თინა ხიდაშელი: არასოდეს მითქვამს, რომ აფხაზეთს არ განვიხილავ საქართველოს ნაწილად

არასოდეს მითქვამს, რომ აფხაზეთს არ განვიხილავ საქართველოს ნაწილად – ამის შესახებ პრემიერის მიერ ახლად დანიშნულმა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე: სხვადასხვა მედიასაშუალება დღესაც ავრცელებს 2001 წელს თქვენ მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც აფხაზეთს საქართველოს ნაწილად არ მიიჩნევთ – ხიდაშელი მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
“რაც წერია, ყველაფერი სიმართლეა, მაგრამ თუ არ იტყვი, რა კონტექსტია… როცა წერია მხოლოდ ეს… ტრენინგზე ხომ ყოფილხართ, არ გითამაშიათ? შეიძლება ისეთ საკითხებზე ვიმსჯელოთ, ვიღაცამ ჩვენი საუბარი რომ ჩაიწეროს, სამშობლოს მოღალატეებად კი არა, სამყაროს პრობლემადაც შეიძლება გამოგვაცხადონ. ეს საერთაშორისო დონეზე ორგანიზებული შეხვედრა იყო, კონფერენციას უფრო ოფიციალური სტატუსი აქვს. მაშინ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური შეხვედრების მთელი ციკლი გვქონდა. დახურულ კარს მიღმა საუბრისას ამოცანას გულზე ხელების ბრაგუნი კი არა, მეორე მხარის ალაპარაკება წარმოადგენს. მე დღესაც იმავეს გავიმეორებ… ვფიქრობ, საქართველოს ყველაზე დიდი მხარდამჭერი აფხაზეთში პროაფხაზური ძალები არიან, რომლებსაც სჯერათ, რომ მთავარი მიზანი აფხაზეთის დამოუკიდებლობაა. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ისინი აფხაზეთის რუსეთის ფედერაციის ნაწილად გახდომას არ დაუშვებენ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში. მათი ამოცანები და სტრატეგია უნდა იცოდე, მაგრამ თუ ადამიანს ეტყვი, ხვალ დილით თუ არ დათანხმდები ჩემს წინადადებას, თოფით მოვდივარ და დაგიპყრობო, ის ჩაიკეტება და მის გეგმებზეც ვერაფერს შეიტყობ. ამიტომ სემინარი თუ “მრგვალი მაგიდის” ფორმატის შეხვედრები სწორედ იმას ემსახურება, რომ მეორე მხარე ყველა სცენარზე მაქსიმალურად აალაპარაკო. არასოდეს მითქვამს, რომ აფხაზეთს არ განვიხილავ საქართველოს ნაწილად. ეს არის სცენარის ნაწილი, რომლის მიხედვითაც მეორე მხარე უნდა ვალაპარაკოთ. ამას ჰქვია თამაში “მრგვალი მაგიდის” ფორმატში. არ ვაპირებ ამ თემაზე თავის მართლებას“,-განმარტავს თინა ხიდაშელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები