდით კიდევ ერთი, ახლა უკვე პოსტსაბჭოური ოკუპაციის შედეგებს ჩვენს მოძმე უკრაინაში. გამოფენილი სურათებიდან, სამწუხაროდ, ჩვენ, ქართველები ვხედავთ ზუსტად იმას, რასაც ვხედავდით ჩვენს ქვეყანაში სულ რამდენიმე წლის წინ. ზუსტად ასე გამოიყურებიან ომით მშობლებდაკარგული, შეძრწუნებული ბავშვები საქართველოშიც, ზუსტად ასე გამოიყურებიან ქართველი ახალგაზრდები და ყველა ახალგაზრდა მთელ მსოფლიოში, როდესაც მას სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა იმისა, აიღოს ხელში იარაღი და დაიცვას საკუთარი სამშობლო. ზუსტად ასე გამოიყურებიან დედები, რომლებიც ფრონტზე წასულ შვილებს უგზავნიან, უქსოვენ წინდებს”,-აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით უსუფაშვილის თქმით, იმაში, რასაც ჩვენ ამ ადამიანების თვალებში ვხედავთ, ყველაფერთან ერთად არის საყვედური პოლიტიკოსების მიმართ, რომლებმაც ვერ ავაცილეთ საკუთარ თავს, მოსახლეობას, ჩვენ საზოგადოებებს ეს უბედურება.
“დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა კიდევ ერთხელ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ჩვენს უკრაინელ ძმებს და დებს. ჩვენ თქვენთან ვართ. ამასთანავე, ჩვენ პარლამენტის ეგიდით, ვატარებთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რაშიც მონაწილეობენ ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი პარლამენტარები, კომიტეტების ხელმძღვანელები, ვინც პასუხს აგებენ საგარეო, საერთაშორისო, ევროპულ ურთიერთობებზე. ბრძოლები გრძელდება სამწუხაროდ, ადამიანები იღუპებიან და სანამ მე ორიოდე კვირის წინ კიევში გახლდით ოფიციალური ვიზიტით, იმ დღეებშიც კვლავ იყო მსხვერპლი, მათ შორის ჩვენი თანამემამულის. ჩვენ, პარლამენტის წევრებმა, მთავრობის წევრებმა უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, რათა უკრაინაშიც, საქართველოშიც, ყველგან ეს პრობლემები მოგვარდეს და აღარ განმეორდეს. ეს არის ყველაზე მოკლე და დამაჯერებელი პასუხი კითხვაზე, თუ რა უნდა საქართველოს ევროკავშირში ან ნატო-ში. ჩვენ გვინდა, რომ ეს სურათები მხოლოდ ისტორიაში დარჩეს და აღარასოდეს განმეორდეს. ამას სჭირდება შრომა და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ, ქართველებს, კარგად გვახსოვს თითოეული ის გამოძახილი სხვა ქვეყნებიდან, რომელსაც ჩვენ ვიღებდით იმ უმძიმეს დღეებში, როდესაც ქვეყანა ოკუპაციის და სამხედრო აგრესიის პირობებში იყო, რას ნიშნავდა ეს ჩვენთვის. დღევანდელი ღონისძიება, დღევანდელი ჩვენი შეკრება გვინდა, რომ იქცეს ერთ დადებით, დამაიმედებელ მესიჯად, სიგნალად, გზავნილად თითეული უკრაინელისადმი, რომ ჩვენ ერთად გავუმკლავდებით ყველა ამ პრობლემას. და ეს რომ არა არის ლიტონი სიტყვები, ამას ადასტურებს დღევანდელი ურთიერთობა, თანამშრომლობა საქართველოსა და უკრაინის მთავრობას შორის, საქართველოსა და უკრაინის პარლამენტებს შორის და ძალიან ბევრი კონკრეტული გეგმა გვაქვს ჩვენ, რომლითაც კიდევ უფრო მეტად შევძლებთ ერთმანეთთან თანადგომას”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები