მამუკა მამულაშვილი: ჩვენი სისხლი უკრაინაში ტყუილად არ იღვრება

„ჩვენ ვიბრძვით საქართველოსთვის, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს და ჩვენ ვიცავთ ქართველი ხალხის ინტერესებს“, – აღნიშნული განცხადება უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის ეთერში გააკეთა. მისივე განმარტებით, უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები არცერთ პოლიტიკურ ძალას არ წამოადგენენ და ისინი უკრაინაში საკუთარი სურვილით ჩავიდნენ. ამასთან, მამულაშვილის განმარტებითვე, იგი როგორც მეთაური, უკრაინაში მყოფ ქართველი ლეგიონერების სახელითაც საუბრობს.
მამუკა მამულაშვილი თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებასაც გამოეხმაურა. „თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება ანტისახელმწიფოებრივია. ჩვენი სისხლი აქ ტყუილად არ იღვრება. რაც შეეხება გარდაცვლილ ალეკო გრიგოლაშვილს, ეს არის სწორედ ის სისხლი, რომელიც თავის დროზე, როდესაც დასჭირდება საქართველოს იხმობს ათასობით უკრაინელს, რომ ჩამოვიდნენ და დაიცვან საქართველო“, – აღნიშნა მამუკა მამულაშვილმა.
ამასთანავე, უკრაინაში ქართველ ლეგიონის მეთაური თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებასაც გამოეხმაურა. „ “ირაკლი ალასანია არის ის პიროვნება, რომელიც მოვიდა მინისტრის თანამდებობაზე, თავის დროზე თანამდებობა დაატოვებინა არაერთ ვეტერეანს. მათ შორის მეც, თავდაცვის სამინისტროდან მისი მოღვაწეობის დროს ვარ წამოსული“, – აცხადებს მამულაშვილი.
უკრაინაში მებრძოლი ქართველი ლეგიონის მეთაური დაფინანსების საკითხსაც შეეხო. როგორც მამულაშვილმა განაცხადა, უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები საკუთარი ოჯახებიდან ფინანსდებიან. “თითქმის ყოველი მებრძოლი ფინანსდება საკუთარი ოჯახიდან. ყველას საკუთარი ოჯახი უგზავნის გარკვეულ თანხას”, – განაცხადა მამუკა მამულაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში გადაცემა “არჩევანში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები