“ოკუპაციის შესახებ” კანონის განხილვას პარლამენტში ხმაური მოჰყვა
დეპუტატებმა პარლამენტის სხდომაზე “ოკუპაციის შესახებ” კანონის გამო იკამათეს. საკანონმდებლო ორგანოში დღეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე იმყოფებოდა, რომელმაც რუსეთის ავიაკომპანია “აეროფლოტის” თემაზე ილაპარაკა, რასაც ხმაური მოჰყვა.
“ერთხელ მოხდა, შარშან აგვისტოში და ამაზე რეაგირება მთავრობამ გააკეთა. შესაბამისი ნოტა გაიგზავნა საგარეოს მეშვეობით. თუ მსგავსი შემთხვევა კიდევ განმეორდა, ამ კომპანიაზე მთავრობის მიერ ადეკვატური რეაგირება იქნება,” – განაცხადა მიქელაძემ.
მისი გამოსვლის შემდეგ ოპოზიცია დაინტერესდა, არღვევს თუ არა ეს კომპანია “ოკუპაციის შესახებ” კანონს.
“შოკისმომგვრელია, როდესაც მთავრობის წარმომადგენელი ამბობს, რომ “აეროფლოტმა” მხოლოდ ერთხელ დაარღვია საქართველოს კანონი “ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ.” ვიღაცას ძალიან უნდა ამაზე თვალის დახუჭვა”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
უმრავლესობიდან ზურაბ ტყემალაძემ კი აღნიშნა, რომ განმეორების შემთხვევაში მთავრობა ადეკვატურ ზომებს მიიღებს.