დავით ლორთქიფანიძე საგამოძიებო უწყებებს კობა ნაყოფიას საქმიანობის შესწავლის თხოვნით მიმართავს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე მთავარ პროკურატურას და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის, კობა ნაყოფიას საქმიანობით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
ლორთქიფანიძე საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს, დეტალურად გამოიკვლიონ ყოფილი „მადნეულის”, „კვარციტისა” და „ზარაფხანის” პრივატიზაციის კანონიერება და ამ მოვლენებში, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის კობა ნაყოფიას ჩართულობა.
დათო ლორთქიფანიძის განცხადებით, ჯგუფს, რომელმაც ეს ობიექტები ჩაიგდო ხელში, კობა ნაყოფია ედგა სათავეში. ლორთქიფანიძის თქმით, მას ამ განცხადების გაკეთების საფუძველს აძლევს საყდრისის დაცვის კომიტეტის ზოგიერთი წევრის განცხადებები, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი კობა ნაყოფიას ხვდებიან და მასთან კავშირები აქვთ.
„ეს არის ადამიანი, რომელმაც მილიარდები დააგროვა სახელმწიფოს ხარჯზე. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოს აქამდე მოეთხოვა პასუხი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მოკალათებულნი არიან ქართული ოქროს ბიზნესში, აქეთ შემოატრიალეს ყველაფერი და გადმოსულები არიან შეტევაზე. ამის ავანგარდში, როგორც ყოველთვის, კობა ნაყოფიაა”, – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ “რეპორტიორის“ პრესკლუბში.
დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ პარლამენტში შევიდეს სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ინიციატივით, რომელიც აღნიშნული ობიექტების პრივატიზაციის კანონიერებას შეისწავლის.
„მე ვიცი, რომ ყველაფერი ამის უკან დანაშაული დგას, მაგრამ მე საგამოძიებო ორგანო არ ვარ. გამოკვლეული უნდა იყოს ობიექტების: „არ ემ ჯი კოპერის”, „არ ემ ჯი გოლდის”, ანუ – ყოფილი „მადნეულის” , ყოფილი „კვარციტის”, თბილისის საიუველირო ქარხნის, იგივე ეროვნული ზარაფხანის პრივატიზების კანონიერება და მასთან დაკავშირებული ყველა პროცესი და ყველაფერ ამაში კობა ნაყოფიას ჩართულობის ხარისხი”, – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.