მთავრობის ადმინისტრაცია პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს

მთავრობის ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ სთხოვს, მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს შესაბამისი ვადის ამოწურვამდე წარუდგინოს. ამის შესახებ მედიასთან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, პარლამენტი მზად არის, მთავრობის განახლებულ შემადგენლობას როგორც საკომიტეტო, ისე პლენარული სესიის ფორმატში 7 და 8 მაისს მოუსმინოს.
“ძალიან ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა აგრძელებს მუშაობას, რა თქმა უნდა, იქმნება გარკვეული ტექნიკური სირთულეები. მაგალითად, ახლა 4 მინისტრი – იუსტიციის, საგარეო საქმეთა, შს მინისტრები და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იმყოფებიან ვიზიტებით, მაგრამ მათ მოუწიათ გრაფიკის შეცვლა. ვიზიტების ნაწილი სხვა მინისტრების მიერ იქნა გადადებული შემდეგი კვირისთვის.
9 მაისს, მოგეხსენებათ, დაგეგმილია საზეიმო ღონისძიებები ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით, ასევე 9 მაისს ჩამოდის EBRD-ის პრეზიდენტი, 10 მაისს კი ამ ფორუმთან დაკავშირებული ღონისძიებების აქტიურ ფაზაში შესვლაა დაგეგმილი. ასევე ჩანიშნულია სხვა ღონისძიებები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია გაითვალისწინებს ამ გარემოებებს და შესაძლებელი გახდება პრეზიდენტის მხრიდან ამ ვადის გასვლამდე მთავრობის განახლებული შემადგენლობის პარლამენტისთვის გადაგზავნა”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
პრეზიდენტს პარლამენტისთვის მთავრობის განახლებული შემადგენლობის წარდგენის ვადა 8 მაისს ეწურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები