„მუსიკოსი, რომელიც დადის და მუსიკას აკეთებს…“
„ცოტა რთული წარსული მაქვს, საიდან და როგორ დავიწყო, არც ვიცი… გახსოვს, 1994-1995 წლები, სრული თავისუფლება, ჰიპობა, ბევრი იდეალური როკჯგუფი არსებობდა. როგორც უმეტესობა, მეც აქტიურად ვტკბებოდი როკმუსიკით, ცხოვრებას თავისუფლად აღვიქვამდი. მერე ჯარში გამიწვიეს. გორის სატანკო დივიზიონში ვმსახურობდი. წარმოიდგინე, ისეთი მაღალი ვიყავი, რომ ტანკში არ ვეტეოდი. პირველად რომ გამოვიქეცი ჯარიდან, მაპატიეს, მეორედ დამიჭირეს და რუსთავის პირველ კოლონიაში გამამწესეს. შემდეგ ფოტოხელოვნებამ გამიტაცა. მოგვიანებით თეატრალურ ინსტიტუტში, სარეჟისორო ფაკულტეტზე თავისუფალ მსმენელად მივედი. ბევრი კარგი ხელოვანი გავიცანი. მაშინ გადავიღე 10 -წუთიანი ნოველა „სიზმარი“, რომელიც მოსკოვში, ტარკოვსკის სახელობის ფესტივალზე მოხვდა. სამწუხაროდ, მე ვერ წავედი, ვითომ ოჯახმა 200 ლარი ვერ იშოვა. სინამდვილეში მამაჩემმა შემიშალა ხელი. შეეშინდა, რომ წავიდოდი და უკან აღარ დავბრუნდებოდი. საერთოდ, ასეთი ტიპი ვარ, ყველგან შემიძლია ვიცხოვრო…“ – პერკუსიონისტი ირაკლი ქოიავა.
– მუსიკალური ცხოვრება…
– მერე ყველაფერს თავი დავანებე. თეატრალურში ჩემი მიღება ვერ მოხერხდა. ალბათ, გახსოვს რთული პერიოდი იყო. ისე, როგორც ყველას, ფინანსურად ჩემს ოჯახსაც უჭირდა. უფასო განყოფილებაზე ასიდან ერთ ადამიანს იღებდნენ, შემთხვევითი ნაცნობობით და ურთიერთობით არაფერი ხდებოდა. მივხვდი, რომ მაშინ ეს პროფესია ძვირად ღირებული იყო. ამ პერიოდში ჩემმა ძმამ, მუსიკოსმა და დიზაინერმა დათო ქოიავამ 10 -კაციანი ჯგუფი ჩამოაყალიბა, პერკუსიონისტი სჭირდებოდა და შემომთავაზა მასთან დაკვრა. სიმართლე გითხრა, მაშინ სიტყვა პერკუსიონისტის მნიშვნელობა არც კი ვიცოდი. ჩემმა ძმამ ქოქოსში ბრინჯი ჩაყარა, დააწება და „შეიკერი“ გააკეთა. მომცა და მითხრა, – ეს დაგჭირდება, ამით დაუკრავ ჩვენთანო. აქედან დაიწყო ჩემი მუსიკალური ცხოვრება. ქართული, შოტლანდიური, ირლანდიური, აფრიკული ფოლკის სინთეზს ვუკრავდით. მუსიკალური განათლება საერთოდ, არ მიმიღია. უბრალოდ, ნიჭი აღმომაჩნდა და ბევრს ვმუშაობდი. თავიდან ძალიან მიჭირდა, რთული იყო, მაგრამ მთავარია შევძელი.
– სხვა ინსტრუმენტები…
– რეპეტიციები პირველ მუსიკალურ სკოლაში გვქონდა. საწყობში ქართული საკრავები ბას–ფანდური და დიპლიპიტოები აღმოვაჩინე. დიპლიპიტო არის თიხა ტყავით და ძალიან მძიმე. ერთხელ რომ დავარტყი, მომეწონა. ვიფიქრე, ამხელა კაცს ეს ქოქოსი რომ მიჭირავს, სირცხვილია. ამიტომ ჩემს ძმას შევთავაზე, რომ დიპლიპიტოზე დავუკრავდი. დამთანხმდა. ინსტრუმენტი სახლში წამოვიღე და ჩემით, დამოუკიდებლად ვისწავლე. რაღაც ქართული რიტმები წამომივიდა, მაგრამ ხელი დამისივდა, სისხლი მომდიოდა… თურმე ამ ინსტრუმენტზე ხელით არ უკრავენ. უკრავენ ჯოხით, რაც მე არ ვიცოდი. მაგრამ შევეჩვიე, სამი, ოთხი დღის მერე სერიოზული რიტმები დავიჭირე.
საერთოდ, ჩემი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი ინსტრუმენტი შევისწავლო. შეიძლება პროფესიონალი ვერ გავხდე, მაგრამ შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად ყველა ინსტრუმენტის წარმომავლობა უნდა ვიცოდე. პირველი ჩემი სერიოზული ინსტრუმენტი, რასაც დავეუფლე, იყო უდუ. ეს არის თიხისგან გაკეთებული აფრიკული საკრავი. ჩემი მეტსახელიც აქედან მოდის. ამ ინსტრუმენტზე რომ დავიწყე მუშაობა, მაშინ მასზე საქართველოში არავინ უკრავდა. უდუზე დაკვრას ინტერნეტით ვსწავლობდი, ერთ-ერთი ინდოელი ვირტუოზი პერკუსიონისტი, ზაკირ ჰუსეინის ვიდეოებით ანუ ის, რასაც უკრავდა, მეც იმას ვყვებოდი და შევისწავლე. ყოველდღე 7 საათი მაინც ვმუშაობდი. მერე შევისწავლე აგრეთვე აფრიკული – ჯემბე, თურქული – დარბუკა, ეგვიპტური – ზარბი, ინდური – კანჯირა, ტაბლა, კუბური – კონგები, ტიმბალი, ესპანური – კახონი, პერკუსიებში რომელი ინსტრუმენტიც შედის ყველას ვფლობ და მიყვარს. ამჯერად დრამს ვსწავლობ.
– კონცერტები – საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ…
– სიმართლე გითხრა, ყველაფერი უცბად მოხდა. უბრალოდ გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ რეპეტიციები არ იყო საჭირო და კონცერტები უნდა ჩაგვეტარებინა. ერევანში მეგობარს დავუკავშირდი, რომელიც თეატრალურ ინსტიტუტში გავიცანი. მასთან ერევანში ჩავედი. გავეცანი მათ გარემოს და ჩემი ძმის პროექტის, „დონ კიხოტის“ ჩანაწერი მოვასმენინე, მოეწონათ და კონცერტებიც დავგეგმეთ. პირველი გასვლა საქართველოდან 2003 წელს გვქონდა. შემადგენლობა ასეთი იყო: ვიოლინო, ჩელო, ფლეიტა, პიანო, პერკუსიები და აკუსტიკური გიტარა. აღმოჩნდა, რომ ჯგუფის სამ წევრს პასპორტი არ ჰქონდა, მაგრამ სამარშრუტო ტაქსით მაინც წავედით. რა თქმა უნდა, საბაჟოზე პრობლემები შეგვექმნა. მე ვცდილობდი ამეხსნა, რომ ვიყავით თბილისიდან ჩასული მუსიკოსები და კონცერტები გვქონდა დაგეგმილი. მივხვდი, რომ ასეთი საუბრით არაფერი გამოდიოდა და პირდაპირ ვუთხარი: რამდენი უნდა გადავიხადოთ- მეთქი. მითხრეს: ხუთ-ხუთი ლარიო. 15 ლარი გადავიხადეთ და გაგვიშვეს. კონცერტებმა ანშლაგით ჩაიარა. ფაქტობრივად პირველი წარმატება იყო და დღესაც სიამაყით ვიხსენებ, რომ ჩვენი მაინც გავაკეთეთ. სხვათა შორის, ერევნის კონცერტებზე შედგა ჩემი და ჩემი ძმის პირველი სერიოზული დუეტი. ხორუმი შევასრულეთ. მე დიპლიპიტოზე ვუკრავდი, ჩემი ძმა – აკუსტიკურ გიტარაზე. სამ-ოთხწუთიანი იმპროვიზირებული კომპოზიცია იყო, რაც ხალხს ძალიან მოეწონა.
