„ქართულ ოცნებასთან“ გაერთიანებას არ ვაპირებთ“
“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” პარტიის პოლიტიკურმა მდივნმა გიგლა ბარამიძემ, საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ნინო ბურჯანაძის პარტიისა და „ქართული ოცნების“ შესაძლო გაერთიანების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
ბარამიძის განცხადებით, ეს უბრალოდ მოარული ხმებია, რომლებსაც შესაძლოა, დღევანდელ ხელისუფლებაში მათ პარტიაში წარსულში გარკვეულ პოზიციებზე მათთან მომუშავე პირების მმართველ გუნდში ყოფნა ედოს საფუძვლად.
ბურჯანაძის პარტიის პოლიტიკური მდივნის განცხადებით, ისინი ხელისუფლებაში მოსვლას „ქართული ოცნების“ გარეშე გეგმავენ.
„ ეს იყო პოლიტოლოგებისა და პოლოტიკოსების გარკვეული ნაწილის მოსაზრება და ვარაუდი. „ქართულ ოცნებასთან“ არანაირ გაერთიანებაზე საუბარი არ მიდის. მათთან კავშირი არც გვაქვს და არც გვექნება. ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლას „ქართული ოცნების“ გარეშე ვაპირებთ. ამ მოარულ ხმებს საფუძვლად უდევს ის, რომ დღევანდელი ხელისუფლების ბევრი თანამდებობის პირი პრეზიდენტით დაწყებული, მინისტრებით, მოადგილეებით და თბილისის მერით დამთავრებული, იყვნენ ჩვენთან სხვადასხვა თანამდებობაზე. იქნებოდა ეს ტექნიკური, მეორეხარისხოვანი თუ მრჩევლის თანამდებობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, თითქოსდა, ამ ადამიანების დესანტირება გავაკეთეთ ხელისუფლებაში. მათ თავიანთი და ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს“,- განაცხადა გიგლა ბარამიძემ.