ეკა ბესელია: ჭიკაიძემ პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტი გამოიჩინა

ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილება იყო მართებული, სწორი და შესატყვისი – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია შს მინისტრის გადადგომას.
მისივე თქმით, ჭიკაიძემ პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტი გამოიჩინა.
„ეს პასუხისმგებლობა მთლიანად გადანაწილებულია ყველა იმ ადამიანზე, ვისაც სახელმწიფოებრივი და თანამდებობრივი პასუხისმგებლობა გააჩნია. ნებისმიერ კითხვას, რაც ამ საქმესთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდეს, აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი.
ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილება იყო მართებული, სწორი და შესატყვისი. იმის მიუხედავად, რომ მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო, მისი ხელმძღვანელობა მობილიზებულია, რათა როგორც იური ვაზაგაშვილის, ასევე მისი შვილის საქმეებზე გამოძიება სწრაფად წარიმართოს და დამნაშავეთა დაკავებით დასრულდეს. ასეთ ვითარებაში მიღებულია გადაწყვეტილება, სადაც თანამდებობაზე მაღლა უფრო მნიშვნელოვანი ღირებულებები დადგა. ეს არის ის მორალური პასუხისმგებლობა და სტანდარტი, რაც ჩვენი ხელისუფლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებით პრემიერს დღეს მიმართა.
“მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით. ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას. იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ცხელ კვალზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. ამ ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ. გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა”, – ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები