ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნას დაესწრო
ისრაელში საქართველოს საპატიო საკონსულო ოფიციალურად გაიხსნა. წარმომადგენლობას იერუსალიმში საქართველოს საპატიო კონსული იგალ ამედი უხელმძღვანელებს.
საპატიო საკონსულოს გახსნის საზეიმო ღონისძიებას ისრაელის მხრიდან ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ავეგდორ ლიბერმანი, საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორი ბენ შიტრიტი და ქვეყნის საგარეო უწყების სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ. საქართველოს მხრიდან საპატიო საკონსულოს წარმომადგენლობის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე ლევან გურგენიძე, საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ტაბატაძე, ისრაელში საქართველოს ელჩი პაატა კალანდაძე და სხვა მიწვეული სტუმრები.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ ისტორიულ კეთილმეგობრულ დამოკიდებულებას.
„დიდი ბედნიერებაა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული ერთგული მეგობრობა, რომელიც ორიათას წელს ითვლის. ჩვენ ყოველდღე ვაღრმავებთ თანამშრომლობას, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ისე ორმხრივ ურთიერთობებში. ამის ნათელი მაგალითია საქართველოსა და ისრაელს შორის უვიზო მიმოსვლის დაწესება. საპატიო კონსულის ოფისის გახსნა იერუსალიმში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც გაამყარებს ჩვენ ორ ერს შორის გადებულ ხიდს“, – განახცადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან გურგენიძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული წარმატებული თანამშრომლობა, რასაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საპატიო საკონსულოს საქმიანობა.
„საქართველო ისრაელს შორის ორმხრივ ურთიერთობებში პრაქტიკულად არ არის არცერთი თავისუფალი სფერო, სადაც ჩვენი ხალხი არ იყოს მჭიდრო კავშირში ერთმანეთთან. ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას ხელს შეწყობს საპატიო კონსულის წარმომადგენლობის გახსნა, დარწმუნებული ვარ საპატიო კონსულის საქმიანობა ბევრს შესძენს ორმხრივ ურთიერთობებს“, -აღნიშნა ლევან გურგენიძემ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რომ საპატიო კონსულის წარმომადგენლობა ორ ქვეყანას შორის კულტურული, საგანმანათლებლო და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას მოემსახურება. ისრაელში საქართველოს საპატიო კონსულმა იგალ ამედმა მადლობა გადაუხადა საქართველოსა და ისრაელის მხარეს გამოხატული ნდობისათვის. იერუსალიმში საქართველოს საპატიო კონსულს ისრაელის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ხელმოწერილი ეგზეკვატურა 31 მარტს ოფიციალურად გადაეცა.