დავით უსუფაშვილი ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმას გამოეხმაურა
პარლამენტის დღევანდელ ბიუროს სხდომაზე დავით უსუფაშვილი “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სერგო რატიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ნუგზარ წიკლაურის ცემა და გატაცების მცდელობა ხელისუფლებამ დაგეგმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პარლამენტის წევრი, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა და მრწამსისა, დაცული უნდა იყოს და სამართალდამცავებს საქმის აქტიურად გამოძიებისკენ მოუწოდა.
„ძალიან ვწუხვარ, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, მიუხედავად ძალიან ოპტიმისტური განცხადებებისა, საქმე ვერ გაიხსნა. ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან პარლამენტის წევრი დაცული უნდა იყოს, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა და პოლიტიკური მრწამსისა. მე კიდევ ერთხელ მინდა სამართალდამცავ ორგანოებს შევახსენო, რომ ამის თაობაზე მუშაობა უნდა გრძელდებოდეს და გაგრძელდეს. იმედი მაქვს, რომ საქმე სწრაფად გაიხსნება“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.
რატიანის განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობის წევრს, ნუგზარ წიკლაურს 2014 წლის 31 მარტს თავის საცხოვრებელ სახლთან უცნობი პირები დახვდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.