პრეზიდენტი მოსკოვსა და ცხინვალს შორის ხელშეკრულების გაფორმების გამო აღშფოთებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ე.წ. “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების” გაფორმების გამო აღშფოთებას გამოთქვამს. როგორც პრეზიდენტის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, მოინახოს ვითარების დარეგულირებისა და არსებული პრობლემების გადაჭრის გონივრული გზები, რუსეთის ფედერაცია დესტრუქციული ქმედებებით პასუხობს.
“გამოვხატავთ უკიდურეს აღშფოთებას რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების” ხელმოწერასთან დაკავშირებით.
სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გადადგმული ეს ნაბიჯი კიდევ უფრო ამძიმებს ოკუპაციის შედეგად შექმნილ ვითარებას და იგი ანექსიის ხარისხში გადაჰყავს.
აღმაშფოთებელია, რომ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, მოინახოს ვითარების დარეგულირებისა და არსებული პრობლემების გადაჭრის გონივრული გზები, რუსეთის ფედერაცია პასუხობს ყოვლად დესტრუქციული ქმედებებით, რაც პრობლემას უქმნის მოლაპარაკებების პროცესს და უკიდურესად ამწვავებს არსებულ ვითარებას”, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
საქართველოს პირველი პირი მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, გააერთიანოს ძალისხმევა სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიების ანექსიის აღსაკვეთად და რუსეთის ფედერაციის იმ ქმედებების შესაჩერებლად, რომელიც უხეშად უგულვებელყოფს საერთაშორისო სამართალს.
“ეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რუსეთის უშუალო მეზობელ ქვეყნებს, არამედ საერთო ევროპულ უსაფრთხოებას”, – მიიჩნევს პრეზიდენტი მარგველაშვილი.