მინისტრის რანგში თინათინ ხიდაშელის პირველი სამუშაო დღე (ვიდეო)

დღეს, თავდაცვის მინისტრის რანგში თინათინ ხიდაშელის პირველი სამუშაო დღეა. სამინისტროში ხიდაშელს უწყების ყოფილი ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე დახვდა და თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები წარუდგინა. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, მისთვის ამ მნიშვნელოვანი სამინისტროს ხელმძღვანელობა, ქართველი ჯარისკაცების სამსახური, დიდი პატივია. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა:
„ჩემთვის არც ერთი სფერო არ არის უცხო. როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციაში ვიყავი, ჩვენ პრაქტიკულად ყველაფერზე ვმუშაობდით. მაგრამ ეს არ არის მთავარი და მნიშვნელოვანი. ჩემი ერთ-ერთი ამოცანაა, ის მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც საქართველოში რამდენიმე ხნის წინ დაიწყო – თავდაცვის უწყებისა და გენერალური შტაბის, ანუ სამხედრო და სამოქალაქო ნაწილის გაყოფის, ბოლომდე მივიყვანოთ. დღემდე პრობლემები აქვს თავდაცვის კანონს პარლამენტში. მე ვფიქრობ, რომ ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რათა გადავიდეთ რეალურად იმ სტანდარტზე, რასაც ნატო და საერთაშორისო თანამეგობრობაში ჩვენი წევრობა ითხოვს“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
მინდია ჯანელიძემ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და თინათინ ხიდაშელს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. „პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთელ პირად შემადგენლობას გაწეული სამსახურისთვის. დღეს, ახალ მინისტრთან ერთად შევხვდით ხელმძღვანელობას. ქალბატონ თინასთან მე მანამდეც მქონდა შეხვედრა, რომელზეც ჩვენი მოსაზრებები გავცვალეთ. ვისაუბრეთ ჩვენი ხედვების და ძირითადი პროცესების შესახებ, რომელიც თავდაცვის სამინისტროში ხორციელდება. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პროექტი და გეგმა მივა ბოლომდე, რაც გააძლიერებს ჩვენ შეიარაღებულ ძალებს“, – აღნიშნა მინდია ჯანელიძემ.
თინათინ ხიდაშელი საქართველოს თავდაცვის მინისტრად პრემიერ-მინისტრის N169 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა. მან აღნიშნულ პოსტზე მინდია ჯანელიძე შეცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები