თეა წულუკიანმა სამინისტროს 2013-2014 წლებში გაწეული საქმიანობა შეაჯამა

  • იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროს 2013-2014 წლებში გაწეული საქმიანობა შეაჯამა. ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ასევე ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობები და მისიები; საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ. როგორც იუსტიციის სამინისტროს პრესრელიზშია აღნიშნული, თეა წულუკიანმა იმ სისტემური რეფორმების შესახებ ისაუბრა, რომლებიც სამინისტროში მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა. კერძოდ, იუსტიციის მინისტრის მოხსენების ძირითადი თემები სამინისტროს საქმიანობის შემდეგი მიმართულებები იყო: მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, მხარეთა თანასწორობისა და მსხვერპლის უფლებების უზრუნველყოფა, ადამიანის უფლებების დაცვა, შრომითი უფლებები, ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაზე მუშაობა. “პოლიტიკოსები, ჩვენი რეფორმის დამსახურებით, აღარ მონაწილეობენ მართლმსაჯულების მართვაში; მოსამართლეებს პირველად მიეცათ საშუალება, თავისუფალ პირობებში დახურული კენჭისყრით აერჩიათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. ჩვენ შემოვიტანეთ ის, რაც არასოდეს ყოფილა საქართველოში ჩვენამდე, მაგრამ დავესესხეთ ისეთ დემოკრატიულ ქვეყნებს, როგორიც, მაგალითად, გერმანიაა”, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
    მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას; უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით მან ასევე ისაუბრა ჟენევის ფორმატში თანამომლაპარაკებლის სტატუსით იუსტიციის სამინისტროს მონაწილეობის მნიშვნელობაზე, არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებისათვის უწყებათაშორისი კომისიის მიერ გაწეულ საქმიანობაზე, არჩევნების ფოტოსურათებიანი საარჩევნო სიებით ჩატარების მნიშვნელობაზე. მინისტრი იუსტიციის სამინისტროს მიერ ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ჩატარებულ სამუშაოებსაც შეეხო. თეა წულუკიანმა ისაუბრა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობაზე, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამაზე, რომელმაც დახმარება 1143 ყოფილ პატიმარს გაუწია, აქციებზე ახალი პირადობის მოწმობების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, რომელთა ფარგლებში გაიცა 535 403 ახალი მოწმობა, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ე.წ. ქაღალდის ვერსიის აღდგენასა და მისი ვებგვერდით უსასყიდლოდ სარგებლობის საშუალებაზე, უძრავი ქონების უფლებების ელექტრონული ბაზების შექმნაზე.
    იუსტიციის მინისტრი აღსრულების ეროვნულ ბიუროში გატარებულ რეფორმებსაც შეეხო. მისი განცხადებით, უწყება მთავარ აქცენტს მხარეთა ინტერესების დაცვასა და მედიაციაზე აკეთებს, რის შედეგადაც ორი წლის განმავლობაში მორიგებით დასრულდა 8942 საქმე. ნოტარიუსთა პალატაში გატარებული რეფორმების შედეგად კი, სანოტარო მომსახურება უფრო ხელმისწვდომი გახდასაქართველოს 14 რეგიონში; სადაც აქამდე არასოდეს ყოფილა ნოტარიუსი, ნოტარიუსები გამწესდნენ. უფრო ხელმისაწვდომია სახელმწიფო სერვისები. დასრულდა ზუგდიდის იუსტიციის სახლის მშენებლობა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიგაიხსნა 10 ახალი საზოგადოებრივი ცენტრი.
    თეა წულუკიანმა საქართველოს საქართველოს ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველ კომიტეტში არჩევაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ეს საქართველოს მთავრობის ღია და გამჭვირვალე საქმიანობის შედეგია. ანგარიშის ბოლოს იუსტიციის მინისტრმა მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს არამარტო ყურადღებისათვის, არამედ იმ ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, რომელმაც დიდად განსაზღვრა სამინისტროს საქმიანობის წარმატება. “მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს, საქართველოს მთავრობის წევრებს; მადლობას ვუხდი საერთაშორისო ორგანიზაციებს იმ დახმარებისათვის, რასაც ისინი საქართველოს უწევენ; მადლობას ვუხდი არასამთავრობო სექტორსა და მედიას, რომელთა ძალისხმევის გარეშეც დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა შეუძლებელია”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები