პაციენტი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს უჩივის – მაია ტაბიძე ნეიროქირურგისგან მატერიალური ზარალის ანაზღაურებას ითხოვს

მედიცინის დოქტორის ირაკლი თოიძის წინააღმდეგ პაციენტმა ჯანდაცვის სამინისტროს საჩივრით მიმართა. მაია ტაბიძე ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მედიცინის დოქტორს ირაკლი თოიძეს გულგრილობასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს. პაციენტი ირაკლი თოიძისგან მატერიალური ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.
10928602_893800037309157_900467556_n
პრეისტორია:
48 წლის მაია ტაბიძე წელის არეში ტკივილმა ჯერ კიდევ შარშან აგვისტოში შეაწუხა. მოგვიანებით წელის არეში ტკივილს მარჯვენა ფეხზე სიმძიმე დაემატა და მან აკადემიკოს ფ. თოდუას კლინიკას მიმართა. მედიკამენტური მკურნალობის შემდეგ, ტაბიძეს ტკივილები მაინც აწუხებდა. ამიტომ იგი იძულებული გახდა, ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან მისულიყო და გამოკვლევა ჩაეტარებინა.

როგორც „კვირასთან“ მაია ტაბიძემ აღნიშნა, ირაკლი თოიძის მითითებით გამოკვლევა ჩაიტარა. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მას ხერხემლის მალებს შორის 7 მმ -ს მქონე თიაქარი აწუხებდა. აღსანიშნავია, რომ პაციენტი სოციალურად დაუცველია და იგი სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობდა.

„ირაკლი თოიძემ ამიხსნა, რომ ოპერაცია გარდაუვალი იყო. თან მითხრა, ბანალური ოპერაციაა და თიაქარი მოსაშორებელიაო. ფორმა -„100“ უნდა გამეკეთებინა. დრო იწელებოდა და წელის არეში სასტიკი ტკივილები უფრო და უფრო მაწუხებდა. 2014 წლის 7 დეკემბერს ფორმა -„100 “ უკვე გამზადებული მქონდა. 8 დეკემბერს სახლიდან ჩემი ფეხით გავედი, ისიც კი არ ვიცოდი, ოპერაციას იმავე დღეს თუ ჩამიტარებდნენ. ირაკლი თოიძემ საავადმყოფოში რომ დამინახა, ხელიდან აღარ გამიშვა და ოპერაცია დღის მეორე ნახევარში დანიშნა. მითხრა, თიაქარს ამოვკვეთავთ და ტკივილებიც მოგეხსნებაო. ამასთანავე, უნდა აღვნიშნო, რომ ირაკლი თოიძემ იცოდა, მე, როგორც სოციალურად დაუცველს, ოპერაციას სახელმწიფო მთლიანად მიფინანსებდა და ხელიდან არ გამიშვა.

ოპერაცია ერთი საათიც არ გაგრძელდა. როგორც კი ნარკოზიდან გამოვედი, თვალი გავახილე და გონზე მოვედი, წელის არეში ტკივილს ისევ ვგრძნობდი. მითხრეს, ეს ოპერაციის შემდეგი პერიოდიაო. მეორე დღეს ტკივილმა უფრო და უფრო იმატა. საავადმყოფოში შევიტყვე, რომ ირაკლი თოიძე სხვა კლინიკაშიც მუშაობდა და ექიმების თხოვნით ძალით მოიყვანეს.  მეორე დღეს, გადაადგილება ისევ მიჭირდა. როდესაც ირაკლი თოიძე საავადმყოფოში მოვიდა, დამამშვიდა და მითხრა, რომ წელის არეში ტკივილი იმიტომ მაწუხებდა, რომ თურმე ხერხემლის დისკებს შორის „ტამპონი“ ჩაედო. სასწრაფო წესით, ექიმების დახმარებით მაგნიტო-რეზონანსულ კვლევაზე გამიყვანეს. კვლევის შედეგად, ჭრილობაზე ინფექცია გამოჩნდა. წელსა და ფეხზე ტკივილები ისევ მაწუხებდა, მაღალი ტემპერატურა მქონდა. ამასობაში სახელმწიფო დაზღვევით გათვალისწინებულ პერიოდს ვადა უსრულდებოდა და საავადმყოფოდან სახლში გამომწერეს. ანტიბიოტიკებს სახლშიც გავიკეთებდი. გაუსაძლისი ტკივილების გამო, იძულებული ვიყავი სხვა კლინიკისთვის მიმემართა“, – ამბობს მაია ტაბიძე.

პირველი ოპერაციიდან რამდენიმე დღეში მაია ტაბიძემ წმინდა მიქაელის სახელობის საავადმყოფოს მიმართა. ექიმმა ირაკლი ჭეიშვილმა ისევ გამოკვლევაზე გაუშვა.

„კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ხერხემალზე, დისკებს შორის არსებული თიაქარი, რომელიც თავდაპირველად 7 მმ სიგრძის იყო, ირაკლი თოიძის მიერ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ 5, 5 მმ სიგრძის აღმოჩნდა. ამასთანავე, ოპერაციის შემდგომი ინფექცია უკვე ხერხემალზე იყო გადასული.

წარმოგიდგენიათ, რა გამიკეთა ირაკლი თოიძემ? ოპერაცია გამიკეთა და თიაქარი ბოლომდე არ ამოკვეთა. მხოლოდ 1 მმ მოკვეთა. ამხელა ოპერაცია რატომ ჩაატარა? რა ვიფიქრო, ოპერაცია იმიტომ დანიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ იყო დაფინანსებული? რაში დასჭირდა ჩემი ასეთ მდგომარეობაში ჩაგდება“? – უამრავი კითხვა აწუხებს პაციენტს, რომელიც ამ დრომდე სახლში მკურნალობს.10934730_893799573975870_1762799449_n

როგორც მაია ტაბიძე ამბობს, მას 28 დეკემბერს მეორე ოპერაცია უკვე წმინდა მიქაელის სახელობის საავადმყოფოში ქირურგმა ირაკლი ჭეიშვილმა ჩაუტარა. ქირურგიული ჩარევის შედეგად, მას ხერხემალზე თიაქარი მთლიანად ამოკვეთეს, მაგრამ ინფექციის საწინააღმდეგო მედიკამენტოზურ მკურნალობას ამ დრომდე იტარებს.

„როგორც ახლა მეუბნებიან, ჩემი გადაადგილებაც კი არ შეიძლებოდა. არადა, ირაკლი თოიძის დაუდევრობით ექიმიდან ექიმთან, საავადმყოფოდან საავადმყოფოში დავდიოდი, რომ ოდნავ შვება მეგრძნო. მეორე ოპერაციის შემდეგ, 6 თვე წოლითი რეჟიმი დამიწესეს. მეუღლე ადრე გარდამეცვალა და ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს. ისედაც გაჭირვებულ ადამიანს, ირაკლი თოიძის დაუდევრობამ მთლიანად ლოგინს მიმაჯაჭვა. ინვალიდად დავრჩი. გადაადგილება აღარ შემიძლია. შემდგომი მკურნალობის თანხა მაინც გადაიხადოს, რომ ფეხზე დავდგე“, – ამბობს მაია ტაბიძე.

პაციენტის საჩივრის გამო „კვირა“ ირაკლი თოიძესაც დაუკავშირდა. მედიცინის დოქტორი კითხვებმა გააღიზიანა.

„იცით თქვენ, მე ვინ ვარ? რაც გინდათ ის დაწერეთ. იცით რა დამსახურებები მაქვს? ხომ უნდა იცოდეთ ვისთან რეკავთ? ჯერ სანამ სტატიას დაწერთ, უნდა მოიკითხოთ ვინ არის ირაკლი თოიძე… ანუ რა ღირსებები აქვს, რა განათლება აქვს, რა მიღწევები აქვს ნეიროქირურგიაში და ასე შემდეგ“, – ასე დაიწყო მედიცინის დოქტორმა ირაკლი თოიძემ საუბარი და ტელეფონი გათიშა.

10937390_893799707309190_2038751301_n

მიუხედავად ამისა, „კვირამ“ ირაკლი თოიძის სატელეფონო კომენტარი მაინც მოიპოვა.

„მე კარგად ვიცი, რომ პაციენტი მიჩივის. ეს არის უმარტივესი ოპერაცია, როგორსაც დღეში სამს ვაკეთებ. ამ ოპერაციას მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, 4% შემთხვევებში ახასიათებს რეციდივი. ოპერაციის შემდეგ შესაძლებელია, დისკის ნაწილი ხელახლა გამოვარდეს. ამის შესახებ, პაციენტს ლექციაც კი წავუკითხე. პაციენტმა იცით რა მითხრა? – „მე კი მესაუბრე ოპერაციის შემდგომ მოსალოდნელ გართულებებზე ბატონი ირაკლიო, მაგრამ რაღა მე დამემართაო“. რაც შეეხება პაციენტის საჩივარს, მაგას გაარკვევს ჯანდაცვის კომისია. ითხოვოს და იყოს, ვერაფერს ვერ მიიღებს ჩემგან მაია ტაბიძე, იმიტომ რომ მას ყველაფერი ავუხსენი, დისკის მალებზე თიაქარს რომ ამოიღებ, იქ მთელ დისკს არ იღებ… მთელი დისკის ამოღება არ შეიძლება“, – აღნიშნა ირაკლი თოიძემ.

რაც შეეხება, მაია ტაბიძის ინფორმაციას ოპერაციის შემდეგ განვითარებული ინფექციის შესახებ, ირაკლი თოიძე კატეგორიულად უარყოფს.

„პაციენტს ინფექცია არ ჰქონია. ოპერაციის დროს ქირურგიული მარლა მართლაც ჩავდე, რომელიც სიხლდენას უშლის ხელს და რომელიც გაიწოვება. ცხრაჯერ ავუხსენი ეს ყველაფერი მაია ტაბიძეს, მაგრამ ის არაადეკვატურია. აბსოლუტურად არ მაღელვებს თქვენ რას დაწერთ“, – აცხადებს ირაკლი თოიძე „კვირასთან“ საუბრისას.

რაც შეხეება მაია ტაბიძის საჩივარს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში უკვე რამდენიმე კვირის წინ შევიდა, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო მოკვლევას აწარმოებს. მოკვლეული მასალების შემდეგ დასკვნა დაიდება, რის შედეგადაც გახდება ცნობილი, გადაუხდის თუ არა ნეიროქირურგი ირაკლი თოიძე მკურნალობის ხარჯებს მაია ტაბიძეს.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები