„მთავრობა დღეს უფრო კოალიციური გახდა, „რესპუბლიკელებმა“ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მეტი პასუხისმგებლობა ავიღეთ“

„თინა ხიდაშელის და გიგლა აგულაშვილის სახით აღმასრულებელ ხელისუფლებაში ორი ძალიან წარმატებული, ცნობილი პოლიტიკოსი და ლიდერი მივავლინეთ. დარწმუნებული ვარ, ორივე მათგანის საქმიანობა წარმატებული იქნება“,- აღნიშნული განცხადება „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
სამნიძის განცხადებით, აგულაშვილის და ხიდაშელის პარლამენტიდან წასვლა დანაკარგია, თუმცა მიიჩნევს ,რომ მთავრობაში მათი საქმიანობა ეფექტური იქნება. მისივე განცხადებით, მინისტრთა კაბინეტში „რესპუბლიკელი“ მინისტრების გამოჩენით მთავრობა უფრო კოალიციური გახდა.
„აქამდე კოალიციის აღმასრულებელ შტოში ჩვენ წარმოდგენილი არ ვიყავით, დღეს კი მთავრობა უფრო კოალიციური გახდა და იმედია ასევე უფრო მეტად კოალიციური გახდება ყველა დონეზე. ეს არის გზავნილი ჩვენი პარტნიორებისთვის და ჩვენი მეგობრებისთვის. ყველა პარტიამ, რომელიც კოალიციაში შედის ,პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ამა თუ იმ სფეროზე. უამრავი გამოწვევა და პრობლემა აქვს ქვეყანას და, ბუნებრივია, მინისტრთა კაბინეტის შეცვლით ეს პრობლემები ავტომატურად არ გადაიჭრება. ამ პროცესში „რესპუბლიკელებმა“ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მეტი პასუხისმგებლობა ავიღეთ, ეს პარტიის მხრიდან მეტ ძალისხმევას, მეტ ენერგიას ნიშნავს. თინა ხიდაშელიც და გიგლა აგულაშვილიც ძალიან ეფექტური და შედეგების მომტანი იყო პარლამენტში. მათი წასვლა პარლამენტიდან დანაკარგია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მათი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადანაცვლება ასეთივე წარმატებული იქნება. თინა და გიგლა თავიანთ სფეროებში ყოველთვის წარმატებულები იყვნენ“,- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები