ჰერმანი: რაც უფრო წინ წაიწევთ ასოცირების შეთანხმების მიმართულებით, მით უფრო მეტი უფლება გექნებათ, დასვათ შეკითხვა, როდის გახდებით ევროკავშირის წევრი

ევროპის კვირეულის ფარგლებში ევროკავშირის წარმომადგენლების ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა თემაზე – ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთანამაშრომლობა. ელჩის მოხსენების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ერთ-ერთი შეკითხვა შეეხებოდა იმას, თუ როდის გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი. მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობას ბევრი წინაპირობა უძღვის წინ, რასაც ძალიან ბევრი დრო და ინტენსიური მუშაობა სჭირდება.
“არ მაქვს პასუხი ამ კითხვაზე და, ვფიქრობ, არც არავის აქვს ალბათ, ვინაიდან ჯერ არ წამოჭრილა ეს საკითხი. ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ არა იმიტომ, რომ ევროკავშირის კარგად დისციპლინებული საჯარო მოხელე ვარ, არამედ იმიტომ, რომ ეს ჯერ ჰიპოთეტური საკითხია. თქვენ გაქვთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და რაც უფრო წინ წაიწევთ ამ მიმართულებით, მით უფრო მეტი უფლება გექნებათ ამ შეკითხვის დასმის”, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
ჰერმანის თქმით, მას არ უყვარს ჩინური სიბრძნეების ციტირება, თუმცა, ჩინელები ამბობენ, რომ თუ გინდა, ხიდზე გადახვიდე, ჯერ მდინარესთან უნდა მიხვიდე. შესაბამისად, ელჩის თქმით, ეს, სავარაუდოდ, ერთი თაობის საკითხია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები