თბილისის მერმა „სითი პარკს“ დედაქალაქის მთავრობის მოთხოვნები გააცნო
დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ კომპანია „სითი პარკს“ ძირითადი მოთხოვნები წარუდგინა, – ამის შესახებ ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში მათთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ მოთხოვნების ძირითადი ნაწილი შემოსავლების განაწილების თანაბრობას, ავტომანქანების თანაბრობას და პარკირების სისტემის მოწესრიგებას ეხება.
მერის განცხადებით, აღნიშნული მოთხოვნები ითვალისწინებს, რომ „სითი პარკს“ ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების მიმართულებით ექსკლუზივი აღარ ჰქონდეს.
„მე კომპანია „სითი პარკს“ უკვე წარვუდგინე ჩვენი ძირითადი მოთხოვნები, კერძოდ, შემოსავლების განაწილების თანაბრობასთან დაკავშირებით, რომ ეს თანაბრობა აღდგეს და ქალაქის ბიუჯეტმა მეტი შემოსავალი მიიღოს. ასევე, ავტომანქანების გატაცება და საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანა უნდა შეიცვალოს ადგილზე დაჯარიმებით. გავაცანი ჩვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეტაპობრივად, ტროტუარები ქვეითად მოსიარულეებს უნდა დაუბრუნდეს და აქ პარკირება უნდა შეიზღუდოს. ისევე, როგორც საუბარი გვქონდა იმაზე, რომ ჩვენ უკვე ვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობაზე და ამ მიმართულებით დამატებით ინვესტიციებს აუცილებლად მოვიზიდავთ, რათა დედაქალაქში ალტერნატიული პარკირების ადგილები გაჩნდეს“, – განაცხადა ნარმანიამ.