საპარტნიორო ფონდი და K Water-ი სვანეთში ჰიდროელექტროსადგურს ააშენებენ

საპარტნიორო ფონდმა კორეულ კომპანიასთან K Water-თან (ქეი ვოთერთან) 280 მგვტ-იანი ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის ასაშენებლად ერთობლივი განვითარების ხელშეკრულება გააფორმა.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ხელშეკრულება საპარტნიორო ფონდსა და K Water-ის მიერ პროექტის განვითარებას და შემდგომ – უშუალოდ მშენებლობას ითვალისწინებს. მისი თქმით, სვანეთში მდინარე ენგურის შენაკადზე, მდინარე ნენსკრაზე აშენდება და მისი პოტენციური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთი იქნება.
“პროექტის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 1 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო მშენებლობის ვადა ხუთი წელია. პროექტზე საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია K Water-თან, რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. პროექტის მრჩეველია საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია.
სადგურზე გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება და შემოდგომა-ზამთრის პერიოდში დაეხმარება იმპორტის ჩანაცვლებას“,-განაცხადა კოვზანაძემ.
სამხრეთ კორეული სახელმწიფოს წყლის რესურსების კორპორაცია ფლობს 20 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ჯამურ აქტივებს და მისი წლიური ბრუნვა შეადგენს 2 მლრდ აშშ დოლარს.
K Water-ის ვიცე პრეზიდენტის კიომბუმ ჰანის თქმით, K Water-ი პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
“მოხარული ვარ, რომ ჩვენ დღეს ხელი მოვაწერეთ ერთობლივი განვითარების ხელშეკრულებას საპარტნიორო ფონდთან, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს თანამშრომლობას. ჩვენი კორპორაცია და მე პირადად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. ვფიქრობ, ეს პროექტი დაეხმარება ორივე ქვეყანას ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებაში“, – განაცხადა K Water-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები