დავით ჩიხელიძე – ევროპარლამენტის რეზოლუციაში სააკაშვილის საკითხის ასახვა ზუსტად ასახავს აღნიშნული რეზოლუციის სულისკვეთებას და მოტივაციას
“ევროპარლამენტმა მორიგი, არაფრისმომცემი რეზოლუცია მიიღო, რომელიც რამდენიმე პუნქტისგან შედგება”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სააკაშვილის საკითხის რეზოლუციაში ასახვა ზუსტად ასახავს აღნიშნული რეზოლუციის სულისკვეთებას და მოტივაციას.
“რეზოლუციის ავტორები მოუწოდებენ ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, დააწესონ პერსონალური სანქციები, (ივანიშვილი, კობახიძე, ღარიბაშვილი, კალაძე, პაპუაშვილი)
საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგი;
ევროკავშირმა მკაცრად შეზღუდოს ევროკავშირის დონეზე ოფიციალური კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან;
ასევე, აპირებენ უკვე შეჩერებული 120 მილიონი ევროს მხარდაჭერის კიდევ ერთხელ შეჩერებას.
დაჟინებით მოითხოვენ ჰუმანიტარული მიზნით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას… და ა.შ.
სააკაშვილის საკითხის რეზოლუციაში ასახვა ზუსტად ასახავს აღნიშნული რეზოლუციის სულისკვეთებას და მოტივაციას, სამწუხაროდ ევროპარლამენტში არის ადამიანთა არც თუ მცირე ჯგუფი, რომელიც ერთის მხრივ სასამართლოს დამოუკიდებლობას გვიწუნებს (უსაფუძვლოდ) მეორეს მხრივ კი ქვეყნის შიდა საქმეებში და მათ შორის სასამართლოს საქმეებში ერევა.
საქართველო ბანანის რესპუბლიკა არ არის, ჩვენ გვყავს ეროვნული მთავრობა, რომელიც უცხო ქვეყნის ინტერესების ნაცვლად ეროვნულ ინტერესებს ატარებს და ცალ ფეხზე არასდროს დადგება!
უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები შესასრულებლად სავალდებულო არ არის, ის როგორც წესი კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის ინტერესებს არის მორგებული, ხშირ შემთხვევაში დიდი ფულის სანაცვლოდ… შორს რომ არ წავიდეთ, 2023 წელს ხუთი ევროპარლამენტარი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს… ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე სერიოზულ ზეგავლენას ვერ მოახდენს, ის ისეთივე ფურცლების გროვად დარჩება, როგორც ეს გასულ თვეებში მიღებული რეზოლუციების დროს მოხდა”, – წერს ჩიხელიძე.