ბესელია სუბელიანზე: დღეს დევნილებს მინისტრი არ უმალავს იმ ნივთებს, რაც მათ ეკუთვნით
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პროექტს „აწარმოე საქართველოში“ ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა.
როგორც მან გადაცემაში „არჩევანში“ აღნიშნა, ამ პროექტით ნამდვილად ქართული საქმე კეთდება. თავად ოპონენტს გოკა გაბაშვილს კი, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრის კობა სუბელიანის საქციელი გაახსენა, როდესაც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სარდაფში, დევნილებისთვის გადასაცემი უამრავი ნივთი და პროდუქტი აღმოაჩინეს.
„იხსნება ახალი საწარმოები, ჯერ მარტო პრემიერს აქვს გახსნილი წელს ათეულობით ახალი საწარმო. “აწარმოე საქართველოში” ძალიან მნიშვნელოვანი ქართული პროექტია, რომლითაც ძალიან მნიშვნელოვანი ქართული საქმე კეთდება. გლეხი საერთოდ, რომ არსებობდა გახსოვდათ? სოფელი გახსოვდათ? ის, რომ გლეხს სახელმწიფოს დახმარებით შეუძლია მიწა უფასოდ დაამუშავოს, თქვენ გგონიათ ეს უმნიშვნელოა? ადამიანი, რომელიც წამლისა და ოპერაციის გაუკეთებლობის გამო არ კვდება დღეს და სახელწიფოს შეუძლია თავის თავზე აიღოს ეს მცირეა? უამრავ დევნილს საკუთარი სახლი გადაეცა. დღეს დევნილებს მინისტრი არ უმალავს იმ ნივთებს, რაც მათ ეკუთვნით, დღეს უამრავ დევნილს სახლ-კარი შეუძინა სამინისტრომ სოფლად, მიუხედავად ამისა მაინც არის, რჩება პრობლემები, ჩვენ გვინდა, რომ ყველასთან მივიდეს ეს სიკეთე. მორალური სტანდარტი არსებობს და მართლაც, რაც თქვენ 9 წლის განმავლობაში საკუთარ ქვეყანას დაუშავეთ, მავნებლობებს სჩადიოდით, მორალისტებად როლში ყოფნას თავი დაანებეთ“, – მიმართა ბესელიამ გაბაშვილს.