როდის და როგორ გადაურჩა ქადაგიძე დაკავებას?
ეკონომიკის საკითხებში ექსპერტის მიხეილ დუნდუას განცხადებით, ლარის დევალვაცია დაიწყო 2013 წლიდან, მეორე ტალღა იყო 2014 წელს და ის, რაც ახლა ხდება, უკვე მესამე ტალღაა. როგორც ექპერტი “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს, “ქადაგიძემ იცრუა, როცა თქვა, რომ მან ეკონომიკას საკმარისი რაოდენობით დოლარი მიაწოდა.
“ქადაგიძემ იცრუა, როცა თქვა, რომ მან ეკონომიკას მიაწოდა დოლარი საკმარისი რაოდენობით. ლარის დევალვაცია დაიწყო 2013 წლიდან, მეორე ტალღა იყო 2014 წელს და ის, რაც ახლა ხდება, უკვე მესამე ტალღაა. ანუ, ორი წელია ლარი უფასურდება. ამ პერიოდის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკიდან ამოიღო დოლარი და ლარი მიაწოდა. 2013 წლის ნოემბრამდე სებ-მა შეისყიდა 555 მილიონ დოლარამდე, ანუ სანამ ლარი გაუფასურდებოდა, სწორედ ამდენი თანხა ამოიღო ეკონომიკიდან და სანაცვლოდ შესაბამისი რაოდენობის ლარი გაუშვა. სწორედ ნოემბრის შემდეგ, დეკემბერში, როცა გაცხოველებულია ვაჭრობა იმპორტის თვალსაზრისით და დოლარზე მოთხოვნა იზრდება, დაიწყო დევალვაციის პირველი ტალღა. ამ პერიოდში სებ-ი ეკონომიკაში დოლარს მცირე პორციებით აბრუნებდა და ორ თვეში 220 მილიონი დოლარი დააბრუნა. მაგრამ შეადარეთ ერთმანეთს ეკონომიკიდან ამოღებული და დაბრუნებული თანხები. როცა სებ-ი ეკონომიკიდან დოლარს იღებდა, განმარტავდა, რომ ამას აკეთებდა ლარის ზედმეტად გამყარების საფრთხის თავიდან ასაცილებლად და სავალუტო რეზერვების შესავსებად. ამასთანავე, აკეთებდა სხვა განმარტებებსაც – ჩემი საქმე არ არის კურსის მეთვალყურეობა და ჩემი მთავარი ფუნქცია ფასებზე კონტროლიაო. ამ შემთხვევაში, როცა ეკონომიკას უჭირს და სჭირდება ისევ დოლარი, რატომ არ უბრუნებს უკან? ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ სებ-მა გამოიტანოს მთელი სავალუტო რეზერვი, მაგრამ ის თანხა, რომელიც ეკონომიკას გამოაკლო, უკან უნდა დაუბრუნოს. დღეს ინფლაცია ჩუმად “მწიფდება”. მოქმედი ბიზნესკომპანიები ფასებს არ ზრდიან და ლარის კურსის დასტაბილურებას ელოდებიან. მაგრამ ისინი ფასს მყისიერად და ერთბაშად გაზრდიან, თუ ვითარების უკან შემობრუნების იმედი გადაეწურებათ. სებ-ი როცა სავალუტო რეზერვების შემცირების საფრთხეს იმიზეზებს, შეგახსენებთ, რომ 2009-2010 წლებში, წელიწად-ნახევარში სებ-მა ეკონომიკას 450 მილიონი დოლარი მიაწოდა და სავალუტო რეზერვები 1,9 მილიარდ დოლარამდე შეამცირა. დღეს სავალუტო რეზერვი 2,6 მილიარდი დოლარია. ფინანსური სისტემის მდგრადობისთვის“,- აცხადებს დონდუა.
ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე უნდა გადადგეს. მისივე თქმით, აუცილებელია, რეზერვის მოცულობა იმპორტის სამმაგ მოცულობაზე მეტი იყოს, რაც ჯამში 1,7 მილიარდია.
“ანუ აუცილებელსა და არსებულ რეზერვს შორის 900-მილიონიანი მეტობაა. შესაბამისად, სებ-ს საკმარისზე მეტი რეზერვი აქვს და ჰქონდა, რათა ადრე ამოქმედებულიყო. ჩემი აზრით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე უნდა გადადგეს”, – ამბობს დონდუა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, ივანიშვილის მიმართ ნდობა იმდენად მაღალია, რომ მისი განცხადების შემდეგ, ლარის გაუფასურების მიზეზებს პანიკის ნაწილი მოსცილდა.
“შარშან 3 ნოემბრიდან დაიწყო ლარის კურსის ინტენსიური ვარდნა, 51 პუნქტით დაეცა, დაახლოებით 29%-ით, რაც პრინციპში კატასტროფის ტოლფასია და ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებმა დროულად მოუსწრო ლარს. თავად საფუძველი ლარის ვარდნისა იმდენად საშიში არ არის, რამდენადაც შეგნებულად გაღვივებული აჟიოტაჟური მოთხოვნა. ივანიშვილის მიმართ ნდობა იმდენად მაღალია, რომ მისი განცხადების შემდეგ, ლარის გაუფასურების მიზეზებს პანიკის ნაწილი მოსცილდა. ხელისუფლების წარმომადგენლებიცა და სებ-იც სულ ამბობენ, რომ ამ ვითარებაში პანიკა ყველაზე საშიშია, მაგრამ ვინ ქმნის ამ პანიკას? 3 ნოემბერს დაიწყო ეს პროცესი, რომელშიც სებ-ი 25 ნოემბრამდე არ ჩარეულა. 25 ნოემბერს გამოიტანა გასაყიდად 40 მილიონი დოლარი, შემდეგ – 2 დეკემბერს და მერე 4 თებერვლამდე აღარ ჩარეულა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ იანვარში ლარის კურსი საკმაოდ დაეცა. არავინ ამბობს, დამიჭირეთ და ჩამსვით ციხეშიო. ყველა თავისი ქმედების გამართლებას ცდილობს და ოპონენტების ძლიერება-სისუსტისგან გამომდინარე, გასდის ან არ გასდის. როცა ერთი მხრიდან ხედავ, რომ ლარის სიჭარბეა, მოთხოვნა დოლარზეა და ამ დროს, 350 მილიონიდან 700 მილიონამდე ზრდი კომერციული ბანკების დაკრედიტებას, რითაც მიმოქცევაში უშვებ უზარმაზარ დამატებით ფულად მასას, რით შეიძლება ეს აიხსნას? იმ დროს, როცა ლარის კურსის სტაბილურობას სერიოზული საფრთხე ემუქრება და რეალურად დამანგრეველი პროცესი მიდის, ლარის მასის გაზრდას რა ჰქვია? გადახედეთ, რა ხდებოდა იმ დროს, როცა “ნაციონალური მოძრაობა” იყო ხელისუფლებაში. მაშინაც ქადაგიძე იყო სებ-ის პრეზიდენტი, ყოველთვის ნოემბერში იწყებდნენ ინტერვენციებს და ეს იანვარ-თებერვლამდე გრძელდებოდა. შემდეგ კი პირიქით, ზაფხულში ეკონომიკიდან დოლარს იღებდნენ. ამისთვის არსებობს სებ-ი, რომ ქვეყანა დააზღვიოს თუნდაც საგარეო ფაქტორების ზემოქმედებისგან. ამიტომ ამ ვითარებაში უდიდესი პასუხისმგებლობა სწორედ ეროვნულ ბანკს ეკისრება.
მთავრობამ პირველი შეცდომა მაშინ დაუშვა, როცა აცხადებდნენ, სებ-თან კოორდინირებულად ვმუშაობთო. იმედი მაქვს, ამ საკითხს ხელისუფლება ასე არ დატოვებს, ჩაიხედავენ სიღრმეში და არ გამიკვირდება, თუ ზოგიერთ მათგანს შერცხვება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გავემიჯნებოდი მაინც ამ ვითარებაში სებ-ს. არჩევნებში გავიმარჯვეთ თუ არა, ქადაგიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრულიყო. ამას კატეგორიულად ვითხოვდი და ბიძინა ივანიშვილთან ვიკამათეთ კიდეც. ლარის გაუფასურებაში საბოტაჟის ნიშნებს ნამდვილად ვხედავ, თუმცა, დოკუმენტურად დასაბუთება არ შემიძლია. ეჭვი არსებობს, მათ შორის, თუნდაც იმასთან დაკავშირებით, შექმნილ ვითარებაში 350 მილიონით რომ გაზარდეს მიმოქცევაში ფული, რა მოიგო სახელმწიფომ?! იქნებ გვითხრან, სად წავიდა ეს ფული?! სებ-ს უნდა შეესწავლა, რა იწვევს მოთხოვნას დოლარზე, იქნებ სპეკულაციური მოთხოვნაა?! ვინ ყიდულობდა და რისთვის ყიდულობდა?! 90-იან წლებში ზუსტად იმავეს აკეთებდა ეროვნული ბანკი, “უპრაგონოდ”, გაუზომავად იძლეოდა სესხებს. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, პირდაპირ მოგცემ სესხს, თუ კომერციული ბანკის მეშვეობით. ზუსტად იგივე გააკეთა ახლაც ეროვნულმა ბანკმა. როცა არის შესაძლებლობა, ეს შეაჩერო, რას ელოდები?! რაც შეეხება ფასებს, ნოდარ ხადურმა განაცხადა ამას წინათ, არ დავუშვებთ ფასების ზრდასო. თუ ლარის კურსს არ დაიჭერენ, ფასების სტაბილურობას ვერავინ დაიჭერს – ვერც ხადური და ვერც საქართველოში მცხოვრები ყველა ნოდარი ერთად“,-აცხადებს ჯავახიშვილი.
წყარო :“კვირის პალიტრა“