დავით უსუფაშვილი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი მომავალი კვირიდან დაგეგმილი ღონისძიებების ფაქტორს გაითვალისწინებს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი მომავალი კვირიდან დაგეგმილი ღონისძიებების ფაქტორს გაითვალისწინებს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტი მზადაა მთავრობას ნდობა 7-8 მაისს გამოუცხადოს.
“პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადეს, რომ რაიმე ცვლილებები მთავრობის შემადგენლობაში არ იგეგმება არც დღეს და არც უახლოეს დღეებში. საქართველოს პარლამენტმა განაცხადა, რომ მზად არის მოუსმინოს მთავრობას, მაგალითად, 7-8 მაისს, იმისთვის, რომ პროცესი 9 მაისამდე დასრულდეს. ახლა სიტყვა პრეზიდენტზეა. იმედი მაქვს, რომ ის ყველაფერს გაითვალისწინებს – გაითვალისწინებს იმასაც, რომ მომავალი კვირიდან საქართველოში მნიშვნელოვანი ღონისძიება იწყება და ამისთვის მთავრობის მზაობაა საჭირო. ასე რომ, ვთვლი, 7-8 მაისს შესაძლებელია საკითხის დასრულება და პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღება”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
უსუფაშვილის შეფასებით, პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადების კუთხით კონსტიტუციაში ტექნიკური ხარვეზები არის.
“საქართველოს კონსტიტუციაში ბევრი საკითხია დასახვეწი. ამიტომაც არის შექმნილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია. ცვლილებები, რომელიც 2010 წელს განხორციელდა, ნაჩქარევად მოხდა. მაშინ არავინ თვლიდა, რომ ეს მუხლები რეალობაში ამუშავდებოდა, რადგან მორგებული იყო რეალობაზე, როცა ერთი პირი იყო დირექტორი, უფროსი და მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა ეწერა კონსტიტუციაში. ამიტომ ტექნიკური ხარვეზები არის, მაგრამ არ ვთვლი, რომ ეს არის ყველაზე დიდი ხარვეზი”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები