„ჭიკაიძის გადაწყვეტილება მოწმობს იმაზე, რომ ის თანამდებობას ჩაფრენილი არაა“
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე გამოეხმაურა.
როგორც მაღრაძემ აღნიშნა, ჭიკაიძის გადაწყვეტილება მოწმობს იმაზე, რომ ის არ არის ადამიანი, რომელიც ჩაფრენილია თანამდებობას.
„ ჩვენ ყველამ ალბათ პირoვნულად პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას. ჭიკაიძის გადაწყვეტილება მოწმობს იმაზე, რომ ის არ არის ადამიანი, რომელიც ჩაფრენილია თანამდებობას. მან პიროვნულად აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, შესაძლოა, ჩათვალა, რომ ისე ვერ იმუშავა, როგორც საჭიროა, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შს მინისტრის პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში ისეთი მაღალი არ არის“,- განაცხადა გუგული მაღრაძემ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებით პრემიერს დღეს მიმართა. “მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით. ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას. იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ცხელ კვალზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. ამ ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ. გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა”, – ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.