სამწუხაროდ, ეს ჯგუფი მალე დაიშალა. მხოლოდ მე და ჩემი ძმა დავრჩით. გავაკეთეთ ახალი პროექტი – „განზომილება – ძმები ქოიავები“. სუფთა კოლხურ მუსიკას ვუკრავდით. ჩვენი დებიუტი 2004-2005 წლებში შედგა, როცა კომპანია „მი-ფა-სიმ“ ერთკვირიანი ქუჩის ფესტივალი გააკეთა. ამ ფესტივალზე ყველა მუსიკოსი უკრავდა და მათ შორის ჩვენც ვიყავით.
– იყო ქუჩაც…
– ოჯახს უჭირდა. ფული არ გვქონდა. საკუთარი თავი თვითონ უნდა მერჩინა, ამიტომ 2002-2003 წლებში ქუჩის მუსიკოსებთან გავედი. ოპერის, პოლიტექნიკური ინსტიტუტის, ფილარმონიის მიწისქვეშა გადასასვლელებში, სადაც კი შეიძლებოდა, ყველგან და ყველა მუსიკოსთან ვუკრავდი, ცნობილთან თუ არა ცნობილთან. ახლა ყველამ თავისი გზა იპოვა, სერიოზულ ჯგუფებში უკრავენ და კარგი მუსიკოსები არიან. ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა, მე ქუჩაში დაკვრამ მაქცია მუსიკოსად. ფაქტობრივად ქუჩის დამსახურებაა, რომ მე დღეს პერკუსიონისტი ვარ. მიწისქვეშა გადასასვლელებში დაკვრა ჩემთვის სტიმული , თვითრეალიზების ერთადერთი საშუალება იყო. შემდეგ უკვე დავიწყე სხვადასხვა ჯგუფთან თანამშრომლობა. ესენი იყვნენ: „პაპარაცი“, „აგორა ლაივ ბენდი“ და სხვა… აგრეთვე მონაწილეობა მივიღე „ფრანის“ პროექტში, ხშირად ვუკრავდი ჯემსეიშენებზე სხვადასხვა ცნობილ მუსიკოსებთან. წლების განმავლობაში, ძირითადად, მათთან ვთანამშრომლობდი, ვინც ჯაზს უკრავს: კახა ჯაგაშვილი, გირშელ ჯავახიშვილი, ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე, ირაკლი სანადირაძე, ირაკლი ჭოლაძე, ბესო ქავთარაძე, ნიკა ჭელიძე, გურამ მაჭავარიანი, გოგა გარსევანიშვილი, ლევან კემულარია, დათო აზირაშვილი, დათო ქოიავა…
– იმპროვიზაცია…
– ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ვიმუშავე საკუთარ თავზე. რთული იყო, მაგრამ სხვაგვარად არაფერი გამოვიდოდა. საერთოდ, როგორი ადამიანიც ხარ, იმპროვიზაციაც ისეთი გამოდის. აქ ჩანს ინდივიდის შინაგანი სამყარო, თავისუფლება, არტისტიზმი, დამოკიდებულება სხვების მიმართ. თუ სცენაზე შებოჭილი ხარ, რაც არ უნდა ვირტუოზი იყო, ვერაფერს ვერ გააკეთებ. თუმცა ვირტუოზობაც აუცილებელია, მაგრამ, გარდა ამისა, იმპროვიზაცია კიდევ ბევრ სხვა რაღაცას გულისხმობს. ხშირად ვაკეთებ პერფორმანსებს, სადაც მუსიკა რიტმს მიყვება. სულ ვცდილობ ახალი ბგერები ვიპოვო და გამოვიყენო ჩემს შემოქმედებაში.
– პროექტები…
– 2005 წლიდან ვმონაწილეობ სხვადასხვა პროექტებში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. გასვლები მქონია მარტოც და ჯგუფთან ერთადაც. სხვადასხვა დროს ვთანამშრომლობდი ბაქოელ ჯაზმენებთან: ისფარ სარაბსკი, რუსლან ჰუსეინოვი, რაინ სულთანოვი… ლიტვაში და ლატვიაში: ტომას დობროვოლსკასთან, საულიუს პეტრეისკასთან, არას ბისკისთან, ბერნარდას იანაუსკასთან, რუტასთან, აგნე დრაგუნაიტესთან, აზოლას იანცაიტესთან, ვიტაუტას ლაბუტისთან, ევგენიუს კანევიჩიუსთან, მატიასთან… 2010 წელს მთელი ტურნე მქონდა ბალტიისპირეთის მასშტაბით ლიტველ საქსოფონის ტომას ციუკაუსკასთან ერთად. ამავე წელს მქონდა რამდენიმე საინტერესო დუეტი, მაგალითად, კონგოელ პერკუსიონისტ მორგან ბანგისასთან. აგრეთვე კუბელ პერკუსიონისტ მაიკალ მონტეროსთან.
2012 წლის თებერვალში მე და ჩემმა კვინტეტმა კავკასიის მასშტაბით ტურნე განვახორციელეთ. ჩემი პროექტის My Feelings-ს პირველი კონცერტი „კავკასიურ სახლში“ ჩატარდა, შემდეგ კი ერევანში გავემგზავრეთ: 7თებერვალს კონცერტი კლუბ Process-ში გავმართეთ, ხოლო 8 თებერვალს ეთნო კლუბ Calumet-ში, სადაც სპეციალური მოწვევით მონაწილეობა ადგილობრივმა უსინათლო საქსაფონისტმა მანველ ბარსაღიანმა მიიღო. 12 თებერვალს კონცერტების სერია ქუთაისის კლუბ Black & White-ში გაგრძელდა. ქუთაისის შემდეგ კი ბაქოში წავედით. 15 თებერვალს კონცერტი Baku Jazz Center-ში გაიმართა, ხოლო 17 თებერვალს ART Garden-ში. ბაქოში სპეციალური მოწვევით ჩვენს კონცერტებში მონაწილეობდა ადგილობრივი საქსაფონისტი რაინ სულთანოვი. ყოველ კონცერტს კი წინ უძღოდა დოკუმენტური ფილმის – My Feelings– ჩვენება, რომლის ავტორი მიხეილ ჭიჭიბოშვილია და ფილმი ჩემს შემოქმედებით გზას ასახავს.
2013 წელს უფრო აქტიურად დავწიყე ახალ პროექტებზე მუშაობა და პირველი CD-ც გამოვეცი, რომელიც ლაივ- კონცერტებიდან და სხვადასხვა სტუდიიდან აგებული კომპოზიციებით შეიქმნა- ირაკლი ქოიავას მეგობრები my feelings. CD-მა კიდევ უფრო მეტი პოპულარობა მომიტანა როგორც ლიტვაში, ლატვიაში ასევე, აზერბაიჯანში, სომხეთში და საქართველოშიც. ამ ალბომს ტურნე და სოლო კონცერტები მოჰყვა: პოლონეთში,ბიალისტოკში, ვარშავაში, ლატვიაში, რიგაში, სასომხეთში. სპიტაკში კონცერტი მიწისძვრით დაზარალებულ ადგილობრივ მოსახლეობას მიეძღვნა.
მალე მეორე CD-ც გამოვიდა, სოლო პერკუსიული ალბომი სხვადასხვა დუეტებით და პერფორმანსებით.
სამი თვე ვითანამშრომლე კინომსახიობთა თეატრთან და გავახმოვანე გოგა პიპინაშვილის ევგენი შვარცის მიხედვით დადგმული პოლიტიკური ზღაპარი „დრაკონი“. შემდგე ისევ, რაინ სულთანოვთან ერთად, თითქმის მთელი კავაკსიის რეგიონი მოვიარე და ფილმი გადავიღეთ. კიდევ არარერთ საინტერესო პროექტში ვმონაწილეობდი. ვთანამშრომლობ სხვადასხვა ორგანიზაციასთან და გამოვიდა ჩემი დისკები:
Irakli Koiava & friends „my feelings“ – 2010&2013; Irakli Koiava & „Acoustic udu”,1 Disc – 2007&2014; Irakli Koiava with Free Jazz Trio Single „Music for Animation“ – 2014; Album By Rain Sultanov „Seven Sounds Of Azerbaijan“ – Inspired By Nature; Album „Voice of Karabakh“ By Rain Sultanov; DVD Short Film By Irakli Koiava „My feelings“ – 2011; VIDEO CLIP By Irakli Koiava „Touched By Nature“ – 2014.
არ ვჩერდები და კიდევ ბევრი შემოთავაზება მაქვს.
– მუსიკა, რომელიც საზოგადოებისთის უცხოა…
– მართალია, მაგრამ მე ვიბრძოლებ და კიდევ გავიზრდები. არ მეშინია, რომ ხალხი ჯერ ვერ ხვდება ჩემს მუსიკას. მთავარი იარაღი სწორედ ეს არის, არ შეგეშინდეს, იმედი არ დაკარგო და სახლში არ დაჯდე. არსებობს ასეთი რუსული ანდაზები: „თუ რამე გინდა ცხოვრებისგან, უბრალოდ, გაწიე ხელი და აიღე…“ და „ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, რომ სისულელეებისთვის დროის დაკარგვა არ ღირს…“
მე მუსიკას ყველას ვუძღვნი. არც პიარი და რეკლამა მინდა, ისიც მყოფნის ჩემს სამშობლოს რომ ვუკეთებ უანგაროდ საინტერესო მუსიკას და კონცერტებს. მე უბრალოდ, ადამიანი ვარ, რომელიც მუსიკით მაგრად კაიფობს… ბევრჯერ დამეშალა ჯგუფი, შეცდომებიც ბევრი მქონია, მაგრამ სწორედ ამ შეცდომებზე ვსწავლობდი. ყოფილა შემთხვევა, სასოწარკვეთილებისგან ინსტრუმენტების დამტვრევაც მომდომებია, მაგრამ ახლა ჩემს კონცერტებზე იმდენი ხალხი მოდის, მე თავად მიკვირს. თუმცა კონცერტზე ორი ადამიანიც რომ მოვიდეს, მაინც დავუკრავ. მე მინდა ჩემი ადგილი დავიმკვიდრო და ხალხს ვახსოვდე, ზუსტად ასეთი მუსიკოსი, რომელიც დადის და მუსიკას აკეთებს. მინდა ყველას ვუყვარდე და ყველა მიყვარდეს. კლუბებში ვუკრავ, ჯერჯერობით ამით ვცხოვრობ, თუმცა ცხოვრება გრძელდება და ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება. ხშირად მეუბნებიან ამერიკაში წავიდე, ვისწავლო, მაგრამ მე უფრო ყოფილი საბჭოთა კავშირის უცნაური, დაბინდული ქვეყნები მიზიდავს, შავ-თეთრად აღვიქვამ…
მზევინარ ხუციშვილი