მიხეილ გიორგაძე: საყდრისის საბადოზე მოპოვებულ არტეფაქტებს დაცულ სივრცეში გადაიტანენ
ქ. ბოლნისში საყდრის-ყაჩაღიანის საბადოზე მოპოვებულ არტეფაქტებს დაცულ სივრცეში გადაიტანენ. ამის შესახებ განცხადება საქართველოს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გააკეთა. მისი განცხადებით, არტეფაქტების გაწმენდა-დამუშავების პროცესს სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან, ასევე მოწვევენ საერთაშორისო მკვლევარებსაც. კულტურის მინისტრის თქმით, აღნიშნული საკითხი საზოგადოების ფართო წრეებისთვის ღია იქნება.
“ამის შემდგომ მათ სამუზეუმო ექსპოზიციაში გამოვიყენებთ. ცხადია, რომ მუზეუმის კონცეფციის, მისი ფორმატის შემუშავებაში ძალიან ფართოდ და აქტიურად იქნება ჩართული, პირველ რიგში ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო პოტენციალი, ჩვენ ასევე მოვიწვევთ იმ საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფის წევრებს, ვინც ამ ობიექტზე წლების განმავლობაში მუშაობდა და პრაქტიკულად, ყველა დაინტერესებულ პირს დავპატიჟებთ, რომ ამ კონცეფციის შემუშავებაში მიიღოს მონაწილეობა. ასე რომ, ეს არ იქნება რომელიმე ერთი უწყების, ან რამდენიმე ადამიანის გადასაწყვეტი საკითხი. მაქსიმალურად ფართოდ იქნება ეს გაშლილი ჩვენს საზოგადოებაში”, – განაცხადა კულტურის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ კომპანია ”არემჯი გოლდის“ თანამშრომლებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან, შემდეგ კი კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი „არემჯი გოლდისთვის” ლიცენზიის გაგრძელებას ითხოვდნენ. საბადოზე დასაქმებულების თქმით, რამდენიმე კვირაში კომპანიას ოქროს მოპოვების უფლება ეწურება და შესაძლოა, კაზრეთში სამუშაოები საერთოდ გაჩერდეს და იქ დასაქმებულები უმუშევრად დარჩნენ. მათივე თქმით, ბოლნისის რაიონის მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ აღნიშნულ საბადოზეა დასაქმებული და ოჯახებს სწორედ ამ სახსრებით არჩენს.
პრემიერის გადაწყვეტილებით, საინიციატივო ჯგუფს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი შეხვდა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მთავრობა ”არემჯი გოლდის“ თანამშრომლებს დაჰპირდა, რომ საკითხს უახლოეს მომავალში განიხილავდა და შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებდა.